ირაკლი კობახიძე: არ გვაქვს ფუფუნება, რომ საინვესტიციო პროექტზე უარი ვთქვათ, მით უმეტეს, უნაკლო პროექტზე
ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ზე
ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როცა საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას “იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით უსმენენ.
თბილისთან და გონიოსთან ახლოს არაბი ინვესტორი ააშენებს ქალაქს, რომლის პროექტი და ხელშეკრულება საქართველოში დავის საგანი გახდა. ინვესტორთან გაფორმებული შეთანხმება მთავრობის ბრძანებით კომერციულ საიდუმლოდ გამოცხადდა.
სახელმწიფო Eagle Hills-ის შვილობილი კომპანიის 33 პროცენტის მფლობელი გახდა და ერთობლივ პროექტში შავიზღვისპირა გონიოს 260 ჰექტარი მიწითა და თბილისის მიმდებარედ 590 ჰექტარი ტყე-პარკით შევიდა, სადაც მრავალფუნქციური კომპლექსები უნდა აშენდეს. პროექტების საერთო ღირებულება, გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, 6,6 მილიარდი, ზეპირი განცხადებებით კი “6 მილიარდზე მეტი” დოლარი იქნება.
მისივე თქმით, არათუ “იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელებაზე უნდა ითქვას უარი, არამედ მეტი ასეთი პროექტის მოზიდვაზე “უნდა ვიყოთ” ორიენტირებულები.
“თქვენ იცით, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი. საშუალო მაჩვენებელი არის 9.7 % 2021 წლიდან მოყოლებული, წელსაც გვაქვს თითქმის 8 %-იანი ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ტემპის შენარჩუნება. ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს, პირველად ისტორიაში წელს, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი. დაახლოებით, 30-40 %-ით.
შარშანდელი მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ იყო 9.4%. ეს იმას ნიშნავს, რომ 350 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. ასეთ პირობებში, ხელისუფლების და ნებისმიერი პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და ზრდის ტემპის შენარჩუნება. ასეთ პირობებში, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როცა საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე, რომელსაც არავითარი მინუსი არ ახლავს თან. არათუ ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე უნდა ვიყოთ ორიენტირებული კიდევ უფრო მეტი ასეთი პროექტის მოზიდვაზე ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ამ პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ 350 ათასი ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა, როდესაც ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და ა.შ. და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე შესაბამისად მეტყველებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ისმის სპეკულაციები, არის თუ არა პროექტი მომგებიანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა.
“ჩვენ ვთქვით საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფოს დივიდენდი ამ პროექტიდან იქნება ჯამში, დაახლოებით, 2 მლრდ ლარი. რადგან ჩვენი არის 1/3 და Eagle Hills-ის 2/3, შესაბამისად, Eagle Hills-ის დივიდენტი იქნება, დაახლოებით, 4 მლრდ ლარი, რაც არის 1.5 მლრდ დოლარი. Eagle Hills-ი დებს ამ საინვესტიციო პროექტში ჯამში 6.6 მლრდ დოლარს და ელოდება 1.5 მლრდ დოლარის წმინდა მოგებას. ინვესტიციიდან ამონაგები არის დაახლოებით 23%. თქვენ შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და ოპტიმალურ ამონაგებად მიიჩნევა 25%-მდე ასეთი ტიპის დეველოპერული პროექტებისათვის. 25%-მდე თუ გაქვს ამონაგები, ითვლება, რომ ეს არის კარგი მოგება შესაბამისი ინვესტორისთვის, კომპანიისთვის. ამ შემთხვევაში, ახლოს არის მაქსიმალურ ზღვართან კომპანია Eagle Hills-ის მოგება, ეს არის 23%.
უწუნებენ კომპანია Eagle Hills-ს, ამხელა გამოცდილების მქონე კომპანიას, საკუთარ დათვლებს და ამბობენ, რომ ეს არის ცოტა, თუმცა შეუძლიათ, გადაამოწმონ სხვადასხვა წყაროებში, არის თუ არა ცოტა 23%. ეს არის ოპტიმალურ ზღვართან ახლოს არსებული ამონაგები, რასაც მიიღებს კომპანია Eagle Hills-ი. აქაც სპეკულირებენ, მარტივად იტყუებიან და ზოგადად, არ არის ღირსეული საქციელი ასე სპეკულირება, მით უმეტეს, რომ ჩვენ დეტალურად განვმარტეთ ყველაფერი, მათ შორის, მოგებასთან დაკავშირებით. თავიდანვე იწყებენ ტყუილით და მერე ამ ტყუილზე აგებენ საკუთარ ალოგიკურ დასკვნებს. ამბობენ, რომ თითქოს კომპანია 10 წლის თავზე ამოიღებს ამ 1.5 მლრდ დოლარს. რა თქმა უნდა, ეს არავის არ უთქვამს, პირიქით, ჩვენ განვმარტეთ, რომ, როგორც სახელმწიფო, დივიდენდის სახით და ისე კომპანია, Eagle Hills-ი, ბუნებრივია, ეტაპობრივად ამოიღებს ამ ინვესტიციას. შესაბამისად, თვითონვე იტყუებიან თავში, რომ 10 წლის თავზე იქნება მოგება ამოღებული, ინფლაცია შეჭამს ამ მოგებას და შესაბამისად, რეალური ამონაგები იქნება არა 23%, არამედ ბევრად ნაკლები, თავშივე ტყუილს ამბობენ და მერე ამაზე აგებენ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს Eagle Hills-ის მოგება არ იქნება საკმარისი.
რეალურად, როგორც ეს ხდება სტანდარტულად დეველოპერულ პროექტებში, ეტაპობრივად მოხდება ინვესტიციის ამოღება, მოგების მიღება ინვესტიციიდან. შესაბამისად, კომპანიას დარჩება სუფთა 23% მოგება, რაც არის ზუსტად მიახლოებული ოპტიმალურ, 25%-იან, მაქსიმალურ მაჩვენებელთან. მოჰამედ ალაბარს და კომპანია Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური და მძიმე წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან. ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ განმარტა, სახელმწიფომ მაქსიმალური მოგება წამოიღო აღნიშნული პროექტიდან.
“მე შემიძლია მოგცეთ პირობა, რომ მაქსიმუმი წამოვიღეთ, რისი წამოღებაც შეგვეძლო დივიდენდის სახით თუ ნებისმიერი სხვა მოგების სახით. დანარჩენი რაც გვესმის, არის მხოლოდ სპეკულაციები, სამწუხაროდ. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ის, რაც თქვა კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, როდესაც გვქონდა საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით. ასეთივე კამპანია წამოიწყეს სერბეთში პოლიტიკურმა ოპონენტებმა Emaar-ის პროექტის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ამ ოპონენტებმა შეიძინეს ბინები Emaar-ის მიერ განხორციელებულ პროექტში. მინდა ვუსურვო პროექტის ყველა ოპონენტს, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ საბაზრო ფასების შესაბამისად”, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი განსხვავებულია Eagle hills-ის დამფუძნებლის მოლოდინისგან, რომელიც ვარაუდობს ბინების დაახლოებით 60%-ის გაყიდვას საერთაშორისო კლიენტებზე.
“დაახლოებით 16 000 ბინა ცალკე აშენდება ორივე ტერიტორიაზე. Eagle hills-ის დამფუძნებელმა, ბატონმა ალაბარმა განაცხადა, რომ ის ვარაუდობს დაახლოებით 60%-ის გაყიდვას საერთაშორისო კლიენტებზე. ეს განცხადება ეფუძნება ამ კომპანიის პრაქტიკას და იმას, რომ ამ კომპანიას კარგად აქვს აწყობილი მარკეტინგული ქსელი მსოფლიოს მასშტაბით. მან წარმოაჩინა ეს, როგორც დამატებითი ეკონომიკური ეფექტი – რაც მეტია უცხოელი მყიდველი, მით მეტია ეკონომიკაში შენატანი გარედან. თუმცა, ჩვენი მოლოდინი ცოტა განსხვავებულია.
საქართველოში დღეს არის ასეთი სტატისტიკა – როცა შენდება ბინები, დაახლოებით 80%-ს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები და 20%-ს ყიდულობენ უცხოეთის მოქალაქეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის მაჩვენებელიც იქნება დაახლოებით იგივე, ახლოს 80%-იან მაჩვენებელთან. ეს არის ჩვენი ზოგადი, ლოგიკური დასკვნა. აქაც, ოპონენტები სპეკულირებენ და ამბობენ, რომ ბინის ფასი იქნება ძალიან მაღალი და შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ ამ პროექტში ბინების შეძენის შესაძლებლობა და ერთიდაიგივე ციფრებს ატრიალებენ. აქედანაც ჩანს, რომ ეს არის კოორდინირებული ეს კამპანია. აცხადებენ, რომ 12 000 ეღირება ბინა ამ ტერიტორიებზე, გონიოში და კრწანისში, რაც არაფერს არ ეფუძნება. მოიფიქრეს 12 000 დოლარი და კოორდინირებულად ერთიდაიგივეს ლაპარაკობენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები – ერთიდაიგივეს ამბობს “ლელო“, “ალტ ინფო“, “ნაცმოძრაობა“ და ყველა ეს პარტია.
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ მათემატიკა არ არის ამ ადამიანების ძლიერი მხარე. არც ჰუმანიტარულ საგნებში არ არიან ძლიერები, თუმცა, როგორც ჩანს, მათემატიკაში სისუსტე აღენიშნებათ. მარტივად რომ დავთვალოთ, 16 000 ბინა, საშუალოდ რომ ავიღოთ 100 კვადრატული მეტრი, გამოდის 1 600 000 კვადრატული მეტრი გასაყიდი ფართი. ეს ყველაფერი 12 000 დოლარად რომ გაყიდოს კომპანიამ, გამოდის, რომ მარტო ბინების ნაწილში კომპანიის შემოსავალი უნდა იყოს 19,2 მილიარდი დოლარი. საუბარია კოლოსალურ მოგებაზე. ამ შემთხვევაში სახელწიფოს მოგების სახით შემოუვა არა ორი მილიარდი ლარი პროექტიდან, არამედ, დაახლოებით 4 მლრდ დოლარი.
რა მასშტაბით არიან აცდენილი მათემატიკაში სინამდვილესთან, ჩვენი ოპონენტები, “ლელოდან“ დაწყებული, “ალტ ინფოთი“ დამთავრებული და “ნაცმოძრაობით“ გაგრძელებული, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ. ბინის ფასი იქნება ბევრად ნაკლები. მე არ მინდა, კონკრეტული ციფრები დავასახელო, რომ კომერციულ კომპეტენციებში არ ჩავეჭრა კომპანია Eagle hills-ს, თუმცა თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რომ რამდენჯერმე ნაკლები იქნება ბინის ფასი დასახელებულ ფასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ქართველი მყიდველების პროცენტული მაჩვენებელი ამ პროექტში იქნება იგივე, რაც სტანდარტულად გვაქვს სხვა პროექტების შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ 80%-თან იქნება ახლოს ეს მაჩვენებელი. დაველოდოთ გაყიდვების სტატისტიკას“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რა არის უშუალოდ ქვეყნის პირდაპირი და ირიბი სარგებელი Eagle Hills-ის პროექტიდან.
“პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ აშენდება, დაახლოებით, 16 000 ბინა, საერთო ფართი იქნება, დაახლოებით, 1.6 მლნ კვ.მ. უშუალოდ საბინაო სივრცე, აქედან, დაახლოებით, 7 000 ბინა, სახლი აშენდება თბილისში და 9 000 გონიოს ტერიტორიაზე. ასევე, აშენდება სასტუმროები 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრით და დაახლოებით, 700 მლნ დოლარი დაიხარჯება ამ ნაწილში. თქვენც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა ტურისტული ეფექტი ექნება ტურიზმის განვითარებისთვის ამხელა ინვესტიციას, უშუალოდ სასტუმროების მიმართულებით.
მთლიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება, დაახლოებით, 11 მლრდ ლარი, რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ წელს, პირველად ისტორიაში, გადაცდება ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს. წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით ამის 10%-ზეა საუბარი, რასაც მარტო ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი მოუტანს საქართველოს. საუბარია კოლოსალურ ეკონომიკურ მოგებაზე, რომელსაც ამ პროექტიდან მიიღებს ჩვენი სახელმწიფო.“ – განაცხადა კობახიძემ.