ხორბლისა და ღვარძლის ამბავი
გორის რაიონის სოფელი ნიქოზი ცხინვალს ესაზღვრება. სოფლის ბოლოს, 500 მეტრში რუსი სამხედროები და რუსული საგუშაგოა.
ნიქოზი კონფლიქტის ზონაა.
ყოველი წლის 1 სექტემბერს აქ განსაკუთრებულად ელოდებიან. უკვე მეექვსე წელია, სოფელი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს.
წელსაც ნიქოზში დიდი სტუმრიანობაა. ცნობილი ანიმატორები საკუთარ ნამუშევრებს წარადგენენ და ახალბედა ანიმატორებს მასტერკლასებს უტარებენ.
ახალბედა ანიმატორები კი ნიქოზში ბევრნი არიან. 2013 წლიდან სოფელში “საკვირაო სკოლა” მოქმედებს, სადაც ბავშვებს ანიმაციას, კომპიუტერულ გრაფიკას, ხელსაქმეს, კერამიკას, ხატვას, მუსიკას და ინგლისურს ასწავლიან. აქ ჩრდილების თეატრის სახელოსნოც ფუნქციონირებს. სკოლაში, რომელიც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის მეუფე ისაის ინიციატივით გაიხსნა, კონფლიქტის ზონის 120-მდე ბავშვი დადის.
წლევანდელი ფესტივალისთვის ნიქოზელმა ანიმატორებმა ფილმი “ხორბალი და ღვარძლი” მოამზადეს. სწორედ ამ ფილმით გაისხნა 1 სექტემბერს ფესტივალი, რომელიც ერთი კვირა გასტანს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთად, ფესტივალს მხარდამჭერებს შორის არიან ეროვნული კინოცენტრი, დიუმას ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი და იტალიის საელჩო.
ნიკა მჭედლიძე, 15 წლის, სოფელი ნიქოზი
“ფილმზე შვიდმა მეგობარმა ვიმუშავეთ. მის მოსამზადებლად წელიწადნახევარი დაგვჭირდა. სცენარი სახარებისეული იგავის მიხედვით არის დაწერილი. “ხორბალი და ღვარძლი” – ასე ჰქვია. ამ ანიმაციით მაყურებელს ვეუბნებით, რომ სამყაროში არსებობს კეთილი და ბოროტი, მათი ერთმანეთისგან გარჩევა უნდა ვიცოდეთ და კეთილი ცხოვრებით ვიცხოვროთ.”
ქეთი თედეევი, 14 წლის, სოფელი ნიქოზი:
“დღეს აქ ჩემს ძმებთან ერთად მოვედი. მგონი, მათ ჩემზე მეტად უხარიათ, რომ ფესტივალზე ჩემი ფილმიც უნდა აჩვენონ. მე და ჩემს მეგობრებს, ამ ფილმის გარდა, კიდევ 3 ანიმაცია გვაქვს გაკეთებული. ჩემს მშობლებს უხარიათ, ამით რომ ვარ დაინტერესებული. ამბობენ, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობა უკვე წარმატებაა.”
ნიკა კობერიძე, 14 წლის, სოფელი ნიქოზი:
“ამ ფესტივალს მთელ წელიწდს ველოდები ხოლმე. ანიმაციური ფილმების შექმნას საკვირაო სკოლაში მეც ვსწავლობ. ძალიან საინტერესო პროცესია. თემას ძირითადად იგავებიდან, სახარებიდან ვარჩევთ. შემდეგ ვწერთ ჩანახატებს, რომლებიდანაც სცენარისთვის ვარჩევთ ერთს, ყველაზე კარგს. მერე ამ სცენარის მიხედვით ხატვას ვიწყებთ. ყველა კადრი სათითაოდ იხატება ფურცელზე. ამ ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებთ, თუმცა მასწავლებლებიც გვყვავს: გელა მასწავლებელი და ელენე მასწავლებელი. ელენე მასწავლებელი ჩვენ ნახატებს კომპიუტერში აწყობს და გამოდის ფილმი.”
ლუკა 12 წლის, სოფელი ნიქოზი:
“მე ყველაზე მეტად ჩრდილების თეატრი მაინტერესებს. ხატვაც მიყვარს, მაგრამ ჩემ დას რომ ვუყურებ, მეც ანიმაციის სწავლა მინდება. ჩემი და უკვე ფილმებს აკეთებს. ალბათ მეც გავხდები ანიმატორი და მაგარ ფილმებს გავაკეთებ. ეს ღონისძიება ძალიან კარგია ბავშვებისთვის. მოვლენ უყურებენ, მერე რაღაცის სწავლა მოუნდებათ. ბავშვებს ძალიან გვინდა ხოლმე, რომ გავერთოთ. ხან გორში დავდივართ კონცერტებზე, ხან აქ ჩვენ თვითონ ვმღერით და კონცერტებს ვატარებთ.”
მერაბ კვიწინაძე, 78 წლის, სოფელი ნიქოზი
“ნიქოზი ჩემი მშობლიური სოფელია. 2008 წლის ომის შემდეგ აქაურობა ძალიან დაზარალდა. ცხოვრებაც გართულდა. ზოგი სახლი რუსების საგუშაგოს გაჰყურებს. ამასთან შეგუება მარტივი არ არის. თან აქ ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. “საკვირაო სკოლის” გარდა, ახალგაზრდებს სხვა თავშესაქცევი არ აქვთ. ამიტომ ყველა გახარებულები ვართ, რომ ეს ფესტივალი ტრადიციად იქცა. ეგეც რომ არა, არაფერი ხალისი არ ექნებოდა აქ ცხოვრებას.”
სესილი ხუციშვილი, 76 წლის, გორი
“რაც ეს ფესტივალი ტარდება, აქ ყოველ წელს ჩამოვდივარ. პირველ რიგში იმიტომ, რომ სოფელში სიცოცხლე არ ჩაკვდეს. აუცილებელია, აქაურებმა იგრძნონ, რომ ჩვენ მათთან შეხვედრა, მათთან საუბარი გვიხარია. ეს სოფელი არ უნდა დაიცალოს. აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს საინტერესო ცხოვრება უნდა შევუქმნათ.”
ნიკოლოზ მარიამიძე , 11 წლის, პიანისტი
“მე 11 წლის ვარ. ნიქოზში ვცხოვრობ. ძალიან მიყვარს დაკვრა. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩვენს სოფელში ამდენი სტუმარი ჩამოდის, კონცერტებს და ფესტივალებს მართავდეს. ამ ფესტივალს ყოველთვის ძალიან ველოდებით. როცა ვუკრავ და ხალხი მისმენს, სულაც არ ვნერვიულობ. მგონი, მივეჩვიე.”
ლიკა სიდამონიძე, 18 წლის, სტუდენტი
“მგონია, რომ ჩვენი სოფლის შესახებ ყველამ ამ ფესტივალის შემდეგ გაიგო. ამ დღეებში სოფელი სხვანაირი, უფრო მხიარული და ხალისიანი ხდება. საკვირაო სკოლის გარდა, ახალგაზრდებისთვის სხვა არაფერი არსებობს. ჩემი აზრით, ეს სკოლა ერთადერთია, რაც ბავშვებს ახალ ინტერესებს უჩენს.“