პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
გიორგი ბაჩიაშვილის საქმე
საქართველოს პროკურატურის ცნობით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო.
დანაშაული თავისუფლების 9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
რას ამბობს პროკურატურა
“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2015-2017 წლებში გიორგი ბაჩიაშვილმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა, მაინინგში ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა, არ მოახდინა ვირტუალური აქტივების შესაბამისი ოდენობის გადაცემა ინვესტორისათვის და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986.8675 ბიტკოინი, რის შემდგომაც მოახდინა მითვისებული აქტივების ლეგალიზაცია.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო. კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში. ხდებოდა ამ აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობისა და საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.
შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.” – წერია განცხადებაში.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმე
27 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველო-სომხეთის საზღვართან, წითელ ხიდთან, დააკავეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსური მრჩეველი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. საქართველო მას წითელი ცირკულარით ეძებდა – ბაჩიაშვილს ბრალად ედება 42 მილიონ დოლარამდე თანხის მითვისება. თუმცა, მისი საერთაშორისო ადვოკატები ამბობენ, რომ ბაჩიაშვილის საქმე ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა და საქართველოში ის იძულებით დააბრუნეს.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. პროკურატურა მას 40 მილიონამდე აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. 2023 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიასვილს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. 2025 წლის 2 მარტს გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან მალულად გაიქცა. როგორც სუს-ი თავის განცხადებაში აღნიშნავდა, ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა.
ბაჩიაშვილის თქმით, არა მხოლოდ სიკვდილის საფრთხე უდგას, არამედ პირდაპირ გააფრთხილეს, რომ ბრძანება გაცემულია, თუმცა არ სჯერა, რომ ეს ივანიშვილისგან მოდის.