„ჯარიმა“, პატრიარქი და ოთხი „ჩ“
სადღეგრძელოს თქმა და თანამეინახეების დალოცვა თითქმის ყველა ხალხის კულტურაშია, სადაც ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ტრადიცია არსებობს. ვერცხლის ფიალებით, თიხის თასებითა თუ ხის ჯამებით ერთმანეთს ლოცავდნენ და მხნეობასა თუ წინსვლას უსურვებდნენ მეფეებიცა და ჰერცოგებიც, აზნაურებიცა და გლეხებიც.
თუმცა, საქართველოში სადღეგრძელოს კულტურამ სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა და განსაკუთრებით უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე მიჩნეულია, რომ ქართული სუფრა უცნაური და ეპატაჟური სადღეგრძელოების გარეშე წარმოუდგენელია.
მე-19 საუკუნემდე საქართველოში სადღეგრძელო იყო მოკლე, კონკრეტული და ერთი ამბის დამტევი. მაგალითად, თუკი ოჯახში ბავშვი დაიბადებოდა, ოჯახის წევრები და ნათესავები ღვინით სავსე თიხის ფიალებს ასწევდნენ, მოკლედ უსურვებდნენ ახლადდაბადებულს ჯანმრთელობას და ამის შემდეგ საუბარი და ღვინის სმა ყოველგვარი სუფრული პათეტიკის გარეშე მიდიოდა.
საქართველოს მთიან რეგიონებში დღეობებზე არსებობდა სადღეგრძელოს ლექსად თქმის ტრადიცია, თუმცა ის მაინც არ იყო სადღეგრძელო იმ სახითა და ფორმით როგორიც დღესაა. თანამედროვე ქართული სუფრა და სადღეგრძელოების განრიგი მკაცრადაა განსაზღვრული და მიიჩნევა, რომ ეს ყველაფერი ძველი დროიდან არსებობდა. არადა, არანაირი დოკუმენტი და ისტორიული წყარო არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ მაგალითად სამასი წლის წინანდელ საქართველოში პატრიარქის, მეზობლების ანდა ამვლელ-ჩამვლელის სადღეგრძელოს სვამდნენ.
• როდის და რატომ დაიკარგა ბოთლის ღვინის კულტურა საქართველოში
მე-19-ე საუკუნეში კი იმის პარალელურად, რომ ღვინო კონკრეტული მოხმარების ყოფითი პროდუქტიდან ვაჭრობის საგანი გახდა (ძველ დროში საქართველოში ღვინო არ იყიდებოდა) სუფრებმაც ოჯახებიდან და თავადის დარბაზებიდან გარეთ გამოაღწია.
საქართველოში დაიწყეს სუფრების გაშლა ტყეში, მდინარის პირას და უკვე ახლადგახსნილ ტრაქტირ-სასადილოებში, სადაც ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარდა, ერთმანეთს სრულიად უცნობი ადამიანები ხვდებოდნენ. თუკი ოჯახის წევრთან თავმომწონება და ზედმეტი მახვილსიტყვაობა არავის სჭირდება, უცხო ადამიანებთან საჭირო იყო საკუთარი თავისა და თუნდაც მეგობარ-ნათესავების გაცნობა. ეს კი ალკოჰოლური თრობის პირობებში ბუნებრივია იქნებოდა მხატვრულად და მახვილსიტყვაობით.
სიტყვა “სადღეგრძელო“ უკვე ნათელყოფს იმას, რომ ეს ფენომენი გულისხმობს ვინმეს დღეგრძელობას და მისი დიდხანს სიცოცხლის სურვილს. სწორედ ეს იყო უმთავრესი რამ, რასაც ძველ დროში საქართველოში ერთმანეთს სუფრაზე თუ მის გარეთ უსურვებდნენ ხოლმე. თუმცა, უკანასკნელმა ორმა საუკუნემ სრულიად შეცვალა სადღეგრძელოს არსიცა და ფორმებიც.
თანამედროვეობისგან განსხვავებით, ძველად სუფრაზე გვიან შემოსწრებულ ადამიანს ღვინოს კი არ აძალებდნენ, პირიქით – სრულ თავისუფლებას ანიჭებდნენ. ახლა კი ჩვენში წესადაა სუფრასთან დაგვიანებულის (შემოსწრებულის) სადღეგრძელოს დალევა. თამადა და სუფრის წევრები ახლად შემოსულის სადღეგრძელოს სვამენ. სტუმარიც ვალდებულია შემოთავაზებული სასმელი დალიოს და სადღეგრძელო შესვას – “თავი დაიჯარიმოს”. იგი მხოლოდ ამის შემდეგ უერთდება დამხდურთა წრეს და სუფრის სრულუფლებიანი წევრი ხდება.
დღევანდელი ქართული სუფრა ჭირის იქნება თუ ლხინის, ორი აუცუილებელი სადღეგრძელოთი იწყება – ღმერთის ხსენებით, (“ღმერთი შეგვეწიოს, თორემ ჩვენ უმაგისოდ რისი მაქნისები ვართ“) და მშვიდობის სურვილით (“მშვიდობა იყოს, თორემ ისე ქვა-ქვაზე ნუ დარჩენია ამქვეყნად“).
არსებობს მოსაზრება, რომ მშვიდობის სადღეგრძელო პირველად გურულებმა დაამკვიდრეს. ამის შემდეგ ბოლო წლებში დამკვიდრებული წესისამებრ ბევრი თამადა (ქართული სუფრის წინამძღოლი) ამბობს საქართველოს პატრიარქის სადღეგრძელოს. უნდა აღნიშნოს რომ პატრიარქის სადღეგრძელოს სულ რაღაც 10-15 წელია რაც გაჩნდა და მას უამრავი მთქმელი და მიმდევარი ყავს.
ქართულ სუფრაზე რამდენჯერმე ამბობენ მიცვალებულების მოსახსენიებელს, ანუ შესანდობარს და ზოგჯერ (განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოს მთაში) მიცვალებულების ხსენება ათი და მეტი ჭიქითაც კი ხდება იმის მიხედვით ვისი ნათესავი როდის გარდაიცვალა და რომელ ეპოქაში გამართულ ბრძოლებსა თუ სხვა უბედურებებს შეწირა. ასე მაგალითად: “ომში ან ზვავ-წყადალეულთა ხსოვნა იყოს. ვინც გზებზე კვდებიან ბეღურებივით“.
ბავშვებისა და სიცოცხლის სადღეგრძელოები ქართულ სუფრაზე გაიგივებულია და ამ სადღეგრძელოს როგორც წესი მახვილსიტყვაობებიც ახლავს თან. მაგალითად ასეთი: “მოდით ბავშვებს გაუმარჯოს, რომლებსაც ვუსურვოთ მუდმივი სილამაზე, ბევრი ფული და სიკეთე. ახლა ბევრ შოკოლადი ქონოდეთ და როდესაც გაიზრდებიან, ღმერთმა ბევრი შოკოლადის ქარხანა მისცეთ!“.
სადღეგრძელოების თქმას და ღვინის სმას სუფრასთან ხშირად პატარ-პატარა ჭიქებით იწყებენ. ამ პატარა ჭიქებს დღესაც “ღვინის ჭიქებს“ ეძახიან. ბევრი ფიქრობს, რომ ამ გზით ადამიანის ორგანიზმი უფრო ეგუება ალკოჰოლს. განსხვავებული სასმისით (ხარის რქისა თუ ჯიხვის რქის ყანწი) მხოლოდ ცალკეულ, განსხვავებულ სადღეგრძელოებს სვამდნენ.
ღვინის სასმისის პირამდე შევსება ძველ დროში ულამაზო იყო (ღვინის და საკუთარი თავის შეურაცხყოფად თვლიდნენ). ოქროს წესად მიჩნეულია დიდ სასმისში ჩაისხას მოცულობის მეოთხედი, უფრო პატარა სასმისში – მესამედი რაოდენობა.
პატარების სადღეგრძელოს მერე, როგორც წესი ერთიანი საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ. ერთიანი საქართველოს სადღეგრძელოს ხშირად ახლავს გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ქართველი საბჭოთა პოეტების ლექსები და ამავე ეპოქაში შექმნილი სიმღერები, რომლებიც ბევრს ჰგონია, რომ საუკუნეთა ფესვებიდან მოდის.
მეტად საგულისხმოა, რომ და-ძმის, ანუ როგორც ქართულად ეძახიან დედმამიშვილების სადღეგრძელოს ზოგი თამადა ცალკე არ სვამს, რაც არაერთხელ გამხდარა თამადასთან სუფრის წევრების შეკამათების მიზეზი. არსებობს აზრი, რომ და-ძმა რაკი ოჯახის წევრები არიან, მათი სადღეგრძელოც მთლიან ოჯახთან ერთად უნდა ითქვას. ეს ბევრ შეზარხოშებულ ადამიანს არ მოსწონს და დედმამიშვილების ცალ-ცალკე ჭიქით დალოცვას ითხოვენ.
რაკი თამადასთან კამათი ვახსენეთ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ძველად საქართველოში სუფრასთან იარაღით ჯდომა მიუღებლად ითვლებოდა. როგორც ცნობილია, ეს წესი მეოცე საუკუნის დასაწყისამდე მოქმედებდა. თამადა, ვიდრე ნადიმის მსვლელობას მისცემდა, იქ მჯდომ ყველა მამაკაცს შეახსენებდა “იარაღი შეიხსენითო” და ამის მაგალითს პირველი თვითონ იძლეოდა. ყველა ვალდებული იყო, ეს მითითება შეესრულებინა და სუფრასთან უიარაღოდ მჯდარიყო.
ქართულ სუფრაზე როდესაც ე,წ. სავალდებულო სადღეგრძელოები სრულდება, მერე იწყება ეპატაჟურობის მთელი ფოიერვერკი. ამბობენ “კეთილი მეზობლების“, “ოთხი “ჩ“-ს (ჩვენი ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრები), “ამვლელ-ჩამომვლელის“, “იმ ხალხის, ვინც თავადაც იპარავს და სხვასაც აპარინებს“, “ მართალი კაცის“, “დედისა და დედაბოძის“, “ქალ-ვაჟურ, დედა-შვილურ, ახლობლურ, ნათესავურ, ძმაკაცურ-დაქალური სიყვარულის“ და სხვა ამაზე კიდევ უფრო უცნაურ სადღეგრძელოებს.
გლოვის სუფრაზე შვიდი, ზოგჯერ ცხრა (აუცილებლად კენტი) სადღეგრძელო ითქმებოდა. ასეთ სუფრაზე საქართველოს ბევრ კუთხეში ბოლო სადღეგრძელოდ “ყოვლად წმინდა ანგელოზების”-ას სვამდნენ. მთიულეთში “მგზავრის ანგელოზის”-ას ამბობენ. ორმოცისა და წლისთავის თამადად იგივე ადამიანი უნდა ყოფილიყო, ვინც ქელეხის სუფრას უძღვებოდა.
აუცილებლად უნდა ვთქვათ ერთ მეტად უცნაური ქართულ ფენომენზე, რაც ლუდით ნათქვამ სადღეგრძელოებში გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთიანეთში ტრადიციული წესით დამზადებული ლუდით სუფრაცა და სადღეგრძელოებიც ჩვეულებრივად ისმებოდა, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ქუთაისსა და თბილისში დამკვიდრდა მეტად უცნაური წესი, რაც ლუდით მხოლოდ ცუდი ადამიანების “დღეგრძელობას“ გულისხმობდა.
მიზეზი შესაძლებელია საბჭოთა ეპოქაში დამზადებული ლუდის უხარისხობაც გახლდათ, რაც ნიშნავდა იმას, რომ ცუდი ლუდი მხოლოდ ცუდი ხალხის “დალოცვას“ იმსახურებდა. ეს უცნაური ტრადიცია დღემდე გრძელდება და ლუდით ამბობენ ისეთ სადღეგრძელოებს, მაგალითად, როგორიცაა: “იმ კაცს გაუმარჯოს დედას ბეჭედს რომ მოპარავს და გაიფიქრებს – ნათესავია, არ მიჩივლებსო“, “ეს იმ კაცს გაუმარჯოს, სიმამრს რომ მერსედესს აჩუქებს და მამას რომ მეტროს ტალონს უყიდის“, “იმ კაცს გაუმარჯოს, ნინოობა დღეს გოგო რომ ეყოლება და გრეტას დაარქმევს“, “ეს იმ კაცს გაუმარჯოს, სიდედრს დედას რომ ეძახის და “ზაპოროჟეცს“ – მანქანას“ და სხვა არაერთი.