“კლინიკების ასოციაციის” პრეზიდენტი ვილი პაჭკორია განცხადებას ავრცელებს და კლინიკების ხელმძღვანელებს და ექიმებს მოუწოდებს ბოიკოტისკენ იქამდე, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
პაჭკორიას თქმით, ბოიკოტის ფარგლებში ექიმებმა და კლინიკებმა სამედიცინო დახმარება არ უნდა გაუწიონ მთავრობის მაღალჩინოსნებს, პრემიერსა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს.
“კოლეგებო! სანამ მესამე პრეზიდენტს არ მიეცემა შერეული ტიპის პოლიპროფილურ სტაციონარში (ტიპი-C) სრულფასოვანი მკურნალობის უფლება, პროტესტის ნიშნად გამოვაცხადოთ უპრეცედენტო ბოიკოტი და არ გავუწიოთ სამედიცინო დახმარება მთავრობის მაღალჩინოსნებს, მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს!!
ჩვენი ვალდებულებაა განსაცდელში მყოფი, ნებისმიერი პაციენტის კვალიფიციური დახმარება და სიცოცხლის შენარჩუნება, მისი პოლიტიკური შეხედულების, რწმენისა და სქესის მიუხედავად!!”, – წერია ასოციაციის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი მსჯავრდებულია, ორ საქმეზე კი ბრალდებული.
ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის N12 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.
ადვოკატები ითხოვენ, რომ მოშიმშილე პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ციხის საავადმყოფოში არც მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობს და არც უსაფრთხო გარემო ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელსაც ბევრი მტერი ჰყავს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებს შორის.
ციხის საავადმყოფოში გადასვლას არც თავად სააკაშვილი თანხმდება. ამ დრომდე, იგი კატეგორიულ უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზეც.