მოლდოვა: კორონავირუსი და თვითმკვლელობები
მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი თვითმკვლელობა ხდება. 15-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შორის ავტოკატასტროფების შემდეგ თვითმკვლელობა გარდაცვალების მეორე ყველაზე ხშირი მიზეზია. თვითმკვლელობის 79 პროცენტი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ხდება. ექსპერტების აზრით, კორონავირუსის პანდემია უარყოფითად მოქმედებს ადამიანთა ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მოლდოვური გამოცემის Ziarul de Gardă- ს ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს სიტუაცია თვითმკვლელობებთან დაკავშირებით მოლდოვაში პანდემიის დროს.
მასალის სრული ვერსია Ziarul de Gardă-ს ვებ – გვერდზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე თვითმკვლელობის მაჩვენებელი 2000 წლიდან მეოთხედზე მეტით შემცირდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოლდოვაში ოდნავ შემცირდა თვითმკვლელობების რიცხვი, მაგრამ ის მაინც საკმაოდ მაღალია და რაც მთავარია, სპეციალისტების შიშობენ, რომ მათ რიცხვზე გავლენას მოახდენს კორონავირუსის პანდემია, რომელსაც ვერც მოლდოვა გადაურჩა.
2019 წელს მოლდოვაში თვითმკვლელობის 467 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ერთი წლით ადრე – 489 შემთხვევა.
•„დაიბანეთ ხელები ტელევიზორის შემდეგ“ – ყალბი ამბები, რომლებიც სიკვდილში გეხმარებიან
• მოლდოვა: სექს-სკანდალები, როგორც პოლიტიკის მოქმედი ინსტრუმენტი
• მოლდოვა: “ცრუ” ლტოლვილთა საბადო ევროპაში
“დეპრესია ართულებს ექიმების მუშაობას”
ივლისში ექიმებმა COVID-19 -ით დაავადებული 48 წლის პაციენტის ცხედარი იპოვეს. ქალმა თავი საშხაპის შლანგით საავადმყოფოს პალატის აბაზანაში ჩამოიხრჩო. ექიმები ვარაუდობენ, რომ ვირუსმა შესაძლოა გავლენა მოახდინა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და რომ პაციენტს, სავარაუდოდ, დეპრესია ჰქონდა. ეს იმ დროს, როცა მისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა და მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.
”დაავადებული პაციენტების უმეტესობა დეპრესიაშია, რადგან დაავადების ეშინიათ. როდესაც ისინი ხედავენ, თუ როგორ ვითარდება პათოლოგია სხვა ადამიანებში, თუ მათ პირადად იციან სიკვდილის შემთხვევები, ზოგიერთ პაციენტს იმედი ეკარგება და ფიქრობს, რომ მაინც მოკვდება, ისინი უარს ამბობენ საკვებსა და წვეთოვანზე”, – ამბობს გასტროენტეროლოგი ვერონიკა ცუგალსკაია, ერთ – ერთ კლინიკაში გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსი.
პაციენტების მდგომარეობა რომ არ გაუარესდეს და იგივე აღარ განმეორდეს, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ და საჭიროების შემთხვევაში ანტიდეპრესანტებს უნიშნავენ.
რატომ არიან ახალგაზრდები უფრო მიდრეკილები თვითმკვლელობისკენ?
განვითარებად ქვეყნებში ახალგაზრდებში თვითმკვლელობის პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, ამბობს ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ანდრეი ეშანუ.
”მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ახალგაზრდები მომავალს ვეღარ ხედავენ. განვითარებულ ქვეყნებში, შესაძლოა, თავის როლს საშუალო ასაკის კრიზისი თამაშობს, 40-50 წლის ასაკში ის ასოცირდება არა იმდენად ეკონომიკურ ვითარებასთან, რამდენადაც სხვა ასპექტებთან, როგორიცაა ოჯახი ან პირადი ცხოვრება“, – ამბობს ეშანუ.
ანა (სახელი შეცვლილია) 18 წლისაა, იგი კიშინიოვის უნივერსიტეტში სწავლობს. გოგონა ამბობს, რომ პირველად თვითმკვლელობაზე გასულ წელს დაფიქრდა, როდესაც კონფლიქტები მშობლებთან გახშირდა.
”მეგონა, რომ ჩემზე არავინ ზრუნავს. მშობლებთან საერთო ენა ვერ ვიპოვე, ამიტომ ასეთმა ფიქრებმა შემაწუხა. ერთ წელზე მეტია დეპრესიაში ვარ, ”- ამბობს ის. კორონავირუსის პანდემიამ მას კიდევ უფრო არასასიამოვნო შეგრძნება გაუჩინა. ”ესეც ცუდია. თითქოს გამოსავალს ვერ ხედავ და ეს მდგომარეობა მძაფრდება ”, – ამბობს ანა.
გოგონას ქცევის ცვლილება მისმა მეგობარმა შენიშნა და შეეცადა დახმარებოდა, აუხსნა, რომ ის მარტო არ იყო. ახლა ანა აპირებს დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართოს. იგი იმედოვნებს, რომ დედა დათანხმდება ფსიქოლოგთან მისვლას, რაც მათ ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
დეპრესია და კორონავირუსი
როდიკა (სახელი შეცვლილია) 67 წლისაა. ის მედდად მუშაობდა და ახლა პენსიაზეა. მას დეპრესიის სიმპტომები პირველად 35 წლის ასაკში გამოუვლინდა. იმ დროიდან ის მედიკამენტებით მკურნალობდა. როდიკა ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ შფოთვებმა ის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა – მან აბები დალია.
ახლა ის აცხადებს, რომ თავს უკეთესად გრძნობს, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ გავლენა მოახდინა მის მდგომარეობაზე, რადგან, მისი თქმით, ასეთ დროს ადამიანი თავს ისე გრძნობს, თითქოს გალიაშია და გამოსვლა არ შეუძლია.
”რა თქმა უნდა, ამ პერიოდმა ჩემზე გავლენა მოახდინა, რადგან დიდხანს მომიწია სახლში ყოფნა. წამლებს ვსვამდი, შემდეგ ნელ-ნელა ქუჩაში გამოსვლა, სეირნობა დავიწყე. (კანანტინის) პირველი თვეები ძალიან რთული იყო ”, – ამბობს როდიკა.
მოლდოვაში ე. წ. “ანტისუიციდის მწვანე ხაზი” არსებობს, რომელიც მოხალისეობრივ საწყისებზე მოქმედებს. ასევე პანდემიის დროს შეიქმნა რამდენიმე გვერდი Facebook– ზე, სადაც ფსიქოლოგთა ჯგუფი უფასოდ ემსახურება მათ, ვისაც პანდემია შეეხო – თავად ინფიცირებულია ან ახლობელი დაკარგა. მაგრამ ბევრმა ამ მომსახურების შესახებ არ იცის.
“მედიაქსელის” მხარდაჭერით