პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამკაცრებს კონტროლს უცხოურ დაფინანსებაზე
გრანტების კანონი
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მკვეთრად ამკაცრებს კონტროლს უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ აქტივობაზე. ცვლილებები ავრცელებს „გრანტის“ განმარტებას თითქმის ნებისმიერ ფინანსურ თუ არამატერიალურ დახმარებაზე, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ქვეყნის პოლიტიკაზე, ავალდებულებს ორგანიზაციებს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღებას და აწესებს მრავალწლიან პატიმრობას დარღვევებისთვის.
პაკეტს მხარი დაუჭირა 78 დეპუტატმა მმართველი უმრავლესობიდან.
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები მოიცავს როგორც სისხლის სამართლის კოდექსს, ისე „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ მიზანი „კონსტიტუციური წყობილების დაცვა და უცხოური გავლენის შეზღუდვაა“, მაშინ როცა კრიტიკოსები კანონპროექტს დემოკრატიული სივრცის შემზღუდველ ნაბიჯად აფასებენ.
ახალი მუხლი: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“
პირველი მოსმენის შემდეგ ინიციატორებმა სისხლის სამართლის კოდექსში დაამატეს ახალი – 316¹ მუხლი, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას „ექსტრემიზმისთვის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი კირცხალიას განმარტებით, დანაშაულად ჩაითვლება, მათ შორის:
- საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ მოწოდება;
- ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება;
- ალტერნატიული სახელმწიფო ორგანოების შექმნისკენ საჯარო და სისტემატური მოწოდება;
- საკუთარი თავის ან სხვისი თვითნებურად წარმოჩენა ხელისუფლების წარმომადგენლად;
- სხვა სისტემატური ქმედება, რომელიც ქმნის აღქმას, რომ კონსტიტუციური წყობილება ან ორგანოები არალეგიტიმურია და აზიანებს ან საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინტერესებს.
სასჯელი მოიცავს ჯარიმას, 400–600 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან სამ წლამდე პატიმრობას. იურიდიული პირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან ლიკვიდაცია.
იურისტების ნაწილის შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია „არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრების“ კრიტერიუმი, რომელიც შესაძლოა ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს.
„გრანტის“ განმარტების გაფართოება
ცვლილებები არსებითად ცვლის „გრანტის“ ცნებას. გრანტად ჩაითვლება არა მხოლოდ პირდაპირი ფინანსური ან ნატურალური დახმარება, არამედ ნებისმიერი სახის გადაცემული რესურსი, რომელიც:
- ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოხდენას;
- უკავშირდება ქვეყნის საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებას, განხორციელებას ან შეცვლას;
- გამომდინარეობს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან.
ასეთი გრანტის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით.
მოთხოვნა ვრცელდება:
- საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც არსებითად საქართველოში საქმიანობენ;
- არარეზიდენტი იურიდიული პირების ფილიალებსა და წარმომადგენლობებზე, მათ შორის მაშინაც, როცა დაფინანსება მოდის მშობელი ორგანიზაციისგან;
- ტექნიკურ დახმარებაზე, ექსპერტიზაზე, ტექნოლოგიების, ცოდნისა და მომსახურების გაზიარებაზე.
თუ უცხოური ძალა საქართველოში ექსპერტს დაიქირავებს პოლიტიკურ საკითხებზე სამუშაოდ, შესაბამისი ანაზღაურება შესაძლოა გრანტად შეფასდეს და მთავრობის წინასწარ თანხმობას დაექვემდებაროს.
ნებართვის გარეშე მიღებული გრანტი გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – უკანონოდ მიღებული თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმას. რიგ შემთხვევებში დაწესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა – ექვს წლამდე პატიმრობით.
ბიზნესის „პოლიტიკური აქტივობა“ და ფულის გათეთრება
პაკეტი ამკაცრებს სანქციებს მეწარმე იურიდიული პირებისთვის „პოლიტიკურ აქტივობაზე“. თუ მეწარმე პოლიტიკურ აქტივობაში ჩაერთვება ან პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს, პირველი დარღვევისთვის კომპანია 20 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა შესაძლოა სამ წლამდე პატიმრობით დასრულდეს.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლში (ფულის გათეთრება) ემატება დამამძიმებელი გარემოება: თუ ფულის გათეთრება დაკავშირებულია პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობასთან, სასჯელი გაიზრდება 9–12 წლამდე პატიმრობით.
„გარე ლობიზმის“ კრიმინალიზაცია
კანონპროექტი სისხლისსამართლებრივად დასჯადს ხდის ე.წ. „გარე ლობიზმს“. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის სანაცვლოდ ფულის ან სხვა სარგებლის გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ექვს წლამდე პატიმრობას.
ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ პირს უცხოური დაფინანსების მიღებისთვის.
შეზღუდვები პარტიის წევრობაზე
ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონშიც შევიდა. ახალი წესით, პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ძალისგან მოდის, რვა წლის განმავლობაში ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა.
კანონმდებლობა ავრცელებს პარტიებისთვის განსაზღვრულ შეზღუდვებს იმ სუბიექტებზეც, რომლებსაც აქვთ „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“. მათი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
პოლიტიკური და საერთაშორისო კონტექსტი
მიღებული ცვლილებები ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ე.წ. რეფორმად მიიჩნევა ბოლო წლებში პოლიტიკური და სამოქალაქო საქმიანობის რეგულირების სფეროში. კანონში გამოყენებულმა ფართო ფორმულირებებმა – განსაკუთრებით „გავლენის მოხდენის“ და „არალეგიტიმურობის აღქმის“ ცნებებმა – შესაძლოა პრაქტიკაში გავლენა იქონიოს არასამთავრობო სექტორზე, მედიაზე, აკადემიურ წრეებსა და ბიზნესზეც.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ახალი წესები ქვეყნის სუვერენიტეტს და კონსტიტუციურ წყობილებას იცავს. ოპონენტები კი შიშობენ, რომ კანონი გააღრმავებს სახელმწიფო კონტროლს პოლიტიკურ და სამოქალაქო სივრცეზე და დამატებით კითხვებს გააჩენს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.
საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია და კანონის პრაქტიკული გამოყენება, სავარაუდოდ, განსაზღვრავს, რამდენად შორსმიმავალი იქნება მისი გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებზე.