ილჰამ ალიევი იუნესკოს ურთიერთობების გადახედვით დაემუქრა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იუნესკოს ურთიერთობების გადახედვით დაემუქრა, თუკი საერთაშორისო ორგანიზაცია „არ შეინარჩუნებს თავის საერთაშორისო სტატუსს“ და არ შეწყვეტს „გარკვეული ქვეყნების ფილიალად ყოფნას“.
- სომხეთი და აზერბაიჯანი: „ახალი-ძველი საზღვარი“ – რატომ არის ამდენი პრობლემა მის განსაზღვრასთან დაკავშირებით
- მოსაზრება: ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ყარაბაღის მეორე ომის პრიზმაში
ამის შესახებ ალიევმა კულტურის ახალი მინისტრის, ანარ კერიმოვის მიღების დროს განაცხადა, რომელიც ვიდეოფორმატში გაიმართა. კერიმოვი ბოლო რამდენიმე თვე, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო და მინისტრის მოვალეობას ასრულებდა უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, აბულფას კარაევის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ანარ კერიმოვი იუნესკოში წარმოადგენდა აზერბაიჯანს.
„ვის შეუძლია დაგვადანაშაულოს იმაში, რომ სხვა რელიგიების ძეგლები აზერბაიჯანში საფრთხეშია? გამოუცდელ პოლიტიკოსებს, პოპულისტებს, ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს, რომელიც ვერ არის გარკვეული ჩვენს რეგიონში, მაგრამ ასრულებს სომხური ლობის შეკვეთას ან მუშაობს მათზე, შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული პრეტენზიები ჩვენთან.
საფუძვლიანია ეს პრეტენზიები? არა. ამ ჩემს სიტყვებს ადასტურებს ჩვენი საქმეც, რომელიც რამდენიმე ტომს დაიტევს. დაე, წავიდნენ და ნახონ, რად გადააქციეს სომხებმა ჩვენი ძეგლები?!“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
„30 წლის განმავლობაში, რატომ არ აყენებდა ამ საკითხს იუნესკო? ჩვენ არაერთხელ მივმართეთ, არაერთხელ. ეს მიმართვები დოკუმენტირებულია წერილობითი სახით. ორი წლის წინ, იუნესკოს ახალ ხელმძღვანელობასაც ასევე შევთავაზეთ მისიის გაგზავნა. დაე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასულიყო მისია და ენახა, რას დაამსგავსეს ჩვენი ისტორიული ძეგლები.
და როგორი იყო იუნესკოს ხელმძღვანელობის პასუხი? მათ თქვეს, ჩვენ საკითხის პოლიტიზება არ გვსურსო. კარგი, ორი წლის წინ არ გინდოდათ საკითხის პოლიტიზება, მაგრამ ახლა რატომ გინდათ? გაგვცენ პასუხი, ძალიან მარტივი, ლოგიკური პასუხი. პასუხი არ არის“, – განაგრძო მან.
„მე ვთქვი, გაახილეთ თვალები და შეხედეთ, რა დღეში ჩააგდეს სომხებმა ჩვენი მეჩეთები-მეთქი. მოჰყვა ამას რაიმე რეაქცია მათგან? არა! ეს სომხებმა დაანგრიეს. და რა დავანგრიეთ ჩვენ? რა გავაკეთეთ ჩვენ? მხოლოდ ვარემონტებდით, ვუფრთხილდებოდით. ამიტომ, იცით რა, ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია უყურადღებოდ დავტოვოთ ასეთი დაუსაბუთებელი მიდგომა. მზად ვართ იუნესკოსთან მომავალი თანამშრომლობისთვის. მაგრამ ერთი პირობით, იუნესკომ უნდა შეინარჩუნოს თავისი საერთაშორისო სტატუსი. იუნესკო რომელიმე ქვეყნის ფილიალი არ არის. თუკი ეს მიდგომა გაიმარჯვებს ჩვენს ურთიერთობებში, მაშინ თანამშრომლობაც შედგება. თუკი არ იქნება, მაშინ, შეიძლება, თანამშრომლობას გადავხედოთ“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.