ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები რუბიოსგან ოცნების 'ანტიამერიკულ' რიტორიკაზე საპასუხო ზომებს ითხოვენ
კონგრესმენები და სენატორები რუბიოს მიმართავენ
აშშ-ს გავლენიანი დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორების და კონგრესმენების ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, მარკო რუბიოს მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის სახელმწიფო სამსახურების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართული ოცნების ანტიამერიკული რიტორიკის სამიზნეები უსამართლოდ გახდნენ.
წერილში კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, არაერთხელ დააფიქსირა სურვილი აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ, თუმცა ბოლო განცხადებები და ქმედებები საპირისპიროს აჩვენებს.
“ჩვენ მოგიწოდებთ, რომ სასწრაფოდ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა დაიცვათ აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც უსამართლოდ გახდნენ საქართველოს მთავრობის ანტი-ამერიკული ქმედებების სამიზნეები. საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც ქართული ოცნება ხელმძღვანელობს, არაერთხელ გამოაცხადა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის სურვილი, თუმცა მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროზე მიუთითებს, მოგიწოდებთ, მოითხოვოთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნებიან ცილისწამების ობიექტები ან თავდასხმის სამიზნეები” – წერია დოკუმენტში.
მათივე თქმით, აშშ-ის მთავრობა დამოკიდებულია ადგილობრივ პერსონალზე და მათი დაცვა აშშ-ის ვალდებულებაა.
“თუ ჩვენ არ დავიცვათ ჩვენს პერსონალს უცხო ქვეყნის მთავრობის თავდასხმებისგან, ეს შეზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, დავასაქმოთ პერსონალი და განვახორციელოთ აშშ-ის პოლიტიკა დანარჩენ მსოფლიოში. მოგიწოდებთ, რომ დაგმოთ ეს თავდასხმები”, – ამბობენ სენატორები.
დოკუმენტში საუბარია მამუკა მდინარაძის ანტიამერიკულ განცხადებებზეც:
“პირველ ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სუს-ის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით. ეს სინამდვილეში იყო სამსახურიდან გათავისუფლების ანაზღაურება… “ოცნება” არ ამჟღავნებს სერიოზულ განზრახვას, რომ გააუმჯობესოს აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობები.”
მიმართვას ხელს აწერენ სენატორი ჯინ შაჰინი, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი, სენატორი ჯონ კურტისი, კონგრესმენი ჯო უილსონი და კონგრესმენი სტივ კოენი.
4 ოქტომბერს “რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და “ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებების გამო, რომლებიც “ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსებას“ უკავშირდება.
ელჩის დაბარებამდე რამენიმე დღით ადრე, აშშ-ის საელჩოს გავლით, ტაილანდიდან რევოლუციური მიზნების დაფინანსებაზე სიუჟეტი მოამზადა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედმა“ და განცხადებების გააკეთეს “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ იმავე “იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ “გაშიფრეს“ სხვადასხვა არხი, რომლითაც საქართველოში რევოლუციური მიზნები ფინანსდება.
მამუკა მდინარაძემ თქვა: “ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი საელჩოს ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს. ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ, დავუშვათ, კი ბატონო, ებრძოლოს — მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი — ჩინურ საფრთხეებს და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება.“
“ნეტგაზეთი” აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხს ავრცელებს, რომელიც გამოცემამ წერილობით მიიღო. სახდეპში გამოცემას განუცხადეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია “არასწორად წარმოაჩენდა” აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.