კორონავირუსი სომხეთში: გარდაცვალების მეცამეტე და ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა. მოსალოდნელია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება
სომხეთში, კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 86 წლის ქალი.
გუშინ, 10 აპრილს, სომხეთში, კორონავირუსით ერთდროულად ორი პაციენტი გარდაიცვალა. ორივეს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აწუხებდა.
ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 966-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 173 ადამიანი.
6 484-მა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მომზადება დაავალა. თავდაპირველად, ის 16 მარტიდან 14 აპრილამდე გამოცხადდა.
12 აპრილამდე, ქვეყანაში, ასევე მკაცრად არის შეზღუდული გადაადგილება.
მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე უნდა განიხილოს. სავარაუდოდ, ის ორშაბათს, 13 აპრილს გაიმართება.
16 მარტიდან, სომხეთში დაკეტილია ყველაფერი, სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის, მეტროსი. 25 მარტიდან დაწესებულია მკაცრი შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზე. სახლიდან გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი – პასპორტითა და „გადაადგილების ანკეტით“. დამრღვევებს პოლიცია აკონტროლებს.
10 აპრილს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელების წინადადებით გამოვიდა.
„ჩვენ არ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ გავრცელება ჩერდება და 100 პროცენტით ქრება. თუკი ადრე, მაგალითად, 50 შემთხვევა გვქონდა, მაგრამ ინფიცირების ერთი წყაროდან, მაგალითად, დიდი საწარმოდან – ახლა გვაქვს 16, 20, 30 შემთხვევა, მაგრამ 10 ან 20 სხვადასხვა ადამიანიდან. შესაბამისად, კორონავირუსით ინფიცირების პროცესი უმართავი გახდა“, – განაცხადა მინისტრმა.
- „კორონავირუსით დაინფიცირების პროცესი კონტროლს აღარ ექვემდებარება“ – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი
- კორონავირუსი კავკასიაში. განახლებადი

სომხეთში აღდგომა დგება. სომხეთის აპოსტოლურმა ეკლესიამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გამო, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველად, 12 აპრილს, ქრისტეს აღდგომის დღესასწაული ტაძრებში მორწმუნეების გარეშე აღინიშნოს.
უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებს აქტიურად უჭერს მხარს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც სოციალურ ქსელებში წერენ, რომ არ აპირებენ სახლში დარჩენას და აუცილებლად წავლენ სააღდგომო მსახურების მოსასმენად.

სომხეთში, აღდგომას, მიღებულია მაგიდის გაწყობა შეღებილი კვერცხით, სადღესასწაულო ფლავით, თევზით, მწვანილითა და ღვინით. ტრადიციას არც ახლა არღვევენ
ერევნის ბაზარში ბევრი ადამიანია. ბევრი მათგანი ნამდვილად არ იცავს დისტანციას და არ ატარებს ნიღაბსა და ხელთათმანს. ამასთან, სომხეთში ბევრს მსჯელობენ ნიღბების სარგებლიანობაზე და ჯანდაცვის მინისტრმაც კი ეჭვის ქვეშ დააყენა მათგან მიღებული სარგებელი.