ქართული ქელეხი უწინ და დღეს
ისევე როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში, საქართველოშიც ადამიანის გარდაცვალებას თან ახლავს მთელი რიგი რიტუალური ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა დროსა და ეპოქაში შეიქმნა.
JAMnews-ის ავტორი ლევან სებისკვერაძე მოგითხრობთ ამ განსხვავებული რიტუალებისა და თავისებურებების შესახებ.
ქართული (კონკრეტულად კი სამეგრელოს) ქელეხის სუფრაზე აი რას წერს მე-17 საუკუნის ცნობილი იტალიელი მისიონერი, არქანჯელო ლამბერტი:
“დასაფლავების შემდეგ ყველანი მიცვალებულის სახლში ბრუნდებიან, სადაც მათთვის ვახშამია დამზადებული. ყველანი მიწაზე გრძლად გამწკრივებულნი სხდებიან. მათ შორის ყველაზე უკეთესი და თვალსაჩინო ადგილი მღვდელს აქვს მიჩენილი, რომელმაც დაკრძალვის წესი შეასრულა. საჭმელი ამ შემთხვევაში უხვად არის, მაგრამ ყოველიფერი სამარხვოა, თვით სტუმრების მოტანილიც.
განსაკუთრებით ბლომად არის ღვინო. ხალხი რომ დასხდება და საჭმელს დაარიგებენ ღვინოს მღვდელზე წინ მაინც ვერავინ სვამს. მღვდელი წამოდგება და ხელში ღვინოს დიდის ჯამით დაიჭერს და დაიწყებს რა მწუხარე გალობას დაღონებულის ხმით, ცოტა ღვინოს მიწაზე დააქცევს, ხალხი იმავე ხმით პასუხს აძლევს.
ამას ვახშმის განმავლობაში ხუთჯერ თუ ექვსჯერ განიმეორებენ, მიცვალებულს არც კი ახსენებენ და მხიარულად სჭამენ და სვამენ. ვახშამი გათავდება თუ არა, დაკრძალვის წესიც სრულდება.“
ამ ტრადიციების დიდი ნაწილი დღეს უცვლელი სახითაა შემორჩენილი, თუმცა არის რიტუალები, რომელმაც დროსა და თანამედროვეობას ვერ გაუძლეს.
“მოტირალების“ და “თავი კაცის“ ფენომენი
ჯერ კიდევ დაახლოებით 20 წლის წინ, დასავლეთ საქართველოში და უმეტესად სამეგრელოში შემორჩენილი იყო ე.წ. “მოტირალების“ დაქირავების ტრადიცია.
ეს გახლდათ შუა ხნის და უმეტესად მოხუცებული ქალბატონები, რომლებსაც იმდენად პროფესიონალურად შეეძლოთ მგლოვიარე ადამიანის განსახიერება, რომ დღესაც ყვებიან ლეგენდებს ცნობილ “მოტირალებზე“, რომელთაც სპეციალურად გლოვისათვის მოშვებული გრძელი ფრჩხილებით სახეს მთელი ძალით იხოკავდნენ და ისისხლიანებდნენ. ასეთი “მოტირალები“ საკმაოდ ძვირად ფასობდნენ.
• სიკვდილი აზერბაიჯანში: ფასები, რიტუალები, წესები
• ჭამე, ილოცე, დალიე – სააღდგომო ტრადიციები საქართველოში
• როდის და რატომ დაიკარგა ბოთლის ღვინის კულტურა საქართველოში
განსხვავებით “მოტირალებისაგან“, გასვენება-ქელეხისა და მთლიანი გლოვის რიტუალის სტანდარტიზებულად მაღალ დონეზე ორგანიზებას დღესაც თავში ერთგვარი მენეჯერი, ე.წ. “თავი კაცი“ უდგას. “თავი კაცად“ როგორც წესი ოჯახის უახლოეს და სანდო ნათესავს ან მეზობელს ირჩევენ, რომელსაც გააჩნია უნარი მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები ადვილად მოაგვაროს.
ტრადიციულად ქართული ქელეხები ძირითადად ოჯახებში ან სოფლის/ქალაქების ცენტრებში იმართებოდა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც ჭირის სუფრის გაკეთება სარიტუალო დარბაზებსა და რესტორნებში დაიწყეს.
“თავი კაცის“ როლი და ფუნქცია მაინც არ დაკარგულა და დღესაც სწორედ ეს ადამიანები (ზოგჯერ ჭირისუფალთან შეუთანხმებლადაც კი) წყვეტენ სასაფლაოს ადგილს, კუბოს ხარისხს, ვინ უნდა ააგროვოს საქელეხედ ოჯახის დასახმარებლად ახლობელ-ნათესავების მიერ მოგროვილი თანხები (ე.წ. შესაწევარი), სად უნდა გაკეთდეს საქელეხე სუფრა და სხვა საკითხებს.
საქართველოში გლოვა მინიმუმ ერთწლიანია და ჭირისუფალი ოჯახი, მათი ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან 40 დღისა და ერთი წლის შემდეგაც აკეთებენ ქელეხთან შედარებით მცირე მასშტაბის სუფრებს და სწორედ იგივე “თავი კაცები“ აგვარებენ ყველაფერს.
“ქელეხის ღვინის“ სინდრომი
მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ამაყობენ უძველესი მეღვინეობითა და ღვინის კულტურით, ჩვენში ჯერ ისევ ფესვგადგმულია გაკეთებული, ე.წ. შაქრიანი ღვინის დაყენებისა და მოხმარების მავნე ჩვევა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ეპოქიდან იღებს, როდესაც შაქარ-წყლით “ღვინის გაბევრება” ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა.
ეს მავნე და ცუდი “ტრადიცია“ განსაკუთრებით დიდ, ქორწილისა და ქელეხის სუფრებზე იკვეთება, როდესაც მასპინძლები ხარჯის დაზოგვის მიზნით გაყალბებულ ღვინოს იძენენ. ჩვენში უკვე დამკვიდრებულია ტერმინი “ქელეხის ღვინო“, რაც საკუთარ თავში გულისხმობს გაყალბებულ, იაფფასიან ღვინოს, რომელსაც სახელად “ღვინო“ მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახმა თავი არ დაზოგა სუფრის გასაშლელად, გასწია საკმაოდ დიდი ხარჯი, მაგრამ თანხის დაზოგვა რატომღაც მაინცდამაინც ღვინოზე მოინდომეს და ამის გამო სუფრას აზრიც დაეკარგა, ხარისხიც და რაც მთავარია, ნამდვილი ღვინის მოყვარული ადამიანებისათვის ასეთი სუფრებზე ჯდომა მძიმე, დამთრგუნველ რუტინას წარმოადგენს.
ჭირის სუფრის თამადა (ქართული სუფრის ტრადიციული წინამძღოლი) საქართველოში შესაბამისად ღვინის სმის თავისებურ წესს იცავს და იმდენ სადღეგრძელოს წარმოთქვამს, რამდენიც ტრადიციის თანახმად ასეთი შემთხვევების დროს არის მიღებული. ადრეულ პერიოდში მათი რაოდენობა კენტი – სამი (იშვიათად შვიდი) სადღეგრძელო უნდა თქმულიყო.
ეს სადღეგრძელოები უფრო წარსულთან მოგონების, მათი გახსენების და შესანდობარის ფორმით წარმოითქმებოდა და ამავე დროს სააქაოში დანატოვარისა და სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლურ კავშირსაც ითვალისწინებდა.
ქართული ქელეხი – თეატრალურობა და შეჯიბრი
ქართული გლოვის რიტუალები სტანდარტიზებულად მაღალ დონეზე ტარდება და თეატრალურობა წინა პლანზეა წამოწეული. რძლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ხმამაღლად და მხატვრულად დაიტირებს დედამთილს (იმ შემთხვევაშიც, თუკი დედამთილი სიცოცხლეში არც ერთს არ უყვარდა) შეძლებული ნათესავები ცდილობენ საკუთარ უპირატესობას ხაზი ოჯახისათვის დიდი თანხის შეწევნით გაუსვან.
ყველა ცდილობს თუკი გარდაცვლილთან რაიმე შეხება ჰქონდა (თუნდაც პირადად არ ცნობოდათ) სამძიმარზე მისვლითა და ჭირისუფლისათვის ხელის ჩამორთმევით მაინც გამოხატონ სამძიმარი, რაც საქართველოში ურბანიზაციის პირობებში უფრო ადვილად შესაძლებელი გახდა.
ადრე, როდესაც ადამიანები ცხენებით, ვირითა და ფეხით გადაადგილდებოდნენ, ძალიან ჭირდა მთაგორიანი საქართველოს არამხოლოდ ერთი კუთხიდან მეორეში, ერთი რეგიონის სოფლებშიც კი გადაადგილება, რაც თავის დაღს ასვამდა გლოვასაც.
მთაში (მაგალითად სვანეთში) მცხოვრები ჭირისუფლები ხშირად რამდენიმე დღის მანძილზე ელოდნენ ბარიდან ნათესავის მისვლას, რომლამდეც ნათესავის გარდაცვალების ინფორმაცია გვიან მიდიოდა და შორ გზაზე წასვლა-წამოსვლა დიდ პრობლემებს ქმნიდა. ამას ემატებოდა ზოგიერთ სოფლამდე მისასვლელი გზის წარმოუდგენელი სირთულე. ეს პრობლემები სამწუხაროდ დღესაც არაა უცხო.
სწორედ ამიტომაც მოხდა ისე, რომ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დამკვიდრდა ტრადიცია, როდესაც შორი მანძილიდან ჩასულ სტუმრებს “თავი კაცის“ მიერ გამოყოფილი ხალხი სუფრებს ცალ-ცალკე უშლიდა. ცხადია ქართული ტრადიციისამებრ სტუმრებს ასმევდნენ ღვინოს და ამის გამო იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში თუ გურიაში არაერთხელ მომხდარა, რომ გარდაცვლილის გამსვენებელი ფხიზელი ხალხი აღარ იყო დარჩენილი და სასაფლაომდე მიცვალებული მთვრალებს წაუღიათ.
იყო შემთხვევები, როდესაც მთის სოფლებში მიცვალებულის გასვენებისას მთვრალ მგლოვიარეებს შემოაღამდათ, გზა აერიათ და კუბო ისეთ ღრმა ხევში გადაუვარდათ, საიდანაც მკვდარის კი არა, ცოცხალი ადამიანის ამოყვანაც კი რთულია.
დღეს ეს ტრადიცია საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ქართლ-კახეთის მაგალითზე მოერგო და ყველა სტუმრისთვის საქელეხე სუფრა მხოლოდ მას შემდეგ იშლება, როდესაც გარდაცვლილს მიწას მიაბარებენ და სასაფლაოს სტუმრებიცა და ჭირისუფლებიც დატოვებენ.
გასვენების დღეს საფლავზე სულ ბოლოს მესაფლავეები რჩებიან, რომლებიც გარდაცვლილის დამარხვის შემდეგ ტრადიციისამებრ მათთვის დატოვებულ ღვინოს და საუზმეულს შეექცევიან.
თითოეულ საფლავზე მომუშავე მესაფლავეებს ხშირად კვირაში რამდენიმე ათეული ადამიანის დასაფლავება და შესაბამისად – ჭირისუფლის დატოვებული პურ-მარილის მირთმევა უწევთ. ასე წლები გრძელდება. ამიტომაც, საქართველოში იშვიათია მესაფლავე, რომელიც ალკოჰოლს არ სვამს.