"ის მფარველობდა საწვავის კონტრაბანდას“ - სკანდალი ცხინვალის КГБ-ს უფროსის მოადგილის გარშემო
სამხრეთ ოსეთის კგბ-ს უფროსის მოადგილე
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის უფროსის (КГБ) პირველი მოადგილე, ალექსანდრ ტუაევი თანამდებობას დროებით ჩამოაშორეს კორუფციულ სქემებთან და კრიმინალურ წრეებთან სავარაუდო კავშირების გამო. როგორც ცხინვალის ტელეგრამ-არხები იუწყებიან, საქმე საწვავისა და ლუბრიკანტების კონტრაბანდას ეხება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა.
მომხდარს სკანდალურ ხასიათს ის სძენს, რომ ტუაევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ახლო მეგობარია და ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ითვლება მის გუნდში.
ტუაევის ჩამოშორების გადაწყვეტილება უშუალოდ КГБ-ის თავმჯდომარემ, ოლეგ შირანმა მიიღო — სწორედ იმ დროს, როდესაც გაგლოევი მოსკოვში იმყოფებოდა. ოფიციალური განცხადება უწყებას არ გაუვრცელებია, თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ ტუაევი სავარაუდოდ “მფარველობდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც გაგლოევთან კავშირში იმყოფებოდა“.
ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ტუაევს ბრალად ედება:
- საწვავის კონტრაბანდა საქართველოში,
- უკანონო მშენებლობების მფარველობა,
- სიგარეტების კონტრაბანდის მოგების წილების განაწილება,
- კერძო დაცვის კომპანიის ფლობა და საწვავის სადგური, სადაც უსაფრთხოების წესების დარღვევით ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი წყაროების ვარაუდით, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ გაგლოევი შეეცდება ტუაევის გადარჩენას: “მან ერთხელ უკვე მოახერხა მსგავსი სკანდალიდან უვნებლად გამოსვლა“, — წერენ ტელეგრამ-არხები.
ტუაევი КГБ-ის უფროსის პირველ მოადგილედ 2022 წელს დაინიშნა, იმავე წელს, როდესაც ალან გაგლოევი ე.წ. პრეზიდენტი გახდა. მისი სახელი უკვე ფიგურირებდა 2023 წლის ნოემბრის გახმაურებულ საქმეში — საწვავის დიდი მოცულობით კონტრაბანდა სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მაშინ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ ძველი მელიორაციის სისტემის მილსადენში ჩასმული იყო პლასტმასის მილი, რომელიც სამხრეთ ოსეთიდან პირდაპირ მიდიოდა ქართული მხარის ტერიტორიაზე. დაკავებულებმა, რომლებიც გაგლოევის ოჯახის გარემოცვას ეკუთვნოდნენ, აღიარებითი ჩვენებები მისცეს.
КГБ-ის ოფიციალური განცხადებით, ეს საქმიანობა „სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად“ ჩაითვალა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საწვავის მსგავსი მოცულობები შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებულიყო.
მიუხედავად ამისა, არც ერთ ფიგურანტს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.
ამ დროისთვის ტუაევი თანამდებობიდან ერთი თვით არის გათავისუფლებული. ალან გაგლოევი მომხდარს საჯაროდ არ გამოეხმაურა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ის კვლავ შეეცდება მის მხარდაჭერას. ეს კი შესაძლოა ღია დაპირისპირებაში გადაიზარდოს КГБ-ის ხელმძღვანელ ოლეგ შირანთან.
“გაგლოევის კაცის ჩამოშორება — ეს დემონსტრაციული და სერიოზული დარტყმაა პრეზიდენტის პოზიციებისთვის, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინიციატივა მოდის უშიშროების სამსახურიდან, რომელიც, როგორც ჩანს, ცდილობს საკუთარი რიგები გაასუფთაოს გავლენიანი ჯგუფებისგან“, — აცხადებს ანალიტიკოსი, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო