ევროსაბჭოს ექსპერტები "ოცნებას" რეპრესიული კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებენ
გრანტების კანონი
ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს მარტის დასაწყისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც, მათი შეფასებით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და სამოქალაქო საზოგადოებას.
ორგანოს მიერ 1 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ “რეპრესიული კანონების“ პაკეტი მნიშვნელოვნად ზღუდავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და არჩევნებში მონაწილეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის ექსპერტულმა ორგანომ შეისწავლა 4 მარტს მიღებული ცვლილებები, რომლებიც შეეხო “გრანტების შესახებ“ კანონს, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებს.
დასკვნის მიხედვით, ცვლილებათა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს კანონიერების მოთხოვნას და აჩენს სერიოზულ ეჭვს, აქვთ თუ არა მათ ლეგიტიმური მიზანი. ექსპერტები მიუთითებენ, რომ დაწესებული შეზღუდვების მასშტაბისა და მათი შედეგების გათვალისწინებით, თითქმის არცერთი დებულება – გარდა პოლიტიკური პარტიების მიერ უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაციისა – არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ ზომად.
ექსპერტთა საბჭო მიიჩნევს, რომ არსებული პირობებში ამ კანონების ამოქმედება კიდევ უფრო გაამწვავებს უკვე არსებულ ზიანს, რომელიც, მათი შეფასებით, ქართულ სამოქალაქო სექტორს მიადგა.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ ევროპის საბჭოს წევრობის ფარგლებში იკისრა, და ამიტომ მათი მიღება “სრულიად დაუშვებლად“ არის შეფასებული.
ამ საფუძველზე, ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ არა მხოლოდ ახალი კანონების გაუქმებისკენ, არამედ 2024 და 2025 წლებში გაცემულ რეკომენდაციებში განხილული დებულებების აღსრულების შეჩერებისკენაც.
კონტექსტი
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 4 მარტს დამტკიცდა, მნიშვნელოვნად აფართოებს “გრანტის“ განსაზღვრებას და მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, თუ ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას ქვეყნის შიდა ან საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, მათ შორის იმ საქმიანობებში, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ან პოლიტიკური ძალის ინტერესებს უკავშირდება.
კანონი ასევე აძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობას გრანტების გაცემასა და მიღებაზე. უცხოური იურიდიული პირის მიერ საქართველოში მოქმედი ფილიალის დაფინანსება მთავრობის თანხმობის გარეშე იწვევს სანქციებს – მათ შორის, ჯარიმას გრანტის ორმაგი ოდენობით.
გარდა ამისა, გრანტების შესახებ კანონის დარღვევამ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს: სასჯელი მოიცავს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით.
ცვლილებები ეხება პოლიტიკურ პროცესსაც: პირებს, რომლებიც ძირითადად უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში მუშაობენ, 8 წლის განმავლობაში ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის წევრობა. ამასთან, პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება იმ სუბიექტებზეც, რომლებიც ფორმალურად პარტიები არ არიან, თუმცა ფაქტობრივად პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებული.
საკანონმდებლო პაკეტი ასევე ამკაცრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კერძო კომპანიებისთვის, თუ ისინი საჯარო პოლიტიკურ აქტივობაში ჩაერთვებიან.
ცვლილებების ერთ-ერთ ყველაზე სადავო ნაწილად შეფასებულია სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული ნორმები, რომლებიც “ექსტრემიზმის“ ცნებას აფართოებს. ახალი მუხლის მიხედვით, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, მათ შორის ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ან ალტერნატიული სტრუქტურების შექმნისკენ, შესაძლოა დასჯადი გახდეს.
ამასთან, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად განიხილება, რაც სასჯელის მინიმუმ ერთწლიანი გაზრდას ითვალისწინებს.
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, ასეთი ფორმულირებები ქმნის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ზრდის რისკს, რომ კანონი გამოყენებულ იქნას განსხვავებული აზრისა და კრიტიკული აქტივობის წინააღმდეგ.