კელი დეგნანი: ახლა, როგორც არასდროს, აშშ დადგება ქართველი ხალხის გვერდით
კელი დეგნანი საქართველოზე
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვაშინგტონში ვიზიტს ასრულებს და ქვეყანაში კვირის ბოლოს ბრუნდება. მანამდე კი მან სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
“პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი და სხვები სრულად ორიენტირებულები არიან პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზების ძიებაზე. ეს რჩება შეერთებული შტატების მთავარ პრიორიტეტად.
ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მზად უნდა ვიყოთ უარესისთვის. ორმხრივად და მრავალმხრივად, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩართულები ვართ უწყვეტ დიპლომატიაში, რათა გავაუმჯობესოთ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება. ეს გულისხმობს, მათ შორის, საქართველოს მთავრობასთან მუშაობას და ინფორმაციის გაცვლას მრავალი სხვადასხვა არხით, რასაც გავაგრძელებ, როცა თბილისში დავბრუნდები“, – ამბობს დეგნანი.
ელჩის განმარტებით, ქართველებმა, ისევე როგორც უკრაინელებმა, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. სწორედ ამიტომ, აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერაა, “დაფუძნებული ჩვენს საერთო ღირებულებებზე, თავისუფლების სიყვარულზე.”
“ვაშინგტონში ჩემს შეხვედრებზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება მტკიცედ და მკაფიოდ წარმოჩინდა. ჩვენ 30 წელია, ამაზე ვმუშაობთ. ახლა, როგორც არასდროს შეერთებული შტატები დადგება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და იმსახურებენ – სტაბილური, უსაფრთხო, აყვავებული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში”. – აცხადებს კელი დეგნანი.
● სანქციები და „დიდი ომის“ მოლოდინი. რა ხდება უკრაინის გარშემო
● “საქართველო კატეგორიულად გმობს დონეცკის და ლუგანსკის აღიარებას” – თბილისის რეაქცია
● უკრაინა, აშშ, რუსეთი, ირანი, ტაივანი: მსოფლიო ჯერარნახული კრიზისის წინაშე?
19 თებერვალს, უკრაინაში გამწვავებული საომარი ვითარების ფონზე, მიმართვა გაავრცელა აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და კელი დეგნანის მოადგილემ რაიან ჰარისმაც. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ უკრაინის და საქართველოს გვერდით იდგება. ასევე, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, აშშ დიპლომატიის გზას ირჩევს და რუსეთსაც მოუწოდებს დეესკალაციისკენ.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.
ამის პასუხად გერმანიამ და აშშ-მ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კი რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს: როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ბრიტანული სანქციები შეეხო ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს – გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს.
სანქციები შეათანხმა ევროკავშირმაც, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატს შეეხება, სწორედ მათ, ვინ მიმართა ვლადიმირ პუტინს, რომ დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ასევე, აღიარების გამო სანქციები შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.
გუშინ რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტს – VEB და სამხედრო ბანკს. ასევე, სანქციები გატარდება რუსული ელიტისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებში ჯარების დამატებით ნაწილებსაც გადაისვრის.