საქართველო და მისი მეზობლები Human Rights Watch-ის ანგარიშში
ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიშს „პოპულიზმის საფრთხის წინააღმდეგ“ ჰქვია.
წინასიტყვაობაში ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კენეტ როტმი ამბობს, რომ 2018 წელს მსოფლიოში პოპულისტი პოლიტიკოსების შემოტევა აღარ იყო ისეთი წარმატებული, როგორც ერთი წლის წინ. წინასიტყვაობაში წერია, რომ იზრდება “ხალხის” სახელით ძალაუფლებისთვის მებრძოლთა რიცხვი, რომლებიც თავს ესხმიან უმცირესობებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თუმცა, ამავდროულად მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი რიცხვიც, ვინც “პოპულისტებს” წინააღმდეგობას უწევს.
Human Rights Watch-ის ანგარიში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც ეხება. აღმოჩნდა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს ბევრი საერთო პრობლემა აქვთ და 2017 წელი არც თუ ისე პროგრესული იყო რეგიონისთვის ადამიანის უფლებების კუთხით.
საქართველო
• მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკად გადააქცია ისე, რომ ამ საკითხების განხილვისას საზოგადოებრივი კონსენსუსისთვის არ მიუღწევია.
• საქართველოს კვლავინდებურად არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. 2016 წლის ნოემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სულ მცირე 20 საჩივარი მიიღო, სადაც სამართალდამცავთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზეა საუბარი.
• ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც აზერბაიჯანში დევნის მსხვერპლი იყო და საქართველოს აფარებდა თავს, ამბობს, რომ ის 2017 წლის მაისში, თბილისში, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა დააკავეს, ცემეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
• ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო განაგრძობს ნარკომომხმარებლების მიმართ „დასჯაზე ორიენტირებული“ პოლიტიკის გატარებას – “ნარკოდამოკიდებულებს კვლავინდებურად შეზღუდული აქვთ წვდომა ალტერნატიულ თერაპიასთან და ხშირად ნარკოდანაშაული ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით”, – წერია ანგარიშში.
• 2017 წლის მარტში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სპეცსამსახურებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მოქალაქეთა პირად მონაცემებს და მიმოწერას. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს უარყოფითი პოზიციის მიუხედავად მიიღო.
• ახალი კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს ოჯახს, როგორც „ქალსა და კაცს შორის კავშირს”. უფლებადამცველები შიშობენ, რომ ამგვარი ჩანაწერი, საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს კიდევ უფრო გაძლიერებს.
• ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისა და შრომითი კანონმდებლობის დარღვევის გამო 270 ადამიანი დაიღუპა.
• საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას უთმობს მედიის თავისუფლების საკითხს და განიხილავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის თაობაზე, ასევე – „ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის“ – რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ დავას, რომელიც, Human Rights Watch-ის თქმით – „შეშფოთებას იწვევდა ხელისუფლების მედიაში ჩარევის“ გამო.
აზერბაიჯანი
• 2017 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ოპოზიციონერებზე ზეწოლა გააძლიერა. 25 ჟურნალისტს, ახალგაზრდული და უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტივისტს, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების დროს ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა.
• ათობით ოპოზიციონერის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინათ.
• მიიღეს დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად აბრკოლებს უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობას, არ აძლევს მათ საშუალებას მოიპოვონ დაფინანსება.
• პატიმრები იმყოფებიან არაადამიანურ პირობებში და კვლავ გრძელდება მათი წამება.
• საპოლიციო რეიდების დროს დააკავეს ლგბტ თემის ათობით წარმომადგენელი, რომლებსაც შემდეგ არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ.
• რამდენიმე წლიანი დაკვირვებისა და არაერთი გაფრთხილების შემდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების საერთაშორისო კოალიციამ შეაჩერა აზერბაიჯანის გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში.
სომხეთი
• საპარლამენტო არჩევნებმა და კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომლებმაც სომხეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტოდ გარდაქმნა, არ გააძლიერა საარჩევნო სისტემისადმი ნდობა.
• მმართველი “რესპუბლიკური პარტია” კვლავ დომინირებდა არჩევნებზე და ეს იმ ფონზე, როდესაც დამკვირვებლები მრავალრიცხოვან დარღვევებზე საუბრობდნენ.
• 2016 წლის ივლისში, ერევანში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული გადამეტებული ძალისთვის, სომხეთში არც ერთი თანამდებობის პირი არ დასჯილა.
• სომხეთში მომუშავე უფლებადამცველები კვლავ აწყდებიან მუქარას.
• ოჯახური ძალადობა სერიოზულ პრობლემად რჩება. ქალთა ორგანიზაციებმა მხარი არ დაუჭირეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ კანონს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს კანონი მიმართულია განქორწინების თავიდან ასაცილებლად და არა მსხვერპლის მხარდასაჭერად.
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დღემდე მოკლებულნი არიან ხარისხიან განათლებას და იძულებულნი არიან იცხოვრონ ოჯახებიდან შორს, სპეციალურ დაწესებულებებში.