კაისა ოლონგრენი: საქართველოში ადამიანები საფრთხეში მხოლოდ საკუთარი აზრის გამოხატვის გამო არიან
კაისა ოლონგრენი საქართველოზე
“საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა დამოუკიდებელ ჯგუფებზე განხორციელებული რეპრესიები დემოკრატიის უკუსვლის ნათელი მაჩვენებელია – საქართველოში ადამიანები საფრთხეში მხოლოდ საკუთარი აზრის გამოხატვის გამო არიან” – ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, კაისა ოლონგრენმა “ფორმულასთან” განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს სისტემის მთავრობის ინტერესებისთვის გამოყენება ავტოკრატიის აშკარა მაგალითია. კაისა ოლონგრენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების “ყველა ვარიანტი” განიხილება.

კაისა ოლონგრენი: “რასაც ჩვენ ვხედავთ, დემოკრატიული უკუსვლაა. თქვენ რეპრესიები ახსენეთ, ეს ძალიან შემაშფოთებელია. გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ პროტესტს, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველების, სხვადასხვა ჯგუფისა და ადამიანის გააქტიურებას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ავტორიტარული რეჟიმისკენ ცვლილებას. ისინი ნამდვილად საფრთხის ქვეშ არიან და ძალიან შეშფოთებულები ვართ ამის გამო. რა თქმა უნდა, ეს აშკარად ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებს.
ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება აქტიურად ახშობს ამ პროტესტს. დემონსტრაციები ლეგიტიმურია, მშვიდობიანია და ხალხს მაინც უშვებენ ციხეში. ადამიანები საფრთხეში არიან მხოლოდ საკუთარი აზრის გამოხატვის გამო. სიტყვის, შეკრების, გამოხატვის თავისუფლებები, როგორც ჩანს, უკიდურესად იზღუდება საქართველოს ხელისუფლების მიერ. ასე რომ, დემოკრატიულმა უკუსვლამ და გასულ კვირას ჩატარებულმა არჩევნებმა, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და იყო ძალიან დაბალი აქტივობა, აჩვენა, რომ ეს ის არ არის, რასაც საქართველოში ველოდით, პირიქით.
სამართლებრივ, სასამართლო სისტემაზე გავლენის მოხდენა. სასამართლო სისტემის საკუთარი უპირატესობისათვის გამოყენება ავტოკრატიის სახელმძღვანელოდანაა. ეს დემოკრატიაში არ უნდა ხდებოდეს. მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისის ქუჩებში ევროპის დროშებს აფრიალებენ, რომ ჩვენ გხედავთ და გვესმის თქვენი.
(სანქციების) ყველა ვარიანტი გვაქვს მაგიდაზე. თუ დააკვირდებით კონტრასტს ხელისუფლების მიერ აღებულ და საპროტესტო აქციების მიმართულებებს შორის: ერთი შორდება ევროკავშირს, მეორე კი ევროკავშირისკენ მიდის. სწორი ბალანსის პოვნა მოგვიწევს, რომ ჩვენი ზომებით მიზანში ამოვიღოთ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაში. სწორი არჩევანი იქნება მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებების შეჩერება მანამ, სანამ ისინი გააგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას და ზოგადად, პროტესტზე მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევას. და ამავდროულად, უნდა შევეცადოთ დავეხმაროთ მათ, ვისაც სურს ეკუთვნოდეს ევროპულ ოჯახს. ვისაც სურს ევროპული გზის გაგრძელება და საბოლოოდ ევროკავშირის წევრობა.
ვფიქრობ, სწორი არჩევანია ქართველ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებების შეჩერება, რადგან არ მგონია, რომ ეს სადმე მიგვიყვანს, სანამ აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, სანამ დაპატიმრებულები არიან ადამიანები საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, სანამ მომიტინგეები რისკის ქვეშ არიან.
ვფიქრობ, რომ პირველ რიგში კეთილი ნების ნიშნები უნდა დავინახოთ და ჯერჯერობით ეს არ ჩანს. ჩვენ ძალიან ვზრუნავთ საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე. ეს ის ქვეყნებია ევროპაში, რომლებთანაც გვინდა ურთიერთობა და გვსურს გახდნენ ჩვენი ოჯახის წევრები. თუმცა, ჩვენთვის შეუძლებელია ისეთ რეჟიმებთან მუშაობა, რომლებიც არ იცავენ იმ ნორმებს, რომლებსაც, ვფიქრობ, ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილთან.
როდესაც ვუყურებ დემონსტრანტებს, ვხედავ ძალიან მამაც ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ არჩეული მიმართულებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ვაღიაროთ და მათი ხმა გავაძლიეროთ მათი მხარდაჭერით. რადგან, რასაც ისინი იცავენ, იცავს ევროკავშირიც.”