დასავლეთთან დაშორება, ემიგრაციის ზრდა. რა ელის საქართველოს 2026 წელს - პროგნოზი ხელოვნური ინტელექტისგან
ხელოვნური ინტელექტის პროგნოზი
ხელოვნური ინტელექტის ხუთ სხვადასხვა მოდელს – ChatGPT-ს, Grok-ს, Claude AI-ს, DeepSeek AI-სა და GigaChat-ს, ვკითხეთ რა ელის საქართველოს 2026 წელს.
კითხვები ინგლისურად დავსვით, პასუხები კი მეტი სიცხადისთვის შევამოკლეთ. ზოგ შემთხვევაში, გამოვიყენეთ პირდაპირი ციტატები.
შეინარჩუნებს თუ არა “ქართული ოცნება” ძალაუფლებას 2026 წლის ბოლომდე?
ChatGPT: “დიდი ალბათობით, მაგრამ არა გარანტირებულად”. 2026 წლის ბოლოს, ხელისუფლებაში მათი დარჩენის ალბათობაა 55-65%.
მთავრობა მხოლოდ დიდმა, ორგანიზებულმა წნეხმა შეიძლება ჩამოშალოს. მაგრამ “ქართული ოცნება აკონტროლებს ყველა საკვანძო ინსტიტუტს (საპარლამენტო უმრავლესობა, სასამართლოები, უსაფრთხოების სამსახური, მედია), რაც უადვილებს გადარჩენას”.
ამასთანავე, დანაწევრებულია ოპოზიცია, რომელიც “ვერ თარგმნის საზოგადოებრივ უკმაყოფილებას ხანგრძლივ პოლიტიკურ ზეწოლაში”. მოკლედ, “ქართული ოცნება” გადარჩება, მაგრამ იქნება “იმაზე უფრო სუსტი, დანაწევრებული და ავტორიტარული, ვიდრე დღესაა”.

Grok: დიდი ალბათობით, კი. ამას მოახერხებს “ინსტიტუტების კონტროლისა და მოწინააღმდეგეების დევნის”, ასევე “ეკონომიკური ზრდისა და რუსეთთან პრაგმატული კავშირების” წყალობით. ხელახალი არჩევნების დასანიშნად ხელსაყრელი მომენტი ოპოზიციამ ხელიდან უკვე გაუშვა.
“რეჟიმის შეცვლას სჭირდება პროტესტის ძალადობაში გადაზრდა, ან ერთობლივი საერთაშორისო ზეწოლა (მაგალითად, EU-ს ვიზების გაუქმება), თუმცა ახლა სახეზეა დემონსტრანტების გადაღლა და ქართული ოცნების მდგრადობა”.
Claude AI: დარჩება, 75-80%-იანი ალბათობით. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ქართული ოცნების ხელშია. ეს დააგვირგვინა 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივმა არჩევნებმა.
ხელისუფლებამ გააძლიერა რეპრესიები. “რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. [ევროკომისია 7.3%-ს მოელის] ეს კი მთავრობას აძლევს უსაფრთხოების ბალიშს, რომელიც არ ჰქონდათ 2014 წელს უკრაინულ და 2018 წელს სომხურ რეჟიმებს”.
ოპოზიციის გამარჯვებას სჭირდება “დრამატული ესკალაცია”, რომელიც ქუჩაში გამოიყვანს ნეიტრალურ ადამიანებს, განხეთქილება ხელისუფლების შიგნით, ან დასავლეთის მტკიცე ზეწოლა.
მოკლედ, “ქართული ოცნების” მოდელი ბაძავს სლოვაკეთსა და უნგრეთს და ამჟამად თითქოს არაფერი ემუქრება.
DeepSeek AI: პასუხია კი. ალბათობა – დაახლოებით 70%. “მთავარი რისკი იქნება დიდი არეულობა და განხეთქილება საკვანძო ელიტებში, რამაც შეიძლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოიწვიოს”.
GigaChat: “არ გამაჩნია საკუთარი აზრი და არ ვავრცელებ ჩემი შექმნელების მოსაზრებებს… გაუგებრობების თავიდან ასარიდებლად, სხვადასხვა თემებზე საუბარი დროებით შეზღუდული მაქვს”.
2026 წლის ბოლოს, იქნება თუ არა საქართველო უფრო შორს ევროკავშირში და ნატოში წევრობისგან?
ChatGPT-მ, Grok-მა და Claude AI-მ თქვეს, რომ საქართველო ორივეს საგრძნობლად ჩამოშორდება.
ChatGPT: ამის ალბათობა 60-70%-ა. ეს მოხდება “შიდა პოლიტიკური არჩევანისა და არა გარედან უარყოფის გამო… ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს სულ უფრო უფრთხიან და არ დაიჭერენ საქმეს მთავრობასთან, რომელიც არასანდოდ ეჩვენებათ.”
Grok: ამის ალბათობა 80%-ია, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო. ბრიუსელში ამბობენ, რომ საქართველო კანდიდატი “მხოლოდ სახელითაა”. რეფორმების გარეშე, ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ გაიხსნება. “2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება ნაკლებსავარაუდოა”.
წლის მოვლენების არქივი: 2024 წელი, 2023 წელი, 2022 წელი, 2021 წელი, 2020 წელი, 2019 წელი, 2018 წელი, 2017 წელი, 2016 წელი, 2015 წელი
Claude: 2026 წლის ბოლოს საქართველო კიდევ უფრო იზოლირებული შეხვდება. თბილისი ბრიუსელს კიდევ უფრო დაშორდება, რადგან, სავარაუდოდ, გააგრძელებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, დემონსტრანტების წამებას და ანტიევროპულ რიტორიკას.
DeepSeek AI ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას “ოდნავ დაუახლოვდება”,
GigaChat-ს კი ლაპარაკი ისევ არ უნდა.
რამდენი ქართველი წავა ემიგრაციაში 2026 წელს?
ChatGPT, Grok და Claude AI დაახლოებით ერთნაირ რიცხვებს ასახელებენ: 60-80 ათას ადამიანს. მიზეზად ეკონომიკური შესაძლებლობების არარსებობას, პოლიტიკურ კრიზისსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გაყინვას ასახელებენ.
Claude AI: 2026 წელს ე.წ. “პოლიტიკური ემიგრაციის ტალღაა” მოსალოდნელი. ეს იმიტომ, რომ ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოება “უსამშობლო ფსევდო-ელიტად” შერაცხა.
თანაც, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება. ამიტომ შესაძლებელია, ხალხმა სცადოს ქვეყნის დატოვება ე.წ. ფანჯრის დახურვამდე – ანუ ვიზების შემოღებამდე. ამ შემთხვევაში, ემიგრანტთა რიცხვმა შეიძლება 100 ათასსაც მიაღწიოს.
DeepSeek AI: 20 – 30 ათასი
GigaChat: 10 – 20 ათასი, თუ საქართველო “შეინარჩუნებს სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას”.
უკრაინის ომი თუ დასრულდება?
ChatGPT, Grok და Claude AI ამბობენ, რომ ომი არ დასრულდება, მაგრამ შესაძლოა დროებითი ზავი ვიხილოთ.
ChatGPT: კონფლიქტის გაყინვის ალბათობა 40-50%-ია. რუსეთი სანქციების ზეწოლას უძლებს, უკრაინა კი არ ნებდება.
Grok: რუსეთი დონეცკის ოლქში წინ ძალიან ნელა მიიწევს და თან დიდი დანაკარგებით. ამ ტემპით რეგიონს 2027-2028 წლამდე ვერ დაეუფლება. იმის ალბათობა, რომ ომი 2027 წელსაც გაგრძელდება, 75%-ია.
Claude AI: გაუგებარია, რას აპირებს პუტინი. შესაძლოა მისი მიზანი, უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობა და არა უბრალოდ ტერიტორიების ხელში ჩაგდებაა. შესაძლოა, 2026 წელს ვიხილოთ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, მაგრამ ომი ალბათ არ დასრულდება.
DeepSeek: კონფლიქტი გაიყინვის ალბათობა 60%-ია. “ომის საბოლოო დასრულებას სჭირდება მოულოდნელი პოლიტიკური ცვლილებები”.
GigaChat: “ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებ. შესაძლოა, ის უკავშირდება რაიმე არაერთგვაროვან, ან მგრძნობიარე თემას”.
ChatGPT ამერიკულ კომპანიას, OpenAI-ს ეკუთვნის.
Grok ეკუთვნის xAI-ს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცის, ილონ მასკის შექმნილია.
Claude AI-ს მფლობელი ამერიკული კომპანია Anthropic-ია.
DeepSeek AI 2023 წელს შექმნა ჩინურმა კომპანიამ, High Flyer-მა. მოდელი ემორჩილება ჩინური კომუნისტური პარტიის ცენზურას.
GigaChat-ს ფლობს რუსული კორპორაცია სბერბანკი. იგი ასევე იცავს კრემლის ცენზურას.