კელი დეგნანი: სანქციები ჩვენი ერთ-ერთი ბერკეტია
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ “სანქციები აშშ-ის ერთ-ერთი ბერკეტია” და სტრატეგიული პარტნიორი ძალიან იმედგაცრუებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დამტკიცებასთან დაკავშირებით.
ეს მიმდინარე კვირაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-დან საქართველოსთან მიმართებაში ისმის სიტყვა “სანქციები”. მანამდე საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამოყენებაზე განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა, როდესაც 5-6 ივლისის მოვლენები შეაფასა.
დღეს განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. სახდეპი შეშფოთებას გამოთქვამს 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ 6 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების გამო და ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, შეეჩერებინათ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ მაინც გაამწესა.
ეს გადაწყვეტილება არღვევს შარლ მიშელის 19 აპრილის ხელმოწერილ დოკუმენტსაც, რომელშიც წერია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
“ვფიქრობ საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებიდან ჩანს, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ ამ პროცესით, მას შემდეგ, რაც ბევრი შეხვედრის შემდეგ, [მოსამართლეების დანიშვნის] შეჩერებას ვითხოვდით. ეს ის იყო, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდნენ, რომ დანიშვნები შეჩერებული იქნებოდა მანამ, სანამ მრავალპარტიული ინკლუზიური სასამართლო რეფორმა არ გატარდებოდა, რაც ჯერ არ მომხდარა. ამიტომაც ვართ მოსამართლეთა დანიშვნით იმედგაცრუებულები”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, პარლამენტს შეეძლო პროცესი შეეჩერებინა, მაგრამ ამაზე უარი თქვეს.
“ვიტყოდი, რომ აშშ-ს განცხადებები, სახელმწიფო მდივნის ჩათვლით, არაა ნაჩქარევად გაკეთებული. ესაა წუხილის გზავნილები საქართველოსთვის, სტრატეგიული პარტნიორისთვის, რაც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული და არ უნდა ჩაითვალოს ნაჩქარევად”, – ამბობს კელი დეგნანი.
__________________________________________________
● აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით
● ევროკომისია: მოსამართლეების დანიშვნამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს დახმარების გამოყოფაზე
●“კლანი უნდა დასრულდეს” – იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლეები აქციის ფონზე აირჩია
___________________________________________________
არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წლებია საუბრობენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლებას ექვემდებარება და მათ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.
“სასამართლო კლანი” მოხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშშიც, რომლის მიხედვით, კლანი ახშობს კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე, როგორც იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში.
მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია 26 მაისს გამართულმა კონფერენციამაც, სადაც მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია. კონფერენცია აქციის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
კონფერენციას მაშინაც წინ უძღოდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატების კრიტიკა. ნაზი ჯანეზაშვილმა კი საბჭოში 4 მოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესი “კლანის მიერ თადარიგის დაჭერად” შეაფასა და განაცხადა, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლოში ე.წ. კლანის გავლენები გაძლიერდება. არამოსამართლე წევრის აზრით, თუკი პროცესი არ შეჩერდება, კლანს ექნება სრული ძალაუფლება იმისათვის, რომ მოსამართლეები დაბრკოლებების გარეშე დანიშნოს.