"იძულებულები გავხდით, მიგვემართა უკიდურესი ფორმისთვის" - ჭიათურაში სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა
ჭიათურის სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, ათმა ადამიანმა კი შიმშილობა გამოაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები შპს “ჯორჯიან მანგანეზისგან” ითხოვენ, რომ კომპანიამ შეაჩეროს სოფლის განადგურება ან მისცეს მათ ღირსეული კომპენსაცია. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ ხელისუფლების ჩართულობას მიმდინარე პროცესებში, საპასუხოდ კი ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში არსებული მანგანუმის საბადოები გამოირჩევა მადნის მაღალი ხარისხით, დიდი სამრეწველო მარაგით და მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობით. ჭიათურის საბადოს ექსპლუატაცია ჯერ კიდევ 1879 წელს დაიწყო. 1990 წლამდე მოპოვებული იქნა 203 მლნ. ტონა ნედლი მადანი და მოხდა 108 მლნ. ტონა სასაქონლო პროდუქციის რეალიზაცია. 1990 წლიდან მანგანუმის მოპოვება მკვეთრად შემცირდა. “ჭიათურმანგანუმის” პრივატიზებისა და რეაბილიტაციის არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ,
2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ჩატარებული აუქციონის შედეგად, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან ერთად სს “ჭიათურმანგანუმის” აქტივებიც გაიყიდა.
რას აპროტესტებს მოსახლეობა
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები აპროტესტებენ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ განხორციელებულ სამუშაოებს, რის გამოც საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობამდეა მისული, ხოლო ადგილობრივები მუდმივ შიშსა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობენ.
მოსახლეობა პროცესებს 85 დღეა აპროტესტებს, თუმცა მძიმე ფორმებს მას შემდეგ მიმართეს, რაც ჭიათურის გამგეობის წინ კარვის გაშლის უფლება მერიის თანამშრომლებმა არ მისცეს.
სახლების გაბზარვა და ჩამონგრევა ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც შუქრუთელებს აწუხებს. ეზოების ქვემოთ მაღაროს გავლამ, ნაპრალების გაჩენა გამოწვია, რამაც მოსახლეობის საკუთრებაში არსებული მიწები, სამეურნეო თვალსაზრისით, სრულიად უსარგებლო გახადა.
შუქრუთელები დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავენ და ამბობენ, რომ არც ერთ მთავრობას მათთვის დახმარება არ გაუწევია – “ვცხოვრობთ სოფლის წყალობით. გვინდა, ეს შეგვინარჩუნდეს” – ამბობენ ისინი.
“სახლები თავზე გვენგრევა, მიწა იბზარება. მერმა გივი მოდებაძემ კარვის გაშლის უფლება არ მოგვცა. მანძილზე არ მიგვიღია არავითარი ყურადღება არც გამგეობისგან, არც კომპანიისგან. იძულებულები გავხდით, მიგვემართა უკიდურესი ფორმისთვის. დღეს ამოვიკერეთ პირი და დავიწყეთ შიმშილობა”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
“მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” ჭიათურის ბიუროს იურისტის, ელენე აბდუშელიშვილის თქმით, ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილი კიდევ აპირებს პირის ამოკერვას, თუ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.
_______________________________
● “ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები”. სამუშაო ადგილზე დაშავებული მუშების ისტორიები
● ჭიათურა – შავი მარგალიტი
● ქალები საშიშ სამუშაოზე: ტყიბულელი მეშახტეების ისტორია
________________________________
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. ჭიათურა, წლებია, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვებით გამოწვეულ მასშტაბურ ეკოლოგიურ ზიანს ვერ უმკლავდება. კომპანიას სახელმწიფო მართავს მის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის ხელით.
23 აპრილს ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზში“ და მის შვილობილ კომპანიებში მომუშავე 3000-მდე თანამშრომელი გაიფიცა.
დასაქმებულები მოითხოვდნენ ხელფასების 50%-იან ზრდას, დაზღვევის პაკეტების გაუმჯობესებას, შრომითი ხელშეკრულებების გადაცემას დასაქმებული პირებისთვის, მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილების აღკვეთას ქალაქის ტერიტორიაზე და ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ქალაქსა და სოფლებში – მადნის არასწორი მოპოვებისა და ქარხნული დამუშავების ფონზე ბინძურდება მდინარე ყვირილა, ჰაერი და სასმელი წყლები, ასევე უსარგებლო ხდება ნიადაგი.
მაშინ კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა და ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.