ლუკ კოფი: არ არსებობს არანაირი "დიპ სტეიტი“, ეს ყველაფერი მხოლოდ "ქართული ოცნების“ პროპაგანდაა
ინტერვიუ ლუკ კოფთან
აშშ-ის ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს საკითხების ექსპერტი ლუკ კოფი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი “დიპ სტეიტი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი მხოლოდ “ქართული ოცნების“ პროპაგანდაა.”
ლუკ კოფის თქმით, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მათ ამგვარ დამოკიდებულებას აღარ მოუთმენს.
ლუკ კოფი:
“არ მაქვს მსგავსი მოლოდინები, რომ საქართველო სწორ გზაზე დადგება. საუკეთესო შემთხვევაში, მგონია, რომ “ქართული ოცნება“ გარკვეულ დათმობებზე წავა – როგორც ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რაც ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს საქართველოს შიგნით. შემდეგ, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა ქვეყანაში დემოკრატიული გზით შეიცვლება მთავრობა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებიც ისევ სწორ გზაზე დაბრუნდება.
ვაღიარებ, რომ ამ ეტაპებზე დათმობები ძნელი წარმოსადგენია. ამ მომენტისთვის, “ქართულ ოცნებას“ სჯერა, რომ თამაში სწორად მიჰყავს – დიდწილად მათ ადრინდელ ქმედებებზე დასავლეთის, განსაკუთრებით კი ვაშინგტონის უსუსური პასუხის გამო.
როგორც ამერიკელი, ვცდილობ, ოპტიმიზმი შევინარჩუნო, მაგრამ რეალობა ისაა, რომ სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება, არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვისაც.
საქართველოს მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა ბევრი კუთხით იმეორებს იმ შეცდომებს, რაც მათ უკრაინასთან მიმართებით დაუშვეს. ეს მიდგომა მხოლოდ იმდენის გაკეთებას გულისხმობდა, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოს რაღაც გაკეთდა, იმის ნაცვლად, რომ საჭირო ნაბიჯები გადაედგათ, თანაც დროულად. ისინი გამუდმებით ფეხს ითრევდნენ
ავიღოთ, მაგალითად, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციები, ანაც საჯარო განცხადებები – ეს ყოველთვის დაგვიანებით კეთდებოდა, თანაც, საკმარისი წონა არ ჰქონდა… გასაკვირი არცაა, რომ რეალური გავლენა ვერ მოახდინეს არსებულ ვითარებაზე.
(…რაც შეეხება ლეგიტიმურ მთავრობად არ ცნობას), ჩემი აზრით, უნდა ჩამოვაქვეითოთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში და ვფიქრობ, იქ საქმეთა დროებითი რწმუნებული (Chargé d’affaires) უნდა გვყავდეს ელჩის ნაცვლად… რადგან უკვე დიდი ხანია “ქართული ოცნება“ ღიად აკრიტიკებს ამერიკის ელჩებს, და ამას არანაირი პასუხი არ მოჰყოლია ჩვენი მხრიდან.
თუ საქმე იქამდე მივა, რომ ჩვენ “ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმურ მთავრობად არ ვცნობთ, ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ყურადღება, ფოკუსი და რესურსები უნდა იყოს მიმართული მათკენ, ვისაც ლეგიტიმურად მივიჩნევთ – ეს კი ქართველი ხალხია
მსგავსი სიტუაცია უკვე გვინახავს ბელარუსში, სადაც აშშ-ის ძალისხმევა და რესურსები იხარჯება სამოქალაქო საზოგადოებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ლეგიტიმურ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებზე.
ეს არის გზავნილი, რომ აშშ არ აღიარებს მთავრობას ლეგიტიმურად და ის არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი და ღირებული, რათა ამერიკამ იქ სრულყოფილი ელჩი დანიშნოს. და მოდით ვიყოთ გულწრფელები – ბოლო წლებში აშშ-ის ელჩები საქართველოში მაინც არ იყვნენ ისე ეფექტურები, როგორც საქმეს სჭირდებოდა. ასე რომ, რეალურად ეს ბევრს არც არაფერს შეცვლის, მაგრამ გეოსტრატეგიულ დონეზე, ვფიქრობ, სწორი გზავნილი იქნებოდა.
ის, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ აშშ-ის ელჩებზე, ეს არაა ის საუბარი, რომელსაც აშშ პარტნიორისგან მოელის.
და “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მათ ამგვარ დამოკიდებულებას აღარ მოუთმენს – კაცი კანადის ანექსიაზე საუბრობს და როგორ გგონიათ, ერთი წამითაც კი მოითმენს, რომ ვინმემ მის მიერ დანიშნული ელჩის მიმართ უპატივცემულობა გამოხატოს? რა თქმა უნდა, არა
ქართველი რომ ვიყო, არ მენდომებოდა, ჩემი ქვეყანა კავკასიის ბელარუსად გადაქცეულიყო. მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა, რომ საქმე სწორედ ამისკენ მიდის – შეხედეთ ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, დემონსტრანტების წინააღმდეგ. ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ, “ქართულ ოცნებას“ საქართველო სწორედ ამ გზით მიჰყავს.
არ არსებობს არანაირი “დიპ სტეიტი“, ეს უბრალოდ „ქართული ოცნების“ მცდელობაა, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით ტრამპის კეთილგანწყობა მოიპოვოს. ტრამპის მრავალი საკვანძო მხარდამჭერი კონგრესში სწორედ ამ კანონპროექტებს უჭერს მხარს. არ არსებობს არანაირი “ღრმა სახელმწიფო“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.
საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა ორპარტიული საკითხია. ასე რომ, ეს ყველაფერი მხოლოდ “ქართული ოცნების“ პროპაგანდაა
(…რაც შეეხება გლობალური ომის პარტიას, რომელიც საქართველოს აიძულებს, რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას) არასდროს გამიგია, რომ რომელიმე ანალიტიკოსს, პოლიტიკის ექსპერტს, კანონმდებელსა თუ კომენტატორს ამერიკაში ეს იდეა სერიოზულად განეხილოს. ეს კიდევ ერთი სრული მონაჩმახია “ქართული ოცნების“ მხრიდან, რომლის მიზანია, ქართველი მოსახლეობა დააშინოს. მათ ეს ნარატივი საკმაოდ ეფექტურად გამოიყენეს არჩევნებამდე და, სამწუხაროდ, პოლიტიკური ოპოზიცია ამ არგუმენტთან დასაპირისპირებლად ბევრს ვერაფერს აკეთებდა.