მოსაზრება: საჭიროა პროტესტი გასცდეს საშუალო კლასის ფარგლებს და მიიმხროს სხვა ფენების წარმომადგენლები
იაგო კაჭკაჭიშვილის მოსაზრება
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი საქართველოში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და ამბობს, რომ საჭიროა პროტესტი გასცდეს საშუალო კლასის ფარგლებს და მიიმხროს სხვა ფენების წარმომადგენლები. როგორც კაჭკაჭიშვილი განმარტავს, დღევანდელი საშუალო კლასი, რომელიც პროტესტის ავანგარდშია, უმრავლესობას არ შეადგენს.
იაგო კაჭკაჭიშვილი:
“საქართველოში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ პროტესტის ავანგარდში დგას საშუალო კლასი. საშუალო კლასის განსაზღვრის ყველაზე გავრცელებულ კრიტერიუმად გამოიყენება ადამიანების/ოჯახების შემოსავლები, თუმცა, მხედველობაში მიიღება, აგრეთვე, სხვა – საგანმანათლებლო, პროფესიული, კულტურული და ა.შ. პარამეტრები.
საქართველოში ზუსტად არავინ იცის, რა მოცულობისაა საშუალო კლასი. არც საშუალო კლასის განსაზღვრის შეთანხმებული კრიტერიუმები არსებობს. აშშ-ში, მაგალითად, მიიჩნევენ, რომ საშუალო კლასს შეადგენენ ოჯახები, რომელთა შემოსავლები საერთო ეროვნული შემოსავლების მედიანური მაჩვენებლის 67% და 200%-ს შორის არის მოთავსებული.
თუ ამ კრიტერიუმს საქართველოშიც გამოვიყენებთ, მაშინ კვლევები აჩვენებს, რომ საშუალო კლასის წილი დაახლოებით 43%-ია, დაბალი კლასის – დაახლოებით 39%, ხოლო მაღალი კლასის – დაახლოებით 18%. ის რომ დაბალი კლასი, ანუ ღარიბები, ასეთი წილითაა წარმოდგენილი, ასე თუ ისე, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებითაც მყარდება: სოციალური შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში თითქმის 700 000-ია, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 20%, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალურად დაუცველად ოჯახის აღიარების კრიტერიუმები არაადეკვატურია, ღარიბთა წილი, სულ მცირე, მესამედს მაინც უნდა შეადგენდეს (მაგალითად, მთავრობა ამბობს, რომ თუ 5 სულიან ოჯახს თვეში (!) დაახლოებით 400 ლარი აქვს შემოსავალი, ის ღარიბი არ არის, რაც აბსურდია).
შეიძლება პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ პროტესტის აქტორი არ არის ღარიბი (მით უფრო, ღატაკი) მოქალაქე – განსაკუთრებით, არადემოკრატიულ (ავტორიტარულ) საზოგადოებებში. ის, როგორც წესი, ხელისუფლებას (სახელმწიფოს) შეჰყურებს ხელებში, რომ დაუცველად აღიაროს და დახმარება დაუნიშნოს
შეიძლება ღარიბს არც მოსწონდეს ხელისუფლება, მაგრამ მის წინააღმდეგ არ წავა, რათა საარსებო დახმარება, როგორც წყალობა, არ დაკარგოს და კიდევ უფრო მეტად არ გაუბედურდეს. აქვე ისიც სათქმელია, რომ ღარიბი კლასი ყველაზე მეტად ექვემდებარება სხვადასხვა მავნე მანიპულაციას – დაშინებას, მოსყიდვას და სხვ.
ანტისახელისუფლებო პროტესტს წარმატებისთვის უმრავლესობის არა უბრალოდ ნება, არამედ გააქტიურება სჭირდება (მინიმალურ დონეზე მაინც). დღევანდელი საშუალო კლასი, რომელიც, როგორც ითქვა, პროტესტის ავანგარდშია, უმრავლესობას არ შეადგენს. ის მრავალფეროვანი მარშები, რასაც, უკვე თითქმის 2 თვეა, ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, მაინც საშუალო კლასის შიგნით მობილიზდება.
საჭიროა პროტესტი გასცდეს საშუალო კლასის ფარგლებს და მიიმხროს სხვა ფენების წარმომადგენლები. ასეთი სიახლის მოლოდინი ნაკლებად უნდა გვქონდეს სოციალურად დაუცველებისგან.
მეორე მხრივ, არსებობს რეალური შანსი, რომ პროტესტი შეავსოს მაღალი კლასის (მდიდრების ან შედარებით მდიდრების) წარმომადგენლებმა, თუ დაინახეს, რომ მათ/მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობას საფრთხე ექმნება და შემოსავლები უმცირდებათ ან არსებითად კარგავენ.
ასეთ საფრთხის მიმართ მაღალი მგრძნობელობა, პირველ რიგში, ბიზნესმენებს შეიძლება ჰქონდეთ. საქართველოში 2000-ზე მეტი საშუალო და მსხვილი ბიზნესი ოპერირებს. მათი გარკვეული ნაწილის გააქტიურება დაიწყო. ეს პროცესი, მაღალი ალბათობით, გაღრმავდება, რაც ფუნდამენტური სახელისუფლო ცვლილებების პოტენციას უთუოდ ატარებს.”