"საქართველოს დემოკრატიას ძირს არა აშშ, არამედ ქართული ოცნება უთხრის" - შაჰინი და რიში
ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში
აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და მისი დემოკრატი კოლეგა, ჯინ შაჰინი საქართველოში “გაუარესებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან” დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ქართული ოცნება საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის.
სენატორების მიესალმებიან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის დაბარებას და მოუწოდებენ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობაში რაიმეს შეცვლამდე “ქართული ოცნების” ბოლო ქმედებები გაითვალისწინონ.
რას ამბობენ სენატორები
“ჩვენ მზარდად შეშფოთებულები ვართ საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური ვითარებითა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გადადგმული პრობლემური ნაბიჯებით.
პრემიერმინისტრი კობახიძეს გადაწყვეტილება, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და ციხეში ჩასვას მათი ლიდერები, აღმაშფოთებელი და არადემოკრატიულია, და კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმის, რომ ქართულ ოცნებას საერთოდ არ აინტერესებს ნორმალიზებული პოლიტიკური დიალოგისკენ სწრაფვა.
პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაშინება, განსაკუთრებით მათი, ვინც აშშ-ს მთავრობასთან ერთად მუშაობდა და წარსულში ჩვენი კომიტეტის წინაშე ჩვენებაც მისცა, წარმოადგენს განსხვავებული აზრის გაჩუმების მცდელობას იმ ქვეყანაში, რომელსაც ძალის წინაშე სიმართლის თქმის საამაყო ისტორია აქვს.
ასევე მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მიზანში ამოიღო აშშ-ს მთავრობის ყოფილი თანამშრომლები უსაფუძვლო ბრალდებებით, რომ თითქოს ისინი ძირს უთხრიან საქართველოს მთავრობას. მოდით, მკაფიოდ ვიტყვით: საქართველოს დემოკრატიასა და მათ [ხალხის] შესაძლებლობას, საკუთარი მომავალი თავადვე განსაზღვრონ, ძირს არა აშშ, არამედ ქართული ოცნება უთხრის.
მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ, რათა განხილულიყო მოვლენების ასეთი შემაწუხებელი განვითარება და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებები ორმხრივ ურთიერთობაში ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანის დაწყებამდე. ვუცხადებთ ჩვენს მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას ქართველ ხალხს, რომლებსაც უბრალოდ სურთ, რომ თავიანთი თვითგამორკვევის უფლება მოითხოვონ.”
“დიფსთეითის” წარმომადგენლები არიან” – “ქართული ოცნების” გამოხმაურება
“ქართული ოცნების” დეპუტატი, არჩილ გორდულაძე ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა. გორდულაძე ამბობს, რომ ისინი “დიფსთეითის” წარმომადგენლები არიან და მათ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.

“რიში და შაჰინი საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ზიზღით გამოირჩევიან – ქართველი ხალხი განსაკუთრებულად ეზიზღებათ და ისინიც “დიფსთეითის” ერთი ჩვეულებრივი წარმომადგენლები არიან. ცდილობენ, როგორმე, “დიფსთეითის” გავლენები სხვა ქვეყნებშიც გაზარდონ. საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესია აქვთ. შესაბამისად, მათ მიერ ნათქვამ არცერთ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.
მათი განცხადებები საქართველოს ინტერესების დასაზიანებლადაა მიზანმიმართული. “დიფსთეითის” სურვილი სწორედ ეს არის, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლებაში აგენტურა მოვიდეს, რომელიც ყველა დავალებას ყურმოჭრილი მონასავით შეასრულებს, რასაც “დიფსთეითი” გასცემს. წარმოუდგენელია, რომ რიშს და შაჰინს პრეზიდენტ ტრამპზე ან მის ადმინისტრაციაზე რაიმე გავლენა ჰქონდეთ”. – თქვა გორდულაძემ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ სენატორები გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ არიან.

“ეს ადამიანები არიან გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ “დიფ სთეითის” დამარცხებაში.
რამდენად შეძლებს და მოახერხებს, ვნახოთ. პარალელურად მზად ვართ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან. ეს არის ჩვენი გზავნილი, ჩვენი დამოკიდებულება და სურვილი, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა, პარტნიორობა და, ცხადია, ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი.”