ხელისუფლება: სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეგვიშალა ხელი. სააკაშვილია ოლიგარქი
ხელისუფლება ევროკომისიაზე
მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა, ხელისუფლებაში პირველი კომენტარები გაკეთდა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპულ პერსპექტივაზე გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ხელისუფლების დამსახურებაა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით სწორედ “ჩვენი ხელისუფლების პირობებში.” მისივე განმარტებით, დეოლიგარქიის შესახებ ევროკომისიის ჩანაწერი ეხება მიხეილ სააკაშვილს და დავით კეზერაშვილს და არა ბიძინა ივანიშვილს.
“ბუნებრივია. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავისი კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა, ის არის ფილანტროპი და ქველმოქმედი, გარდა ამისა, მან 2012 წელს დაასრულა სისხლიანი რეჟიმი, აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება საუბარი აქ ბიძინა ივანიშვილზე”, – ამბობს კობახიძე.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. კობახიძის მტკიცებით, “წლები ველოდით ევროპულ პერსპექტივას, გვიხარია, რომ კომისიამ ოფიციალურად აღიარა.”
ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობდა როდესაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სტატუსზე უარის შემთხვევაში “ყველაფერს ფარდას ახდიდა”, კობახიძე პასუხობს:
“ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს, ბუნებრივია, არაფრის ფარდის ახდას არ ვაპირებთ. საუბარი იყო სწორედ იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომლებმაც რაღაცები განაპირობა, მაგრამ საბედნიეროდ, რაღაცები ვერ განაპირობა.”
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
პირველი რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
“ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”, “ევროპარლამენტი ფეიკების მსხვერპლი გახდა”, “ევროპარლამენტარებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ” – ამ და მსგავსი განცხადებებით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.