ალიევმა და ფაშინიანმა ინტერვიუები მისცეს „Россия-1“-ს. რაზე ისაუბრეს ქვეყნების მეთაურებმა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში ინტერვიუ მისცეს ტელეკომპანია „Россия 1“-ს.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო. აზერბაიჯანსა და სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული, გამოცხადებულია მობილიზაცია. ორივე მხრიდან ათობით დაღუპული და ასობით დაჭრილია. ბაქოში განაცხადეს, რომ კონტროლი დაამყარეს რამდენიმე სოფელსა და სტრატეგიულ სიმაღლეზე ყარაბაღში. ერევანი სომხეთის ტერიტორიის დაბომბვის შესახებ იტყობინება.
ძირითადი თეზისები აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინტერვიუდან:
• აქტიური საბრძოლო მოქმედებები სომხური მხარის პროვოკაციების შედეგად დაიწყო.
• თურქეთი სტაბილიზატორის როლს ასრულებს რეგიონში. ის აზერბაიჯანს მორალურ მხარდაჭერას უცხადებს და სხვა მხრივ კონფლიქტში არ მონაწილეობს.
• კონფლიქტის მხოლოდ ორი მხარე არსებობს – აზერბაიჯანი და სომხეთი.
• სირიიდან ჩამოსული მებრძოლები კონფლიქტის ზონაში არ არიან. ორმილიონიან სომხეთთან საომრად 10-მილიონიან აზერბაიჯანს ადამიანური რესურსი არ ესაჭიროება.
• სომხეთმა დემონსტრაციულად დაარღვია ჟენევის კონვენცია, როდესაც ლიბანიდან წამოსული ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შუშაში განათავსა.
• ესკალაციის კიდევ ერთი მიზეზი – შიდაპოლიტიკური კრიზისი სომხეთში. იქ სოროსის რეჟიმი არსებობს. გადატრიალება, რომელიც ბელარუსში არ შედგა, გამოვიდა სომხეთში. ქვეყანა კრიზისშია, ფაშინიანს საგარეო ფაქტორი ესაჭიროებოდა, რათა მოსახლეობის ყურადღება გადაეტანა, რაც მოახერხა კიდეც.
ძირითადი თეზისები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ინტერვიუდან:
• სომხეთის მოქმედება – ეს არის პასუხი აზერბაიჯანის აგრესიაზე.
• „არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა“.
• თურქეთი აქტიურად არის ჩართული ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. „თურქი სამხედრო ინსტრუქტორები და მაღალჩინოსანი სამხედროები აზერბაიჯანის სამეთაურო პუნქტებში იმყოფებიან და ზოგან ხელმძღვანელობენ კიდეც სამხედრო მოქმედებებს“.
• „თურქეთს სამხრეთ კავკასიიდან გასვლა უნდა აიძულონ“.
• აზერბაიჯანში, სირიიდან ჩამოსული დაქირავებული მეომრები არიან. „აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებში, მათსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებები მოხდა. დაქირავებულები ამ სოფლებში შარიათის კანონების შემოღებას ცდილობენ“.
• მოლაპარაკებებისთვის საჭიროა შესაბამისი ატმოსფერო და რთულია ამაზე ლაპარაკი, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.