ილჰამ ალიევი: ყარაბაღის არანაირ სტატუსზე საუბარი არ შეიძლება იყოს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ფუზულისა და ჯებრაილის რაიონებში იმყოფებოდა, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის კონტროლქვეშ გადავიდა.
• რა მიიღეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ზავის შესახებ შეთანხმების შემდეგ
ალიევის ბრძანებით, ფუზულის რაიონის სოფელ ალხანლიდან გზის მშენებლობა დაიწყო ქალაქ შუშის მიმართულებით. „ამ გზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მას მივყავართ შუშაში, რომელიც ყარაბაღის გვირგვინია“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
„ახლა კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკური ეტაპია. ამ სტადიაზე აზერბაიჯანი ცდილობს მიაღწიოს და მიაღწევს კიდეც თავისას. კონფლიქტის სამხედრო ეტაპი დასრულდა. (…) მტერს კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერა ვაიძულეთ, ამრიგად, ბოლო დრომდე ოკუპირებული აღდამის, ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონებიც უახლოეს დღეებში აზერბაიჯანს დაუბრუნდება“, – განაცხადა ალიევმა.
ამასთან, პრეზიდენტი შეეხო მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილის საკითხსაც, სადაც დღეისათვის დისლოცირებული არიან რუსეთის სამშვიდობო ძალები:
„ჩვენ აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპანტები გავყარეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არც მივეცით მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნის საშუალება, არანაირ სტატუსზე არ შეიძლება საუბარი იყოს. არსებობს ერთიანი აზერბაიჯანული სახელმწიფო. არის მრავალეროვნული, მრავალკონფესიური, პროგრესული აზერბაიჯანული სახელმწიფო. ყველა ეროვნების, ყველა რელიგიის აზერბაიჯანის მოქალაქე ნორმალურად ცხოვრობს, კეთილმეზობლურ პირობებში, მშვიდობიანად. სომეხი ხალხიც ასე იცხოვრებს. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს სომეხ ხალხთან“.
„ჩვენმა ყველა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც ფუზულისა და ოკუპაციისგან გათავისუფლებულ სხვა მიწებზე ცხოვრობენ, უნდა იცოდნენ, რომ აღვადგენთ ამ ადგილებს. ვამბობდი, რომ ფუზულში არც ერთი გადარჩენილი შენობა არ იყო, რომ მასზე აზერბაიჯანის დროშა აღგვემართა. მაგრამ აღვადგენთ. უკვე გაიცა შესაბამისი განკარგულებები, ჩვენ ამას გეგმის მიხედვით გავაკეთებთ, მოვიწვიეთ უცხოელი ექსპერტები და ისინი ჩამოვლენ. ერთად დავითვლით მთელ მოყენებულ ზარალს. შემდეგ, მოვიწვევთ ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებს, როგორც აზერბაიჯანელებს, ისე უცხოელებს. ისინიც ჩამოვლენ და შექმნიან ახალ ურბანულ გეგმას. სოფლების, ქალაქების, ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიის აღდგენის გეგმაც ასევე გვაქვს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.