JAMnews-ის წყარო ცხინვალში: არ არის გამორიცხული ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
უკვე ათ დღეზე მეტია ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. რუსმა სამხედროებმა იგი კონფლიქტის ზონაში დააკავეს, როდესაც ექიმი ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა. ოსური მხარე მას ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
თუმცა, როგორც JAMnews-ის წყარო ცხინვალის ხელისუფლებაში აცხადებს, არ არის გამორიცხული გაფრინდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას, რადგან ცხინვალი გაფრინდაშვილს 2008 წლის ომში მონაწილეობაში სდებს ბრალს.
______________________
ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის სასამართლომ უკვე შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა, რომლებმაც გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში ნახეს, ოჯახს მისი წერილი გადასცეს.
• თბილისელი ექიმები სოლიდარობას უცხადებენ ცხინვალში დაკავებულ ქართველ ექიმს
• ცხინვალი: ადამიანის უფლებების შესახებ სკანდალის შემდეგ ალაპარაკდნენ
ექიმი ოჯახის წევრებს მოიკითხავს და სწერს, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი, “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ამ გზავნილს წერილსაც ვერ უწოდებს, რადგან იგი, ფაქტობრივად, კონვერტის გარეშე, „წითელი ჯვრის“ ტიტულიან ქაღალდზე დაწერილი ჩაბარდა და იქ განსაკუთრებული არაფერი წერია.
ცნობილია, რომ დაკითხვისას ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს საზღვრის გადაკვეთის ფაქტს და ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ოსური მხარე გაფრინდაშვილს პროვოკატორს უწოდებს და მის გამოშვებას არ ჩქარობს.
არ ჭრის არც საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტი – 19 ნოემბერს ცხინვალში გამართული შეხვედრა, რომელსაც მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატები – ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ესწრებოდნენ, რაიმე კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
თბილისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად კოლეგა მედიკოსებმა არაერთი მდუმარე აქცია გამართეს. ფეისბუკმომხმარებლები იყენებენ ავატარებს ინგლისური წარწერით Freedom for Doctor Vaja (თავისუფლება ვაჟა ექიმს). მაისურები ამავე წარწერით აცვიათ ცნობილ ჟურნალისტებს გადაცემის წაყვანის დროს.
მიუხედავად საქმის რეზონანსულობისა, რაც დრო გადის, ქართველი ექიმის დაკავებასთან დაკავშირებული ისტორია კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.
ევროპელი დიპლომატების შეხვედრა ცხინვალში
გუშინ ცხინვალში ერთმანეთს შეხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლები.
უცხოელმა დიპლომატებმა ისე დატოვეს ცხინვალი, რომ ერგნეთის საგუშაგოსთან მომლოდინე ქართველ ჟურნალისტებს არ გასაუბრებიან.
“ეხო კავკაზას” ცხინვალელი კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა თქვა:
„რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ სიტუაცია მოგვარდება და ექიმ გაფრინდაშვილს რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლებენ, რადგან არ ვფიქრობ, რომ მისი ხანგრძლივი დროით დაკავება ვინმეს ინტერესებშია“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უფრო კონკრეტული კომენტარი მოისმინეს ჟურნალისტებმა მურატ ჯიოევისგან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელია პოსტკონფლიქტურ საკითხებში:
“გაფრინდაშვილის მიმართ გადაწყვეტილას მიიღებენ სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად. ჯერჯერობით გაფრინდაშვილს ორთვიანი სასჯელი აქვს შეფარდებული, შემდეგ კი, სასამართლო გადაწყვეტს,” – განაცხადა ჯიოევმა.
შეხვედრას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც ესწრებოდა. ბიბილოვის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკატორია, რომელსაც თბილისის ხელისუფლება მართავს.
„ეს არის ნაწილი საერთო პოლიტიკისა, რომელსაც საქართველო ატარებს სამხრეთ ოსეთის მიმართ. დროა, საქართველომ გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამის გათვალისწინებით წარმართოს თავისი მუშაობა“, – განაცხადა ბიბილოვმა.
ბიბილოვიც და ჯიოევიც ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ გაფრინდაშვილი “საზღვარს” არ აღიარებს და რომ მან მიზანმიმართულად გადაკვეთა “საზღვარი”.
როგორ მოხვდა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში
ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ორჭოსანთან რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს დააკავეს.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის 19 ნოემბრის განცხადებით, „გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს დილით, ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე სოფელ საკორინთლოში, საიდანაც უკანონოდ გადაკვეთა საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“.
მისი დაკავების გარემოებებზე ცოტა რამეა ცნობილი. დაკავებისას, სავარაუდოდ, მას უფლება მისცეს ერთი ზარი გაეკეთებინა – გაფრინდაშვილმა მეუღლეს დაახლოებით 15:30 საათზე დაურეკა და უთხრა, რომ რუს სამხედროებს ცხინვალში გადაჰყავდათ.
ცნობილია ისიც, რომ ე.წ. საზღვართან გაფრინდაშვილს არავინ ელოდა. როგორც წესი, როდესაც უცხო ადამიანებს ახალგორში შესვლა უნდათ, მათ ვინმე ადგილობრივი გამშვებ პუნქტთან ხვდება ხოლმე.
“მარტო, მასპინძლის გარეშე, გამშვები პუნქტის გადალახვას აქ თითქმის ვერავინ ბედავს. ძალიან უცნაურია, რომ ის მარტო ცდილობდა აქ შემოსვლას,” – ამბობს თამარ მეარაყიშვილი, ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი.
JAMnews-თან საუბარში ექიმის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი ამბობს, რომ მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი ქმარი კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა.
რა უნდოდა ექიმს კონფლიქტის ზონაში?
ერთ-ერთი და ამ ეტაპზე ერთადერთი ვერსიით ახალგორში იგი პაციენტის სამკურნალოდ მიდიოდა. კონკრეტულად კი, თამარ გიგაურის, ახალგორელი ქალის, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ღრმა ჭაში ჩავარდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო. მისი ისტორია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ოსმა და რუსმა მესაზღვრეებმა გიგაურის ოჯახის წევრებს ავადმყოფის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანა აუკრძალეს. ოჯახმა კი ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს შეატყობინა.
თამილა ლაფანაშვილი იხსენებს, რომ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მის ქმარს დააკავებდნენ, მათ ოჯახში გაკვრით იყო საუბარი გიგაურზე. ლაფანაშვილი ჰყვება, რომ მის მეუღლეს, როგორც ექიმს, შეეცოდა ქალი და ამ ფაქტის გამო გულისტკივილი გამოხატა.
“როდესაც ეს ამბავი ტელევიზორში მოვისმინეთ, თქვა, საწყალი ქალიო, იქნებ საოპერაციო არისო, ბევრი მოტეხილობა ექნებაო. სხვა არაფერი უთქვამს. არ უთქვამს, რომ იქ წასვლას აპირებდა,“ – ამბობს ლაფანაშვილი.
თუმცა, როგორც “ეხო კავკაზას” ცხინვალელი ჟურნალისტები გადმოსცემენ, დაკითხვისას თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა უარყო, რომ თამარ გიგაურის სამკურნალოდ მიდიოდა.
ამ ფაქტს უარყოფს თავად თამარ გიგაურიც. რამდენიმე დღის წინ იგი ახალგორელმა აქტივისტმა თამარა მეარაყიშვილმა მოინახულა. თამარ გიგაურმა მას უთხრა, რომ თბილისელ ექიმთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია.
“თამარ გიგაურმა პირადად მითხრა, სადაც ხმა მიგიწვდება, ყველგან თქვი, რომ ჩვენ ამ ექიმს არ შევთანხმებივართო,” – ამბობს JAMnews-თან საუბარში თამარ მეარაყიშვილი.
შესაძლოა თუ არა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თამარ გიგაურზე ზეწოლას ახდენდეს და ამიტომ იგი სიმართლეს მალავდეს? – ვკითხეთ თამარ მეარაყიშვილს.
“თეორიულად კი, მაგრამ თამარ გიგაური მართლა გულწრფელად გაკვირვებული ჩანდა ამ ისტორიით. ჩემი აზრით, აქ რაიმე ზეწოლასთან საქმე არ გვაქვს,” – ამბობს მეარაყიშვილი.
რას ამბობს ცხინვალი?
ძირითადი ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ სწორედ ცხინვალიდან მოდის.
19 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის აგვისტოს ომის დროს იბრძოდა.
„ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში,” – წერია სამხრეთ ოსეთის “კგბ”-ს განცხადებაში.
თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და კოლეგები ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. ისინი ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ის ღუდუშაურის კლინიკაში მორიგეობდა და დაჭრილებს მკურნალობდა.
ქირურგი-ორთოპედი ლევან ნაჭყებია იხსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ვაჟა გაფრინდაშვილი მასთან ერთად მუშაობდა ღუდუშაურის კლინიკაში და ეთნიკური ნიშნის მიუხედავად მკურნალობდა პაციენტებს.
„დასტურად იმისა, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საავადმყოფოში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არის ის ფაქტიც, რომ ორ რუს მფრინავს ვიაჩესლავ მალკოვს და იგორ ზინოვს, რომლებიც ქართული ქალაქების დაბომბვის შემდეგ ჩამოაგდო ქართულმა მხარემ, ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ვმკურნალობდი, ეს მფრინავები შემდეგ წითელი ჯვრისა და შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადასცეს რუსეთს“, – ეუბნება “რადიო თავისუფლებას” ქირურგი-ორთოპედი ლევან ნაჭყებია.
ომში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს – ცხინვალი ცდილობს ბრალი დაუმძიმოს ქართველ ექიმს და ნეგატიური აზრი შექმნას მის მიმართ ოსურ საზოგადოებაში. ადამიანებს, რომლებიც 2008 წლის ომში თბილისის მხარეს იბრძოდნენ, ცხინვალში განსაკუთრებით მკაცრად ასამართლებენ.
“როგორც ჩანს, მისი ბრალი გადაკვალიფიცირდება და მის წინააღმდეგ აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე. ის გამომწვევად იქცევა – ამბობს, რომ განგებ გადაკვეთა საზღვარი და იცოდა, რას აკეთებდა,” – უთხრა JAMnews-ს წყარომ ცხინვალის ხელისუფლებაში.
რატომ ცდილობს ცხინვალი გაფრინდაშვილის განსაკუთრებული სიმკაცრით დასჯას?
იმ მუხლით რისთვისაც ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, სამხრეთ ოსეთში ყოველ წელს ათასობით ადამიანს აკავებენ.
თუმცა, როგორც წესი, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო ცხინვალი პატიმრობაში არავის ტოვებს – დამრღვევებს ფულად ჯარიმას ახდევინებენ და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უშვებენ.
ვაჟა გაფრინდაშვილი კი გამონაკლისი აღმოჩნდა. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, მისი ჩვენებებია, რომლებსაც იგი ცხინვალელ სამართალდამცავებს აძლევს.
ცხინვალის ხელისუფლებასთან დაახლოებული JAMnews-ის წყარო ამბობს, რომ დაკავებული შეგნებულად იწვევდა სამართალდამცავებს.
“ის ისეთებს ამბობს, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ გაუშვებ. თორემ, ვის რად უნდა ამ კაცის ციხეში ყოფნა?! შეგნებულად მოდის პროვოკაციაზე -ამბობს, ჩემს ქვეყანაში ვიმყოფებიო, საქართველოშიო, რა საზღვარი და რა სხვა ქვეყანაო. აბა, ამ სიტყვების შემდეგ ვინ გამოუშვებდა?!” – ჰყვება JAMnews-ის წყარო.
რას აპირებს თბილისი?
როგორც საქართველოს ხელისუფლება აღნიშნავს, ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.
სავარაუდოდ, სწორედ არაფორმალური კავშირებით ცდილობდა თბილისი ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალიდან დახსნას მისი დაკავების პირველ დღეებში და ამიტომ არ ახმაურებდა მისი დაკავების ფაქტს. თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ.
გაფრინდაშვილის გატაცებიდან რამდენიმე დღეში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთი ციხელაშვილმა თქვა, რომ გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გამოუშვებდნენ. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რაზე დაყრდნობით ავრცელებდა ამ ინფორმაციას.
როგორც ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, ეს განცხადება დიდი შეცდომა იყო:
“ციხელაშვილის განცხადება კიდევ უფრო ართულებს საქმეს. თუ იცის რამე, მით უმეტეს, უნდა გაჩუმდეს. ამ განცხადების გამო, კიდევ შეიძლება არ გამოუშვან. ისინი მერე ამას სხვანაირად თარგმნიან – ანუ, რა გამოდის, ახლა რომ გამოვუშვათ, ჩვენ თბილისის ნებას ვემორჩლებითო?”
20 ივნისს ცხინვალიდან დაბრუნებულ ევროპელ დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს მან სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.
“ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.