როგორ დავუმოკლოთ ენა ჟურნალისტს
ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა “ინსტაგრამში” განათავსა პოსტი, რომელშიც ჟურნალისტების მიმართ ძალადობის აუცილებლობაზე მსჯელობს. აღნიშნული გზავნილის პოპულარობა განუხრელად იზრდება.
დაუდოვი ჰყვება, თუ თავად რას უსურვებდა ინტერნეტგამოცემა “კავკაზსკი უზელის” მთავარ რედაქტორს. სპიკერმა ასეთი განცხადება გააკეთა:
“დროა, დიდი ქირურგიული მაშით შეიარაღებული ვეტერინარი გამოვიძახოთ. რატომაც არა? “შვედს” “სიბრძნის” რამდენიმე ეშვი უნდა ამოვუღოთ, ენა კი სტანდარტულ ზომამდე დავუმოკლოთ. იქნებ ამის შემდეგ კეთილი და შემეცნებითი ამბების მოყოლა დაიწყოს. და, ვნახოთ, ოდესმე შეიძლება დავიჯეროთ კიდეც მისი ნათქვამი”.
სიტყვა “შვედის” პირველი ასო მთავრული შრიფტითაა დაბეჭდილი (ასეთი ფორმით რუსულ ენაში საკუთარი სახელები იწერება, და არა ეროვნების აღმნიშვნელი სიტყვები), შესაბამის ფოტოს კი ასეთი ტექსტი აქვს დართული: “როგორ გავხსნათ “კავკაზსკი უზელის” კვანძი”. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ დაუდოვი “კავკაზსკი უზელის” მთავარ რედაქტორს, გრიგორი შვედოვს გულისხმობდა.
ეს გამოცემა რუსული მედიის იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც ხშირად ავრცელებს ცნობებს ჩრდილოეთ კავკასიაში (მათ შორის – ჩეჩნეთშიც) ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.
ჩეჩენი სპიკერს მეტსახელიც აქვს. მას “ლორდს“ ეძახიან. ამ შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი გზავნილის შემდეგ მან “ინსტაგრამში” განათავსა ფოტო, რომელზეც გამოსახულია თავად “ლორდი”, რომელიც რამზან კადიროვთან და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატთან, ადამ დელიმხანოვთან ერთად ლოცულობს.
რამდენიმე მედიაორგანიაციის (მ.შ. JAMnews-ის) თხოვნით, “კავკაზსკი უზელის” მთავარმა რედაქტორმა ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
– დაუდოვის მუქარა “კბილების ამოღებისა” და “ენის დამოკლების” შესახებ ჩეჩნეთის ხელისუფლების სტანდარტული რეაქციაა ჟურნალისტების პროფესიონალურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, ეს გამონათქვამი “კავკაზსკი უზელის” კონკრეტულ პუბლიკაციას არ უკავშირდება და დაუდოვის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჩვენი ჟურნალისტების მიერ ჩეჩნეთის შესახებ დაწერილი რამდენიმე მასალის გამოქვეყნება უდევს საფუძვლად. არ ვიცი, რამდენად გულდასმით ეცნობა დაუდოვი “კავკაზსკი უზელს”. ყურადღებით რომ კითხულობდეს, ეცოდინებოდა, რომ კრიტიკული ხასიათის მასალები სხვა რეგიონების შესახებაც ქვეყნდება; თუმცა, მეზობელი რესპუბლიკებისა და ქვეყნების ხელმძღვანელები მსგავსი მუქარებით არ იმცირებენ თავებს.
ჩვენი იურისტები დაუდოვის პუბლიკაციას სწავლობენ და იმას ადგენენ, თუ რამდენად შეიცავს ეს გამონათქვამი სისხლის სამართლის 144-ე მუხლში წარმოდგენილ ქმედებას, რომელიც ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელის შეშლას გულისხმობს. ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია, საჭიროა თუ არა სამართალდამცავ ორგანოებში განცხადების შეტანა, მაგრამ ჩვენთვის თავისთავად ცხადია, რომ ასეთ საჩივარს აუცილებლად “თაროზე შემოდებენ”. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადეკვატური გამოძიება ჩატარდეს.