საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს - პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილი თანამდებობაზე დაამტკიცა
გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენპროკურორია
საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ პროკურორად 6 წლის ვადით არჩევას მხარი დაუჭირეს. გაბიტაშვილის კანდიდატურის მომხრე 80 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი. რეგისტრაცია სულ პარლამენტის 88-მა წევრმა გაიარა.
გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატად საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. მანამდე გაბიტაშვილი ყოფილი გენპროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე იყო. საბჭომ გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის გზით მიიღო. კენჭისყრაში საბჭოს 11-ივე წევრი მონაწილეობდა, ყველა მათგანმა ხმა სწორედ გაბიტაშვილის კანდიდატურას მისცა.
ვინ არის გიორგი გაბიტაშვილი
გიორგი გაბიტაშვილის კარიერა 2007 წელს, საქართველოს პროკურატურაში, სტაჟირების პროგრამით იწყება. სტაჟირების დასრულებისთანავე, ის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორად დაინიშნა.
2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად დააწინაურეს, სადაც ის 2013 წლამდე საქმიანობდა.
2013 წლის 14 იანვრიდან გიორგი გაბიტაშვილმა პროფესიული საქმიანობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გააგრძელა.
2013 წლის 13 ივნისიდან დღემდე კი გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.
წინაისტორია
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ “ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის” გამო პოსტი დატოვა.
ირაკლი შოთაძე საქართველოს გენპროკურორი ორჯერ, 2015-დან 2018 წლამდე და 2020-დან 2024 წლამდე იყო.
პირველად პოსტი მან 2018 წლის 31 მაისს მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა. ამ დღეს 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ უცნობი დარჩა ვინ მოკლა 16 წლის მოზარდი. ამ ფაქტმა სარალიძის ოჯახის წევრების და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თბილისში გაიმართა ხალხმრავალი აქციები, სადაც მთელი მთავრობის და ასევე იმდროინდელი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვდნენ. სარალიძის ოჯახის წევრები, ასევე უფლებადამცველები და იურისტები პროკურატურას საქმის მასალების გაყალბებასა და მკვლელებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებდნენ.
საზოგადოებრივი პროტესტის ამ ტალღაზე შოთაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა შოთაძის გადადგომას “მაღალი სტანდარტი” უწოდა და თქვა, რომ მისი აზრით, შოთაძეს ხორავას საქმეში ბრალი არ მიუძღოდა. ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ შოთაძის მეორედ მოსვლა პირადად ივანიშვილის სურვილი და იდეა იყო.