კორონავირუსი და უმუშევრობა აზერბაიჯანში: 600 ათასი ადამიანი შემწეობას მიიღებს
ფოტო: JoshAppel
აზერბაიჯანის 600 ათას მოქალაქეს, რომლებმაც საკარანტონო რეჟიმის გამო სამსახური დაკარგეს, ორი თვის განმავლობაში $ 223.5-ს გადაუხდიან. შემწეობის ზომა საარსებო მინიმუმს უტოლდება, მიმღებთა რაოდენობა კი შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ განსაზღვრა.
შემწეობაზე განაცხადები ონლაინ მიიღებოდა და ახლა ეს პროცესი დასრულდა. მოცემული მომენტისთვის ფული 400 ათასმა ადამიანმა მიიღო, დანარჩენი განაცხადები ჯერჯერობით განიხილება.
უცნობია, თუ სინამდვილეში რამდენი ადამიანი დარჩა კარანტინის გამო უმუშევარი.
განაცხადის შეტანის უფლება მიეცათ მათ, ვისაც ოფიციალური და უკვე დარღვეული შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა, და იმ ადამიანებს, რომლებიც არსად არიან დარეგისტრირებული, მაგრამ სახელმწიფოსგან სხვა არავითარ შემწეობას არ იღებენ.
$113 (190 მანათი) თვეში – აზერბაიჯანისთვის ძალიან მოკრძალებული თანხაა. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, არც საბანკო სესხები და არც კომუნალური გადასახადები არ გაყინულა.
შედარებისთვის, ფიზიკური პირისთვის საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა მინიმუმ 100 მანათს შეადგენს – საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტს.
- აზერბაიჯანის “ბრწყინვალე გამარჯვება” კორონავირუსზე: რა კითხვები ჩნდება?
- „დედამთილი უფროსობს. მისთვის პასუხის გაცემის უფლება არ მაქვს“ – როგორ შეცვალა კარანტინმა ქალების ცხოვრება მარნეულში

ეკონომისტ თორღულ მაშალის მიაჩნია, რომ კარანტინისგან რეალურად დაზარალებულთა და ამგვარი შემწეობის საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა გაცილებით მეტია:
„მთავრობამ ძალიან მიახლოებით განსაზღვრა, თუ რამდენი ადამიანისთვის გადაეხადა შემწეობა. რიცხვი 600 ათასი შემთხვევით არის არჩეული, და ნამდვილ სურათს არ ასახავს. არ გამართულა არც მსჯელობა, არც კვლევა, არაფერი. სინამდვილეში რამდენი უმუშევარია ქვეყანაში, არ ვიცით“.
ოფიციალური მონაცემებით, 26 აპრილის საღამოსთვის აზერბაიჯანში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი შეადგენს1645ადამიანს, რომელთაგან 21 გარდაიცვალა, ხოლო 1139 უკვე გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში 4 მაისამდე საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. საწარმოების, ორგანიზაციებისა და კომერციული ობიექტების უმეტესობა დაკეტილია. დაკეტილია ასევე მეტრო, პარკები და სკვერები. სახლიდან გასასვლელად ადამიანებს ან სამსახურიდან ცნობა უნდა ჰქონდეთ, ან მთავრობისგან sms-ნებართვა მიიღონ.
27 აპრილიდან საკარანტინო რეჟიმი ოდნავ შერბილდა – კერძოდ, გაიხსნა მაღაზიები (გარდა სავაჭრო ცენტრებში მდებარე მაღაზიებისა), და sms-ნებართვა დღეში 3 საათით (მანამდე – ორი საათით იყო) გაიცემა.