კატარმა ულტიმატუმს უპასუხა
კატარმა საუდის არაბეთის და სამი სხვა არაბული ქვეყნის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს უპასუხა. პასუხის შინაარსი არ ხმაურდება. ულტიმატუმის ავტორებმა პირობა დადეს, რომ თავიანთ რექციას „საჭირო დროს“ გაასაჯაროებენ.
ამ ქვეყნის მიმართ წაყენებული პრეტენზიების არსია – ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა და ფინანსირება, და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა.
კატარს 13 მოთხოვნისგან შემდგარი ჩამონათვალი წარედგინა. მათ შორისაა:
– შეწყდეს კავშირები ისეთ დაჯგუფებებთან როგორიცაა ისლამური სახელმწიფო, „ძმები – მუსლიმები“ და ჰიზბოლა;
– შეწყდეს ზოგიერთი მასობრივი საინფორმაციო საშუალების დაფინანსება, რომელთა შორის არის – ტელეარხი ალ-ჯაზირა;
– წარმოადგინონ დაწვრილებითი ინფორმაცია სხვა არაბულ ქვეყნებში იმ ოპოზიციური მოღვაწეების შესახებ, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერას კატარისგან იღებენ;
– გადაიხადონ კომპენსაცია, რომლის ოდენობაც ჯერ არ დასახელებულა.
ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კატარს ეკონომიკური და დიპლომატიური იზოლაცია ემუქრება.
კატარმა ტერორიზმის დაფინანსების ბრალდება უარყო, და მისდამი წაყენებულ ბრალდებებს „საერთაშორისო უფლებების შეურაცხყოფა“ უწოდა.
კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხმა მოჰამედ ალ-ტანიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ულტიმატუმს, თუმცა მზადაა, სათანადო პირობებში მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა.
კატარის წინააღმდეგ რამდენიმე კვირის წინათ უპრეცედენტო სანქციები დააწესეს საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა.
დაპირისპირება სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. მაგალითად, მომხმარებლები ლონდონის მაცხოვრებლებსა და ტურისტებს მოუწოდებენ, ბოიკოტი გამოუცხადონ ცნობილ უნივერმაღ „ჰაროდსს“, რომელიც ინგლისის დედაქალაქში მდებარეობს და კატარის საკუთრებას წარმოადგენს.
ათეულ ათასობით ლაიქი შეგროვდა იმ პოსტებისა და ტვიტების მისამართით, რომლებიც ამ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებში ახალდაბადებულ ბავშვებს შეეხება. ჯერ ერთმა პატრიოტულად განწყობილმა მამამ განაცხადა, რომ თავის ქალიშვილს კატარი დაარქვა. საპასუხოდ კი, საუდის არაბეთის მაცხოვრებელმა ტვიტერში დაწერა, რომ მის ქალიშვილს საუდია ჰქვია.