კვლევა: პოლიტიკური რეიტინგები, ომის საფრთხე და სხვა. რას ფიქრობს ხალხი არჩევნებიდან სამი თვის თავზე
ISSA კვლევა
“საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით” – ასე ჰქვია სოციოლოგიურ გამოკითხვას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის დაფინანსებით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) ჩაატარა.
გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა, კონკრეტულად კი 2000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუ სახით როგორც თბილისსა და სხვა ქალაქებში, ასევე სოფლად. გამოკითხვა ჩატარდა 18-დან 30 იანვრის შუალედში.
მთავარი მიგნებები:
● საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა აღიარებს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობას. არ მოსწონს ქვეყნის განვითარების გზა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ძირითად პასუხისმგებლობას “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
● როგორც კვლევის ავტორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რომელსაც მსგავსი კვლევები არჩევნებამდეც ჩაუტარებია, 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, 8-10 პროცენტითაა შემცირებულია ოცნების პოლიტიკური „წონა“.
● “ქართული ოცნების” გავლენა მყარად ფარავს მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს, ხოლო, უკეთეს შემთხვევაში, 31-32%-ს. ამომრჩეველთა ამ ნაწილში, იმის მიუხედავად, რომ მწვავე სოციალურ პრობლემებს თვალს უსწორებენ, ცოცხლობს პროპაგანდით ნაკვები შიშები რუსეთთან ომში ჩართვის, ე.წ. „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ-სთეითის“ საქართველოზე მავნე გავლენების შესახებ.
● ამ შიშების მიუხედავად, მოსახლეობა არ ამბობს უარს დასავლეთთან ინტეგრაციაზე და დისონანსში მოდის ხელისუფლების ანტიდასავლურ ორიენტაციასთან.
● მეორე მხრივ, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აღწევს თავს წინააღმდეგობას და საერთაშორისო სამხედრო სტრუქტურებში (ნატოში) გაერთიანების მხარდაჭერის პარალელურად, ნეიტრალიტეტის იდეას ემხრობა.
● “მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური განწყობების მიუხედავად, თვით ოპოზიციური ამომრჩევლების ნაწილი არ ლაპარაკობს “ქართული ოცნების” არაკანონიერებასა და არალეგიტიმურობაზე, რადგან ხედავს ძალას, რომელიც რეალურ ძალაუფლებას ფლობს და ლამის ყოველდღიურ რეჟიმში იმყარებს. თუმცა, რესპონდენტებში მაღალია, აგრეთვე, მიმდინარე პროტესტის მიმართ ლოიალურობაც,” – აღნშნავს კვლევის ავტორი.
პოლიტიკური რეიტინგები
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც პოლიტიკურ კუთვნილებას შეეხებოდა, პასუხები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნების” მომხრედ თავს აიდენტიფიცირებს გამოკითხულთა 34.1 პროცენტი, ხოლო ოპოზიციონერად – 59.7 პროცენტი.
კვლევამ გამოავლინა, რომ ოცნების ამომრჩეველში მხოლოდ 18.6 პროცენტია ე.წ. “ძლიერი” მომხრე ანუ ისეთი, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” დამახასიეთებელ ყველა ინდიკატორს იზიარებს.
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-09-at-21.11.49-1024x748.png)
უფრო კონკრეტულად, პოლიტიკური რეიტინგები ასე გამოიყურება:
(41) ქართული ოცნება 25.1% (ალოკაციით 31.5%)
(4) კოალიცია ცვლილებებისთვის – 10.3% (ალოკაციით 18%)
(5) ნაციონალური მოძრაობა – 8.5 (ალოკაციით 14.9 %)
(8) საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1.6% (ალოკაციით 2.9%)
(9) ძლიერი საქართველო – 6.3% (ალოკაციით 11%)
(10) საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 0.5% (ალოკაციით 0.8%)
(25) გახარია საქართველოსთვის – 5.4% (ალოკაციით 9.5%)
(36) გირჩი – 2.4% (ალოკაციით 4.3%)
სხვა პარტია – 4% (ალოკაციით 7.1%), არ ვიცი – 13.8%; ბიულეტენს ცარიელს დავტოვებდი – 4.1%, უარი პასუხზე – 18.2%
ვინ არის ხელისუფლების და ოპოზიციის ამომრჩეველი
რაც შეეხება ასაკს და გეოგრაფიულ და სოციალურ კუთვნილებას: აღმოჩნდა, რომ ოპოზიციონერთა ჯგუფში, სხვა ჯგუფებთან შედარებით, ყველაზე მაღალია ახალგარდების (18-29 წწ.), თბილისელებისა და კერძო სექტორში დასაქმებულთა წილი.
ხოლო ქართული ოცნების მომხრეებს შორის მეტია უფროსი ასაკის (55+), სოფლებში მაცხოვრებელთა, აგრეთვე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა, პენსიონერთა, შშმ პირთა და სამუშაო ძალის გარეთ მყოფთა წილი.
გაურკვევლების ჯგუფში კი შედარებით მაღალია უმუშევართა ხვედრითი წილი.
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-09-at-21.27.44-1024x914.png)
ვინ როგორ აფასებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას
ყველა გამოკითხვის ტრადიციული კითხვა – თქვენი აზრით, ზოგადად, საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით, თუ თვლით, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით?
ამ კითხვაზე გამოკვეთილი უმრავლესობა, 61.7 პროცენტი, პასუხობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. აქედან მესამედზე მეტი კატეგორიულია თავის უარყოფით შეფასებაში (პასუხობს, რომ ქვეყანა “სრულიად არასწორი მიმართულებით” მიდის).
ქვეყნის დადებით განვითარებას ჯამში 35 პროცენტამდე ადასტურებს. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად დადებითი დამოკიდებულება მხოლოდ 12.2 პროცენტს აქვს.
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-09-at-21.32.26-1024x1014.png)
ასევე, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან გამუდმებით საპირისპიროს მტკიცებისა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 82.1 პროცენტი, აღიარებს, რომ ქვეყანაში დღეს პოლიტიკური კრიზისია. და საინტერესოა, რომ კრიზისის არსებობს აღიარებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც. მხოლოდ გამოკითხულთა 12.3 პროცენტმა თქვა, რომ კრიზისს ვერ ხედავს.
გამოკითხულების აზრით, პოლიტიკური კრიზისის მთავარი ინდიკატორი ეს სამი ძირითადი ფაქტორია: პირველი – ერთპარტიული პარლამენტი; მეორე – მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ახალი არჩევნების მოთხოვნით და მესამე – პროტესტის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობა და უკანონო დაპატიმრებები.
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-09-at-21.46.25-998x1024.png)
საინტერესოა პასუხები კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე. დიდი უმრავლესობა, 78 პროცენტი, მიიჩნევს, რომ ძირითადი პასუხისმგებელი აქტორი არის “ქართული ოცნება”.
მეორე ადგილზე პასუხისმგებელ აქტორებს შორის გავიდა ბიძინა ივანიშვილი (23.6%). შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობა 16 პროცენტით და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 16.5 პროცენტით.
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-09-at-21.51.16-915x1024.png)
ყველაზე მთავარი პრობლემები
ქვეყნის წიმაშე მდგარი ყველაზე უფრო მწვავე პრობლემად მაღალი ფასები და უმუსევრობაა დასახელებული.
პრობლემების ათეული ასე გამოიყურება:
1. მაღალი ფასები (46.5 პროცენტი)
2. უმუშევრობა (42.1 პროცენტი)
3. ქართველების ემიგრაცია (21 პროცენტი);
4. ნარკოტიკებოს გავრცელება/გამოყენება (18%);
5. სიღარიბე (16.4%);
6. უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები (15.5%)
7. კრიმინალი და დაუცველობა (15.4%)
8. დაბალი ხელფასები (13)
9. დაბალი პენსიები (12.9)
10. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა (12)
რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე, რომელზეც გამუდმებით მიუთითებს სახელისუფლებო პროპაგანდა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემა რესპონდენტთა მხოლოდ 8.3 პროცენტმა დაასახელა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები პრობლემად 3.7 პროცენტმა დაასახელა. სასამართლოს დამოუკიდებლობა მხოლოდ 6.8-მ.
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-09-at-22.05.04-1024x511.png)
კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება
ირაკლის კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება მიუღებლად მიაჩნია გამოკვეთილ უმრავლესობას (67.1%); ამასთან, თითქმის ყოველი მეორისთვის (48%) ეს განცხადება სრულიად მიუღებელია.
კობახიძის განცხადება მისაღებია მეოთხედისთვის (24.7%). ამასთან, სრულიად მისაღებია – დაახლოებით მხოლოდ მეათედისთვის (9.5%).
კობახიძის განცხადება მიუღებელია ქ/ოცნების &Co მომხრეების დაახლოებით 26%-თვის.
საგარეო კურსი
უმრავლესობა (55%-მდე) თვლის, რომ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა რუსეთის/რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების (ჩინეთი, ირანი და სხვ.) ინტერესების გატარებას ემსახურება.
30.1%-ია აზრით, ქართული ოცნება ეწევა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს.
მხოლოდ 7%-ია დარწმუნებული იმაში, რომ ქართული ოცნება დგას დასავლეთთან (ევროპა, აშშ) და დასავლურ სტრუქტურებთან (ევროკავშირი, ნატო) ინტეგრაციის გზაზე.
ოპოზიციური განწყობების მქონეთა დიდი უმრავლესობისთვის (81.2%) ქ/ოცნების საგარეო კურსი პრორუსულია. ქ/ოცნების &Co ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის (65.4) ქ/ოცნების საგარეო პოლიტიკა დაბალანსებულია. ოცნების მომხრე 13.5 პროცენტი მიიჩნევს, რომ ოცნებას პრორუსული პოლიტიკა აქვს და 14.5 მიიჩნევს, რომ პროდასავლური.
რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საპროტესტო აქციების მიმართ
საპროტესტო აქციების მიმართ ლოიალურია (ქულები 6-10) უმრავლესობა – 60%-მდე.
პროტესტი მიმართ აქტიურად გამოხატული მხარდაჭერა (ქულები 9 და 10) აქვს 45%-ს.
საპროტესტო აქციების მიმართ რეზისტენტულია (ქულები 0-5) დაახლოებით 31%. თითქმის მეოთხედია (23.7%) ისეთი, ვინც მიმდინარე პროტესტის მიმართ გამოკვეთილად შეურიგებელია (ქულები 0 და 1).
ქ/ოცნების &Co მომხრეების 14%-მდე ლოიალურია პროტესტის მიმართ (ქულები 6-10).
სჯერათ თუ არა დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის
„დიფ-სთეითის“ და გლობალური ომის პარტიის ანტიქართული გავლენების შესახებ “ქართული ოცნების” განცხადებები არადამაჯერებლად მიაჩნია უმრავლესობას (54.2%). თუმცა, თითქმის ყოველი მეხუთე გამოკითხული (19.5%) ფიქრობს, რომ ეს განცხადებები დამაჯერებელია.
ყოველი მეოთხე რესპონდენტმა კი (25.3%) თქვა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა უჭირს.
კიდევ ერთი საინტერესო მიგნებაა ის თუ რა დამოკიდებულება აქვთ „დიფ-სთეითის“ და გლობალური ომის პარტიის შესახებ ოცნების ლიდერთა განცხადებების მიმართ თვით “ქართული ოცნების” მომხრეებს. აღმოჩნდა, რომ მათ დაახლოებით მეოთხედს (23.3%) არ სჯერა დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის , ხოლო მესამედი (33.3%) არ არის ჩამოყალიბებული – უჭირს პოზიციის გამოხატვა.
სად უნდა გაწევრიანდეს საქართველო
ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას მხარს უჭერს დიდი უმრავლესობა – 86.3 პროცენტი, ხოლო ნატოში გაწევრეებას – გამოკვეთილი უმრავლესობა (74.2%).
ოდკბ-ში საქართველოს გაერთიანებას ეწინააღმდეგება 80 პროცენტი, ხოლო ემხრობა 14 პროცენტამდე.
რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (53%-მდე) მომხრეა, რომ საქართველო არცერთ პოლიტიკურ/სამხედრო საერთაშორისო სტრუქტურაში არ გაერთიანდეს და ჰქონდეს ნეიტრალიტეტი.
ნეიტრალიტეტის პერსპექტივას ეწინააღმდეგება 38.4 პროცენტი.
რას ფიქრობს ხალხი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე
43 პროცენტი ფიქრობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების უსამართლოდ ჩატარდა. მესამედი – 33.1 პროცენტი, აღნიშნავს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.
16.1 პროცენტი კი, ფიქრობს, რომ არჩევნები იმდენადვე სამართლიანად ჩატარდა, რამდენადაც უსამართლოდ (50/50-ზე).
მნიშვნელოვანია ერთი დეტალი – ოპოზიციურად განწყობილ რესპონდენტთა დაახლოებით მეოთხედი 23 პროცენტამდე, არ თვლის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა.
იმ მექანიზმებს შორის, რომლებმაც უარყოფითი გავლენა იქონია არჩევნების სამართლიანობაზე, რესპონდენტებმა გამოკვეთეს:
- ამომრჩევლების მოსყიდვა;
- ამომრჩევლების დაშინება;
- საარჩევნო უბნებზე კრიმინალური პირების მობილიზება და ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური კონტროლი;
- საარჩევნო უბნებზე ხელისუფლების მხარდამჭერი კოორდინატორების მობილიზება და ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური კონტროლი და სხვ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაცემი, რომელიც, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის:
გამოკითხულთა ნახევარზე მეტი 51.3 პროცენტი აცხადებს, რომ არჩევნებში ხმა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მისცა,. ხოლო დაახლოებით მესამედი 32 პროცენტი – ადასტურებს, რომ მხარი “ქართულ ოცნებას”დაუჭირა.
მოცემულ შეკითხვას არ უპასუხა რესპონდენტთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა – რესპონდენტთა დაახლოებით 17 პროცენტმა. თუმცა, კვლევის ავტორებმა მათ მიერ სხვა კითხვებზე გაცემული პასუხებით დაადგინეს, რომ ეს 17 პროცენტი ასე ნაწილდება: ოპოზიციონერი 7.6 პროცენტი, ქართული ოცნების მომხრე – 4,5 პროცენტი, გაურკვეველი – 4.5 პროცენტი.
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-10-at-08.59.19-1024x904.png)
როგორც კვლევის შემდეგი სლაიდით ირკვევა, იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც გავლენა იქონია რესპონდენტებზე, 26 ოქტომბერს ხმა მიეცათ რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის გამოიკვეთა ორი ძრითადი: ხელისუფლების (“ქართული ოცნების” ცვლილების აუცილებლობა) – 36 პროცენტი და სიღარიბის დაძლევა/ეკონომიკური პრობლემების მოგვარება – 36.3 პროცენტი.
ანგარიშგასაწევ ფაქტორებს შორის დასახელდა, აგრეთვე, ქვეყნის დასავლური ორიენტაციის შენარჩუნება (25.8%) და რუსეთთან ომის საფრთხის თავიდან აცილება (25.5%).
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-10-at-09.03.08-973x1024.png)
ქართული ოცნების მომხრეების ჯგუფში 26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი იყო რუსეთთან ომის საფრთხის თავიდან აცილება – 60 პროცენბტამდე.
მაშინ როდესაც ამ ფაქტორს ოპოზიციონერთა ჯგუფის მხოლოდ 6.5 პროცენტში ჰქონდა გავლენა. ოპოზიციონერი ამომრჩევლისთვის წამყვან მამოტივირებელ ფაქტორად 26 ოქტომბრის არჩევნებზე ოცნების შეცვლის, ცვლილებების აუცილებლობა წარმოადგენდა.
“ქართული ოცნების” ყოფნას ხელისუფლებაში ლეგიტიმურად და კანონიერად მნიიჩნევს გამოკითხულთა მხოლოდ 39.2 პროცენტი. 48 პროცენტი ამ პოლიტიკურ ძალა არალეგიტიმურად თვლის, ხოლო 13 პროცენტმა არ იცის ან არ პასუხობს კითხვას.
ეთანხმება თუ არა ხალხი პროტესტის მოთხოვნებს – ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებულები?
კვლევის თანახმად, ახალი არჩევნების დანიშვნას ეთანხმება უმრავლესობა – 62 პროცენტი.
ახალი არჩევნების დანიშნავს არ ეთანხმება დაახლოებით მესამედი 34,2 პროცენტი, თუმცა კატეგორიულად ამის წინააღმდეგი მხოლოდ დაახლოებით მეოთხედი 23.8 პროცენტია.
რესპონდენტთა მხარდაჭერა გაცილებით მაღალია საპროტესტო გამოსვლების მეორე მოთხოვნის მიმართ: რეჟიმის პატიმრების განთავისუფლებას მხარს უჭერს გამოკვეთილი უმრავლესობა – 76.3 პროცენტი. ამასთან, ამ მოთხოვნასთან სრული თანხმობა აქვს 56.5 პროცენტს. პატიმრების განთავისუფლებას ეწინააღმდეგება დაახლოებით მეხუთედი 18.3 პროცენტი.
ომის საფრთხე
რესპონდენტთა უმრავლესობა 55 პროცენტამდე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თუ ქართული ოცნება ხელისუფლებიდან წავა, გაიზრდება საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე. ასეთი მოლოდინი აქვს ჯამში რესპონდენტთა 35.5 პროცენტს. ამასთან, ოცნების ხელისუფლებისგან ჩამოშორების შემთხვევაში, რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხეს სავსებით რეალურად მხოლო 15.3 პროცენტი მიიჩნევს.
ვინ არის საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი?
რესპონდენტთა მოსაზრებები თითქმის შუაზე გაიყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინაა საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი:
მცირე უპირატესობა აქვს იმ ნაწილს, ვინც კანონიერ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს თვლის (40.1 პროცენტი). მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად მიიჩნევს დაახლოებით 38 პროცენტი.
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-10-at-09.23.33-910x1024.png)
რომელი პოლიტიკოსი მოსწონს ხალხს?
ოპოზიციონერ ამომრჩეველთა ჯგუფში კეთილგანწყობის დადებითი მაჩვენებლები აქვს შემდეგ პოლიტიკოსებს:
- სალომე ზურაბიშვილს
- ანა დოლიძეს
- გიორგი მარგველაშვილს
- ნიკა მელიას
- გიორგი გახარიას
- ელენე ხოშტარიას
- ნიკა გვარამიას
- თინა ბოკუჩავას
- ზურაბ ჯაფარიძეს
- ბადრი ჯაფარიძეს
- გიორგი ვაშაძეს
- მამუკა ხაზარაძეს
ხოლო ქართული ოცნების ამომრჩეველთა ჯგუფში კი მოსწონთ ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი.
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-10-at-09.28.03-1024x889.png)
ბოლო თვეებში სხვადასხვა აქტორის საქმიანობის/მოვლენის შეფასებისას, ყველაზე დადებითი დამოკიდებულება ვლინდება სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის მიმართ. დადებითია, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ დამოკიდებულებაც, თუმცა, შეფასების სკალაზე მაჩვენებელი ნეიტრალურ პუნქტთან ძალზე ახლოსაა. ყველაზე ნეგატიური შეფასება დაიმსახურა მიხეილ ყაველაშვილის არჩევამ საქართველოს პრეზიდენტად.
სანქციების მიმართ დამოკიდებულება
კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის გამოკვეთი უმრავლესობა საქმის კურსშია დასავლური სანქციების შესახებ და ამ თემის მიმართ ინტერესი მაღალია.
რესპონდენტთა დიდ უმრავლესობას 86.5 პროცენტს სმენია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების შესახებ. ნახევარზე მეტი (52%-მდე) თვლის, რომ ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციები სამართლიანია. ივანიშვილის დასანქცირება უსამართლოდ მიაჩნია მესამედს (33.8%). მინიმუმ ყოველი მეორე რესპონდენტი (51.2%) თვლის, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ბიძინა ივანიშვილს ასუსტებს, 45%-ის აზრით ივანიშვილის დასანქცირება უნდა გაგრძელდეს.
სამართლიანად მიაჩნია უმრავლესობას (52%-მდე) შსს მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებული სანქციებიც. რესპონდენტთა უმრავლესობა (53%-მდე) ასევე თვლის, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები შსს მაღალჩინოსნებს ასუსტებს და ისინი უნდა გაგრძელდეს (47%).
ყოველი მეორე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონე ოცნების თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება სამართლიანია და უნდა გაგრძელდეს (47%).
საიდან იღებს ინფორმაციას საქართველოს მოსახლეობა
კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა ორი წყარო, საიდანაც რესპონდენტები ინფორმაციას იღებენ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ:
- საქართველოს სატელევიზიო არხები
- სოციალური მედია
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-10-at-09.42.39-1024x887.png)
საქართველოს სატელევიზიო არხებს შორის, არცთუ დიდი დისტანციით, ლიდერობენ:
1.პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული არხი “იმედი”
2. ოპოზიციური “მთავარი არხი”
3. და ოპოზიციური “ტვ პირველი”
“ქართული ოცნების” დიდი უმრავლესობა (82.1%) ინფორმაციას იღებს „იმედისგან“. ოპოზიციონერ ამომრჩევლებს შორის უმრავლესობა ინფორმაციას იღებს მთავარი არხისგან (59.9%) და ტვ პირველისგან (51.8%).
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-10-at-09.45.45-1024x767.png)
საქართველოს ინტერნეტ გვერდებს შორის ლიდერობენ: Ambebi.ge და Interpresnews, ხოლო სოციალურ მედიებს შორის უპირობო ლიდერია ფეისბუქი:
![](https://jam-news.net/app/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-10-at-09.47.12-1024x519.png)