კომენტარი: გამოიყენეს თუ არა ქიმიური იარაღი, გახდება საერთაშორისო გამოძიების საგანი
გიორგი რუხაძის კომენტარი
“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ექსპერტმა გიორგი რუხაძემ BBC-ის დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ “გამოიყენა თუ არა” ქიმიური იარაღი, გახდება საერთაშორისო გამოძიების საგანი და დამტკიცების შემთხვევაში, გომელაურს პირდაპირ დაეკისრება პასუხისმგებლობა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ მზად იყო, მოეწამლა ყველა, ოღონდ საკუთარი თავი გადაერჩინა. ამასთან, რუხაძის თქმით, შს ყოფილი მინისტრის განცხადების პათოსი იყო, რომ ცუდი ნივთიერება “საზიზღარმა ვანო მერაბიშვილმა შეიძინა“, თუმცა, ექსპერტის განმარტებით, “ოცნებაში“ მივიდნენ დასკვნამდე, რომ შენახვაც შეიძლება გახდეს კონვენციის დარღვევის საბაბი და შემდეგ პოზიცია შეცვალეს და თქვეს, რომ საერთოდ არ ჰქონიათ მსგავსი ნივთიერება.
“ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა იმედს განუცხადა, რომ BBC-ის ფილმში ნახსენებ ნივთიერება წინა მთავრობის დროს, 2009-2010 წლებში შეიძინეს. იგი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ნივთიერებას შსს 2012 წლამდე იყენებდა.
შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი, გეკა გელაძე უარყოფს ვახტანგ გომელაურის გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, BBC-ის საგამოძიებო ფილმში ნახსენები ნივთიერება წინა მთავრობის დროს, 2009-2010 წლებში შეიძინეს. გელაძე ამტკიცებს, რომ პირადად გაეცნო ყველა დოკუმენტაციას, შესყიდვას და “სრული პასუხისმგებლობით” ამბობს, რომ საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია ე.წ. “კამიტი”.
BBC-მ პირველ დეკემბერს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

გიორგი რუხაძე: “ჯინი, რომელიც ამოვიდა ბოთლიდან, უკან ვეღარავინ ვეღარ ჩააბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველას გვქონდა ეჭვი, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ მეც, პირადად, ახლა ვუკვირდები, რატომ ვეღარ ვიძინებ წესიერად ამ ხნის განმავლობაში, რატომ დამერღვა ძილი, რატომ მქონდა თავის ტკივილები, რომელიც საერთოდ არ მქონია არასდროს. რუსთაველის გამზირზეც და მიმდებარე ტერიტორიაზეც დარბევიდან ერთი კვირის განმავლობაში იყო სასწაულად ტოქსიკური სუნი.
ცალკე გამოძიების საკითხია, მართლა რა გამოიყენეს, ქიმიური იარაღი იყო თუ არა, რა კალიბრის იარაღი იყო, რა შედეგები ექნება. ჩემი აზრით, ეს საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი – ეს რეჟიმი მზად იყო, მოეწამლა ყველა, მარტო პროტესტის მონაწილეები კი არა, ნებისმიერი, ვინც იქ ცხოვრობდა, ვინც სკოლაში დადიოდა, მისი მომხრეები, მისი მოწინააღმდეგეები, ოღონდ საკუთარი თავი გადაერჩინა.
ივანიშვილის რეჟიმის ბუტაფორია ხალხის მხრიდან BBC-ის გაშავება უბრალოდ სასაცილოა. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს თავისი მომხრეების დადებილებას, მორიგი მცდელობაა, თორემ პასუხით მართლაც, რაც BBC-ის გაუგზავნეს, ყველაფერი ნათქვამია.
მე რომ კობახიძის ადგილას ვიყო, მუშტების ქნევას კი არ დავიწყებ, გამოვაქვეყნებ იმ შემადგენლობას, რაც წყალში გაურიეს. ძალიან მარტივად გადავწყვეტდი ამ საკითხს, გამჭვირვალეს გავხდიდი ამ ყველაფერს. თუ კანონი არ დაგირღვევია, დასამალი რა არის. თუ მართლა გამოაქვეყნეს, მერე უკვე იმის დადგენა, რა შემადგენლობა ჰქონდა, კიდევ უფრო ადვილი საქმეა.
ეს გახდება საერთაშორისო გამოძიების საგანი და დამტკიცების შემთხვევაში, საქმე გვაქვს რეჟიმის მხრიდან აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებასთან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. გომელაურს პირდაპირ დაეკისრება პასუხისმგებლობა, ეს გამოძიება ბოლომდე რომ მივა, სულ იქ ხომ არ იქნებიან.
საქართველოს კანონმდებლობით, დარბევისას გამოყენებული ქიმიური თუ სხვა ტიპის საშუალებების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მინისტრის მოადგილე.
გომელაურმა ვიწრო კუთხიდან დაინახა ეს ყველაფერი და თქვა, რომ ეგ ცუდი ნივთიერება საზიზღარმა ვანო მერაბიშვილმა შეიძინაო, მაგრამ მერე იქ ვიღაც წერა-კითხვის მცოდნეებმა წაიკითხეს და მარტო გამოყენება კი არ არის დანაშაული, შენახვა-გადაზიდვაც და ის, რომ ამათ ჰქონდათ, ესეც კი შეიძლება გახდეს საერთაშორისო კონვენციის დარღვევის საბაბი და ამაზე შეიძლება მოედავონ, ამიტომ შეეშინდათ მერე ამათ და თქვეს, რომ ეგეთი რაღაც საერთოდ არ გვქონიაო.“