ირაკლი კობახიძე: ნივთიერება იყო გარეული, მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული
ირაკლი კობახიძე BBC-ის ფილმზე
რაც შეეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება იყო გარეული. მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ნივთიერება “კამიტი“ არა თუ არ გამოყენებულა, შს სამინისტროს არც არასდროს შეუძენია, მათ შორის არც “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვის დასმისას კობახიძეს შს მინისტრისა და მისი მოადგილის შარშანდელი განცხადებები შეახსენა, რომლის მიხედვითაც, წყლის ჭავლში კონკრეტული ნივთიერება იყო გარეული.
კითხვაზე, აპირებს თუ არა შს სამინისტრო გამოაქვეყნოს, თუ რა იყო წყლის ჭავლში გარეული, კობახიძემ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია წარედგინება.
“BBC-ი სიცრუეში შს სამინისტრომ უკვე ამხილა და სწორედ ამის საფუძველზე ვაპირებთ მივმართოთ როგორც მარეგულირებელ კომისიას ბრიტანეთში, ისე საერთაშორისო მართლმსაჯულებას. BBC-მ უნდა უარყოს ცრუ ინფორმაცია, რომელიც მან გაავრცელა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, “სავარაუდოდ”, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა. ჟურნალისტის კითხვას, შეუძლია თუ არა პრემიერს იმის გამორიცხვა, რომ აქციების დასაშლელად არ გამოყენებულა არც სხვა აკრძალული ნივთიერებები, როგორც ამას “კამიტის“ შემთხვევაში ამტკიცებენ, კობახიძემ უპასუხა: “მე ასე მგონია“.
ამასთან, პასუხისმგებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე “ოცნების” პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ ასეთი ნივთიერების არსებობა დადგინდა, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა დადგება. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოძიების შედეგად გაკეთდება ფხვნილის ანალიზი.
“სუს-ის გამოძიების შედეგები დეტალურად ეცნობება საზოგადოებას. ერთია დოკუმენტაცია, მეორე თვითონ ფხვნილის ანალიზი. სრულფასოვანი ანალიზი ჩატარდება და საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას. უნდა გაკეთდეს ფხვნილის ანალიზი. ყველაფრის დეტალური ანალიზი უნდა ჩატარდეს“,- აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, “არავითარ შემთხვევაში” არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს, რომ ნივთიერება “კამიტი“ იყო გამოყენებული და გომელაური ზოგადად საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები, ფხვნილი შეძენილი იყო 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით“.
“ვახტანგ გომელაურმა თქვა ასეთი რამ: ის ნივთიერებები, რაზეც საუბრობდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო 2009 წელს შეძენილი, არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს, რომ ნივთიერება “კამიტი“ იყო გამოყენებული. მოგვიანებით, შს მოქმედმა მინისტრმა საზოგადოებას წინაშე განაცხადა, რომ ნივთიერება “კამიტი“ არ ყოფილა გამოყენებული. ამ ორ განცხადებას შორის უთანხმოება არ არის. ზოგადად, ვახტანგ გომელაური საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები, ფხვნილი შეძენილი იყო 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით. რაც შეეხება გელა გელაძეს, მან განაცხადა, რომ ნივთიერება “კამიტს“ ეს ფხვნილი არ შეიცავდა, შესაბამისად, BBC მხილებულია ძალიან უხეშ ტყუილში“, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძე ხაზგასმით ამბობს, რომ არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება “კამიტი“, “ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება. მისი თქმით, BBC-ში “სტანდარტი მინიმუმამდეა დასული“, რადგან კობახიძის განცხადებით, სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ტელეკომპანია.
“BBC ეყრდნობა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც არის უკვე ყველაფრის მაჩვენებელი და მეორე, ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას ნივთიერება „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით. ძალიან დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა BBC-იმ, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად, თუმცა, სამწუხაროდ, აქაც სტანდარტები არის მინიმუმამდე დასული, სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ეს ტელეკომპანია.“ – განაცხადა კობახიძემ.
“ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა იმედს განუცხადა, რომ BBC-ის ფილმში ნახსენებ ნივთიერება წინა მთავრობის დროს, 2009-2010 წლებში შეიძინეს. იგი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ნივთიერებას შსს 2012 წლამდე იყენებდა.
შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი, გეკა გელაძე უარყოფს ვახტანგ გომელაურის გაკეთებულ განცხადებას და ამტკიცებს, რომ პირადად გაეცნო ყველა დოკუმენტაციას, შესყიდვას და “სრული პასუხისმგებლობით” ამბობს, რომ საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია ე.წ. “კამიტი”.
BBC-მ 1 დეკემბერს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.