ჯაშუშობის საქმეები სომხეთში: რუსეთის მოქალაქეები, ჰიბრიდული ოპერაციები და უცნობი სახელები
რუსეთის მოქალაქეები სომხეთში ჯაშუშობაში არიან ჩართულნი
სომხეთში ჯაშუშობის თემამ ახალი სიმწვავე შეიძინა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომეხთა კათოლიკოსი უცხოური დაზვერვის აგენტად მოიხსენია. ამ განცხადებამ არა მხოლოდ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, სომხეთის სასამართლოებში ჯაშუშობის სულ მცირე 20 საქმე განიხილება. თუმცა, როგორც უფლებადამცველები და ანალიტიკოსები მიუთითებენ, ამ საქმეებში ერთ-ერთი მთავარი დეტალი გამოტოვებულია: რომელი ქვეყნის დაზვერვის სამსახურებისთვის მუშაობდნენ ეჭვმიტანილები?
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმირებული მოქალაქეების კავშირის“ პროგრამის კოორდინატორი დანიელ იოანიანსიანი ამბობს, რომ ეს დუმილი შემთხვევითი არ არის. მისი თქმით, ხელისუფლება თავს არიდებს იმ ქვეყნის დასახელებას, რომელზეც პრაქტიკულად ყველა საუბრობს – რუსეთის.
“ფაშინიანმა კათოლიკოსზე საუბრისასაც კი ქვეყანა არ დაასახელა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ სომხეთს სჭირდება კათოლიკოსი, რომელიც არ დაემორჩილება უცხოური დაზვერვის სამსახურის უფროს ლეიტენანტს. მაგრამ რომელი ქვეყნის? ლაოსის? გამბიის? ყველამ ვიცით, რაზეც არის საუბარი, თუმცა ხელისუფლება ამას ხმამაღლა არ ამბობს“. – აღნიშნავს იოანიანსიანი.
მისი შეფასებით, ასეთი ფრთხილი რიტორიკა მოსკოვთან ურთიერთობებში დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილებას ემსახურება, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უკვე კრიზისულ ეტაპზეა.
ფაშინიანმა უცხოელი აგენტის იარლიყი ასევე მიაკერა კათოლიკოსის ძმას, მთავარეპისკოპოს ეზრას ნერსისიანს. 20 დეკემბერს პროსამთავრობო ვებსაიტმა civic.am-მა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ნერსისიანი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობდა კოდური სახელით “კარო“. ეჩმიაძინის წმინდა საყდარს ამ ბრალდებებზე საჯარო კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
“100,000 რუბლი ზიანის მიყენებისთვის“
ჯაშუშობის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან საქმეში ეჭვმიტანილია რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ტიხომიროვი. სომხური გამოცემა Factor.am წერს, რომ იმავე საქმეზე კიდევ რამდენიმე რუსეთის მოქალაქე იძებნება. გამოცემის მტკიცებით, ყველა მათგანი უცხოური დაზვერვის სამსახურების აგენტია.
გამოცემის ინფორმაციით, თითოეულმა მათგანმა 100,000 რუბლი მიიღო “სომხეთისთვის ზიანის მიყენებისთვის“. ბრალდების მიხედვით, ტიხომიროვმა საქმეში კიდევ ორი პირი, დანიილ სემენიუკი და არტემ მახმუტოვი ჩაითრია.
როგორც Factor.am აღწერს, სემენიუკმა და მახმუტოვმა მოსკოვში მიიღეს დავალებები უცხოური დაზვერვის სამსახურებისგან, რის შემდეგაც სომხეთში გაემგზავრნენ. წინასწარ მიწოდებული კოორდინატების მიხედვით, ისინი სხვადასხვა რეგიონში იმყოფებოდნენ და ისტორიული და კულტურული ძეგლების, სოფლების, ქუჩების, ასევე აზერბაიჯანული და უძველესი სომხური სასაფლაოების ფოტოებს იღებდნენ.
ბრალდების თანახმად, ეს მასალა Yandex-ის ღრუბლოვანი სერვისის მეშვეობით ტიხომიროვს გადაეცა, რომელმაც ის მოსკოვში უცხოური სადაზვერვო სტრუქტურების წარმომადგენლებს მიაწოდა.
“შეგროვებული მონაცემები სომხეთის სუვერენიტეტისა და საგარეო უსაფრთხოების საზიანოდ გამოიყენეს“, — წერს გამოცემა და ამატებს, რომ გადაღებული ტერიტორიები აზერბაიჯანულად იყო წარმოდგენილი.
მეორე დავალების შესრულების მცდელობისას, სომხეთში დაბრუნების შემდეგ, სემენიუკი და მახმუტოვი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
ჰიბრიდული ომი თუ კლასიკური დაზვერვა
დანიელ იოანიანსიანი მიიჩნევს, რომ ამ საქმეებში ერთმანეთში ირევა სხვადასხვა ტიპის ოპერაციები — საინფორმაციო ომი და სამხედრო დაზვერვა.
“თუ აგენტი აგროვებს ინფორმაციას სამხედრო დანაყოფების იარაღზე, კოორდინატებზე ან გადაადგილების გრაფიკზე, ეს ჰიბრიდული ოპერაცია არ არის — ეს კლასიკური სამხედრო დაზვერვაა. მაგრამ თუ ინფორმაცია გამოიყენება პოლიტიკურ და მედია სივრცეში, მაშინ საქმე გვაქვს ჰიბრიდულ თავდასხმასთან,” – ამბობს ის.
მისივე თქმით, პრობლემის არსი ისაა, რომ სომხეთის სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური ელიტა თავს არიდებენ მთავარ კითხვაზე პასუხს.
“სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია, რომ ხელისუფლება არ საუბრობს არც იმაზე, ვინ ახორციელებს სომხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს და არც მათ მოტივებზე. ამ მოტივებზე საუბარი კი შეუძლებელია, თუ არ იტყვი, ვინ დგას ამ თავდასხმების უკან.“ – ამბობს იოანიანსიანი.
სომხეთში მიმდინარე დისკუსია სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ჯაშუშობის საქმეები მხოლოდ სამართლებრივი საკითხი არ არის და ისინი ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანისა და უსაფრთხოების მომავლის შესახებ უფრო ფართო დებატების ნაწილია.