“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს არ დაუგმია ხელისუფლების დამხობის მცდელობა.
“უკვე მეოთხე დღეა, რაც განხორციელდა ძალადობრივი შტურმი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, რომლის წინასწარ გაცხადებული მიზანი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა იყო. თუმცა, ამ დღეების განმავლობაში, არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში განვითარებული შიდაპოლიტიკური მოვლენების მყისიერ შეფასებაზე, ქვეყნის გაკრიტიკებასა და მისთვის მითითებების მიცემაზე აქვს პრეტენზია – მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს – არ გაუკეთებია განცხადება, რომლითაც დაგმობდა და გაემიჯნებოდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას და ძალადობრივ შტურმს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე.
მეტიც, ევროკავშირმა, ოდირმა და სხვა სუბიექტებმა საპირისპირო სულისკვეთების განცხადებების გაკეთებაც კი იკადრეს. ბუნებრივია, დამხობის მცდელობისა და ძალადობისგან არგამიჯვნა და მათი არდაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულება.“ – განაცხადა კობახიძემ.
4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. არჩევნებზე არ მივიდა ასევე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. შედეგად, საარჩევნო აქტივობამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ანტირეკორდი დაამყარა.
პარალელურად, ამავე დღეს, თბილისში გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომელიც მოგვიანებით მომიტინგეების ნაწილსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. პროტესტში მონაწილეთა ნაწილმა პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
სამართალდამცავებმა აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალეთ. საქმე აღიძრა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით. დაკავებულია ოცზე მეტი ადამიანი, მათ შორის, არიან პოლიტიკოსები და აქტივისტები.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ დაადანაშაულა ევროკავშირის ელჩი ამ არეულობის ორგანიზებაში. კობახიძემ დააანონსა შემდგომი დაკავებებიც და თქვა, რომ იქნება “ნული თანაგრძნობა” პროტესტში მონაწილეთა მიმართ.