ხმაური ზუგდიდში: ხმების გადათვლის შედეგად, საკრებულოში ენმ-მ ერთი მანდატი დაკარგა
გაზიარება
გაზიარება
ამ წუთებში ხმაური და არეულობაა ზუგდიდში, სადაც ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთი მანდატი და გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.
მანამდე, ენმ-ს საკრებულოში 23 დეპუტატი ჰყავდა, ახლა კი – 22. ამ დროის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 20 დეპუტატი ჰყავს, გახარიას პარტიას 2, ერთი კი გაუნაწილებელი მანდატია.
ზუგდიდში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები – ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და თამარ კორძაია. ნიკა მელიას თქმით, ზუგდიდში ქართულმა ოცნებამ უკანონოდ გადათვალა ხმები და მათი მაჟორიტარობის კანდიდატი პირველივე ტურში დამარცხებულად გამოაცხადა. შედეგად, ენმ-მ ზუგდიდის საკრებულოში ერთი მანდატი დაკარგა.
“სანამ ყველას გვეძინა, მოხდა შემდეგი: მთელმა საქართველომ იცის, რომ ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა… გუშინ ღამით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა, სრულიად უკანონოდ გადათვალეს ხმები, ასე ქურდულად და ერთ-ერთ ჩვენს გამარჯვებულ მაჟორიტარს, ხმების გადათვლის შემდეგ ჩაუთვალეს პირველ ტურში მარცხი. ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხმის გადათვლის შემდეგ დამარცხებულად გამოაცხადა”, – თქვა ნიკა მელიამ ვიდეომიმართვაში, რომელიც მან ზუგდიდიდან ჩაწერა.
ენმ-ის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის, ანი წითლიძის თქმით, ოლქი წინასწარ გახსნეს და ამის გამო მიიღეს ხმების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება. მისივე განმარტებით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ საკითხზე პროკურატურას აუცილებლად მიმართავს.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა – უკვე დათვლილია ბიულეტენების ასი პროცენტი. გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ” 46.47 პროცენტით, მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა” 30.68 პროცენტი და მესამეზე “გახარია საქართველოსთვის” 7.79 პროცენტით.