საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავეს
ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს
“ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს (2004-2006), ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. ოქრუაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს.
აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
ყოფილ თავდაცვის მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 8 აპრილს შეეფარდა, მას ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა.
მის წინააღმდეგ საქმე “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ “წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ” საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღძრეს.
ბრალდება 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატის განმარტება
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, კანონი, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, იმპერატიულად პატიმრობის შეფარდებას არ ითვალისწინებს.
“ოქრუაშვილს გირაო ჰქონდა შეფარდებული, არ გადაიხადა ეს გირაო, მაგრამ კანონი იმპერატიულად არ ითხოვს, თუკი ადამიანი არ იმალება, არაფერს აშავებს, მაინცდამაინც პატიმრობით შეცვლილიყო გირაო. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება უკანონოა.” – თქვა ჭაბაშვილმა.
პროკურორის კომენტარი
“მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა არ გადაიხადა დადგენილ ვადაში გირაოს ოდენობა, დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობა, გირაოს თანხის უზრუნველყოფაც არ მოუხდენია მას უძრავი ქონებით, შესაბამისად, აღნიშნული იყო მთავარი საფუძველი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალა პატიმრობით.
პირველი, რაც ესე იგი არ შეასრულა მან გირაოს პირობები, დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა მოსამართლის კანონიერი მოთხოვნა და ეს უგულებელყოფა იყო მისი მხრიდან მომდინარე. ამის შემდგომ, გარდა ამ მის მიერ დარღვეული ქმედებისა, მისი ქმედება იყო ძირითადი ფაქტორი. როდესაც ბრალდებული განმარტავს, რომ იგი არ გადაიხდის აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრულ გირაოს ოდენობას.
იგი მისთვის სპორტული ჟინი იყო აღნიშნული, რის გამოც არ შეასრულებდა გირაოს პირობებს. ბუნებრივია, მისი საჯარო მოწოდებებიც, რომ სხვა ბრალდებულებსაც არ გადაეხადათ აღნიშნული გირაოს ოდენობა და არ შეესრულებინათ განჩინებით გათვალისწინებული ვალდებულებები. […] [ბრალდების მხარე შეაფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, ბრალდებულის შემდგომ ქცევას, მის დამოკიდებულებას კანონიერი მოთხოვნისადმი და შესაბამის გადაწყვეტილებას, დასაბუთებულს, თავისთავად, წარვუდგენთ სასამართლოს.” – განაცხადა პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა.
კომისიაზე არ მისვლის გამო კიდევ 7 ოპოზიციონერს ემუქრება პატიმრობა
ოცნების ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.
5 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტში შეიქმნა ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სახელწოდებით – “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
კომისიის შექმნა “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.