დააკავებენ თუ არა ყოფილ პრემიერს? - რატომ დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი შვილების "ჭამა"
ღარიბაშვილ-ლილუაშვილის საქმე
“ქართული ოცნების” რიგებში უპრეცედენტო სკანდალია. საქართველოს
ორგზის პრემიერი, მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროტეჟე ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციულ საქმეშია გახვეული. ღარიბაშვილი უკვე იყო გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და როგორც ეს უწყება ავრცელებს განცხადებას, ყოფილმა პრემიერმა “სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი”.
მანამდე, სამართალდამცავებმა ღარიბაშვილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკისას ამოღებული მასალების ვიდეო საჯაროდ გაავრცელეს. ეს ვიდეო ჰგავს კადრებს, რომლებსაც სამართალდამცავები მაფიის ბოსების სახლებიდან აზიარებენ ხოლმე – დიდძალი ოქრო, ძვირფასეულობა, დოლარების დასტები.
ღარიბაშვილთან ერთად კორუფციულ სკანდალში კიდევ ორი გავლენიანი მაღალჩინოსანია გარეული – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი და გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძე. ჩხრეკა მათ სახლებშიც ჩატარდა.
ამ საქმეზე საქართველოს პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური თითქმის ყოველ დღე მართავენ სპეციალურ ბრიფინგებს და ახალ -ახალ ინფორმაციას ავრცელებენ. ჩხრეკის შესახებ თავდაპირველად, 17 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურისგან გავიგეთ, მომდევნო დღეს სუს-მა ჩხრეკის დეტალები გაასაჯაროვა.
სუს-ის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, ასევე მათთან დაკავშირებული 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების შედეგად ამოღებულია: ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გავიგეთ, რომ ამ საქმეს დაემატა სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის კობა ხუნდაძის დააკავება. ხუნდაძის სახლიდან 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი ამოიღეს. ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 2 904 900 აშშ დოლარი.
მიუხედავად იმისა, რომ აღიარებითი ჩვენებაც არსებობს და საუბარი მილიონობით ლარის კორუფციაზეა, ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია ღარიბაშვილის ან ლილუაშვილის დაკავებაზე.
მათ არც მედიასთან გაუკეთებიათ კომენტარი და არც საჯარო სივრცეში გამოჩენილან. ბოლოს ღარიბაშვილი საჯარო სივრცეში 4 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც მუნიციპალურ არჩევნებზე ხმის მისაცემად მივიდა. მაშინ ოპოზიციური არხების ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ელოდებოდა თუ არა დაკავებას.
“საცოდავები ხართ”, – ეს იყო მისი პასუხი. მედია ასევე წერდა, რომ ღარიბაშვილს ჩამორთმეული აქვს პასპორტი და აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა.
რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შესახებ გავიგებდით, ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუ თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში ე.წ. ქავერის ფოტო შეცვალა – ღარიბაშვილის ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული ფოტო დააყენა.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, ის ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანმა, რომელიც ერთ დროს ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო, გვარი შეიცვალა და რომანოვი გახდა. ვიცით ის, რომ ფარცხალაძე ამ წლის 9 მაისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს ესწრებოდა. 2023 წლიდან ფარცხალაძის მიმართ აშშ-ის სანქციები მოქმედებს.
როგორ ვიწროვდებოდა გზა ამ მაღალჩინოსნებამდე
ირაკლი ღარიბაშვილის მოსალოდნელ დაკავებაზე მედია დიდი ხანია საუბრობს. ამ მოლოდინს რამდენიმე ფაქტი ამყარებდა, მათ შორის, ღარიბაშვილის გარემოცვის უახლოესი წევრების დაკავებები.
ვიდრე გამოძიება ღარიბაშვილამდე მივიდოდა, ოფიციალურად და საჯაროდ, ასევე კორუფციის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე , გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე, ბიჭიკო პაიკიძეზე კი ძებნაა გამოცხადებული, ის მიმალვაშია. თუმცა, დაკავებულია პაიკიძის ბიზნესპარტნიორი, ბიზნესმენი მამუკა ჟღენტი. მითვისებული თანხების ოდენობა, რომელსაც ოფიციალურად ედავებიან ამ პირებს, ათობით მილიონი ლარია.
ამ ამბავს დაუკავშირეს აჭარის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობაც. (ამ ამბიდან სამ თვეზე მეტი გავიდა და დღემდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რა მოხდა სინამდვილეში. არც ის ვიცით, სადაა თავად რიჟვაძე).
რატომ არ არის ეს კორუფციასთან ბრძოლა?
ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკას და სხვა ჩინოვნიკების დაკავებებს კორიფციასთან ბრძოლასთან საერთო რომ არაფერი აქვს, ამას არამხოლოდ კორუფციის მკვლევრები, რიგითი ადამიანებიც ხვდებიან.
მაშ, რატომ “დაერია” ივანიშვილი თანაგუნდელებს? თანაც, ძალიან ტურბულენტურ დროს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და თითქმის ერთი წელია უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
პოლიტიკური კომენტატორების შეფასებით, პროცესი, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს, სინამდვილეში “ფულის ამოღებაა”. ანუ ჩინოვნიკებს, რომლებსაც მანამდე “მწვანე შუქი” ჰქონდათ ანთებული კორუფციულ გარიგებებზე, ივანიშვილი ახლა ფულის დაბრუნებას სთხოვს, რადგან “ოცნების” შავი ყულაბა შეავსოს. ვისაც ფული არ მიაქვს, მათ აკავებენ.
ბესიკ დონაძე, კორუფციის მკვლევარი, JAMnews-თან ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მას გამოცხადებული აქვს 50 მლრდ ლარის ელექტრონული ტენდერი და 13 მლრდ ლარის გამარტივებული შესყიდვა.
მხოლოდ ორ ხელშეკრულებაში, რომელიც სუს-მა შეამოწმა (ჯუანშერ ბურჭულაძის ბრალი, ტომოგრაფიის აპარატის შესყიდვა და ბიჭიკო პაიკიძის ბრალი, საბავშვო ბაღების და სკოლების ტენდერები_JAMnews), 6 მლნ ლარით არის დაზარალებული სახელმწიფო:
“წარმოიდგინეთ ჯამში რამხელა კორუფციაზეა საუბარი”, – ამბობს მკვლევარი.
მისი შეფასებით, ეს რომ ნამდვილად კორუფციასთან ბრძოლა იყოს, ის სისტემური იქნებოდა:
“მარტო ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ბურჭულაძე აკეთებდნენ ფულს? მათ ქვემოთ ხომ უამრავი ადამიანი იყო ამ პროცესში ჩართული. რა არის ფულის მოპარვის გზები? – ტენდერები, სახელმწიფო მიწები, სუბსიდიები, შენობა-ნაგებობები, ნებართვები, ლიცენზიები და ა.შ. ვიღაც “ზემოთ” აკეთებს დოკუმენტებს ისე, რომ სადღაც ეს ფული მოიპარონ. შემდეგ ეს ფული ქვემოდან ადის ზემოთ, იყრის თავს ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და შემდეგ სადღაც საერთო ყულაბაში.
რაღაც კომპანიების ხელმძღვანელები ხომ დაიჭირეს, ამ კომპანიებს ხომ ჰყავდათ მაკონტროლებლები, ის ადამიანები ვინც ხელშეკრულება დაუდო, სახელმწიფო სტრუქტურა, გზების დეპარტამენტი, ამ დეპარტამენტიდან გინახავთ ვინმე დასჯილი? ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი ხალხი? ვინც ჩაიბარა? ის კომპანია სად არის, რომელიც ზედამხედველობდა?“
კორუფციის კიდევ ერთი მკვლევარი, ქეთევან ენუქიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციონერობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა აქამდეც მშვენივრად იცოდა. ამის არაერთი ფაქტი იყო – მაგალითად, ღარიბაშვილის ცოლისთვის ნაჩუქარი ტყე, შვილის ჩარტერული რეისით ჩაყვანა ამერიკაში, მისი დეკლარაციები და ა.შ:
“მაფიოზურ მმართველობაში, რაშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, კორუფცია პრობლემა არ არის, იმიტომ, რომ მოპარულ ფულს მერე ყველა ინაწილებს. მაგრამ, ეს პრობლემა ხდება მაშინ, როდესაც რაღაც ხდება, რაღაც იცვლება”.
მაშინ, რატომ წავიდა ივანიშვილი ამხელა რისკზე? რისი ეშინია?
რა შეიცვალა ახლა, რატომ წავიდა ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ამხელა რისკზე – გაჩხრიკოს და დააკავოს ქვეყნის სამი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი – რისი ეშინია და რას ცდილობს ოლიგარქი? – ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ექსპერტები სვამენ.
ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ვარაუდები – ავტორიტარიზმი ძვირი “ფუფუნებაა”, ივანიშვილს ბევრი ფული სჭირდება, მიიჩნევენ ექსპერტები.
ბესიკ დონაძე ჩამოთვლის ბიძინა ივანიშვილის სამ მთავარ პრობლემას – არაღიარება, აქციები და სანქციები. ის ამბობს, რომ ივანიშვილის ყველა გეგმა ახლა ამ სამი პრობლემის გარშემო ტრიალებს:
“მას სჭირდება აღიარება. ძალიან დიდი ფული უჯდება პიარ კომპანიები და ლობისტები, ეს ფული საიდანღაც უნდა მოიტანოს. ივანიშვილი არ არის ის ტიპი, რომელიც ამაში თავის ფულს დახარჯავს. ეს არის ის ფული, რომელიც გროვდება “ობშიაკში”. შეიძლება ამ ხალხმა რაღაც გარკვეული ფული არ მიიტანეს“.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტს და ყოფილი პარლამენტარს რომან გოცირიძეს ფულთან დაკავშირებული ვარაუდები საფუძველს მოკლებულად მიაჩნია. ის ამბობს, რომ მთავარი საკითხი ძალაუფლების კონსოლიდაციაა, და არა ფული, ფული ივანიშვილს საკმარისად აქვს:
“კორუფციასთან ბრძოლის კამპანია ყოველთვის მოსწონდა და მოსწონს ხალხს. მასებს სანახაობა ყოველთვის იზიდავს. დაკავებები და “სამართლიანობის აღდგენა”, ავტორიტეტს სძენს უზურპატორს“.
ზოგი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამ ჩინოვნიკებში ივანიშვილმა რაღაც საფრთხეები დაინახა.
“მან დაინახა საფრთხედ ის ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან, ფლობენ ინფორმაციას მასზე, აქვთ ფული, ჰყავთ მცირე პოლიტიკური გუნდი. დაინახა საფრთხე, რომ შესაძლოა ისინი ერთ დღეს ადგნენ და მის წინააღმდეგ რაღაც გააკეთონ, იმიტომ, რომ ისინი განაწყენებული არიან. შეფასდა რისკი, რამდენად იყო მოსალოდნელი მათი გააქტიურება ბიძინას წინააღმდეგ, რაღაც ინფორმაციის გატანა და მათი დაჭერა გადაწყდა“, – ამბობს ბესიკ დონაძე.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ივანიშვილისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია:
“რისი ეშინია ყველაზე მეტად ივანიშვილს? დასავლეთის, პირველ რიგში ამერიკის. მას პოტენციურ მტრად მიაჩნია ყველა, ვინც ოდესმე შეიძლება მასზე რაიმე სახის ინფორმაცია მიაწოდოს უცხოელებს. ამ კუთხით ლილუაშვილი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია. მან იცის ყველაზე მეტი, მათ შორის ივანიშვილის რუსული კავშირების შესახებ, არასდროს უხსენებია “დიპ სტეიტი” და მაგავსი სისულელეები, შეიძლება ყველაზე სახიფათო მოწმე აღმოჩნდეს ივანიშვილისათვის. არც ის არის გამორიცხული, რომ უცხოეთშიც წასულიყო. ამერიკაში საქმეების “დასალაგებლად” ლილუაშვილი ჰყავდა გაგზავნილი და არა სხვა ვინმე”.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, რომან გოცირიძის აზრით, ივანიშვილს აეჭვებს ის, რომ ღარიბაშვილს არავინ ასანქიცრებს (“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ უკვე ასობით ჩინოვნიკს აქვს არაერთი სანქცია, სავიზო და სამოგზაირო შეზღუდვები, ფინანსური სანქციები. ირაკლი ღარიბაშვილი არცერთ სიაში არ არის_JAMnews):
“დასავლეთი რატომღაც არ ერჩის ღარიბაშვილს . ეს უკვე საკმარისია ივანიშვილისათვის რომ იგი განიხილოს დასავლეთის კაცად ან პოტენციურ “ჩამშვებად”.
კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება, ამ ჩინოვნიკების 4 ოქტომბერთან კავშირია. 4 ოქტომბერს საქართველოში “ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა” იგეგმებოდა, მაგრამ, ეს გეგმა ჩავარდა. ამ იდეის ყველა ავტორი (5 ადამიანი) ციხეშია და ამას გარდა, 100-მდე აქტივისტია დაკავებული.
“მახსენდება ერთ-ერთი დაკავებულის, მურთაზ ზოდელავას სიტყვები – რესურსიან ადამიანებს ერიდეთ. ასეთი ადამიანი არ არის ღარიბაშვილი. შეიძლება შიგნიდან რაღაც ინფორმაცია გამოდიოდა, მაგრამ, ის, რომ ლილუაშვილი და ღარიბაშვილი თანამშრომლობდნენ ოპოზიციასთან, სუს-ის მიერ გავრცელებული სისულელეა“, – ამბობს ქეთევან ენუქიძე.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ ლილუაშვილის შემთხვევაში, “ჩხრეკისას აღმოჩენილი დიდი ფული” ნაკლებადრეალისტური იქნებოდა. ამიტომ, ის რაღაცნაირად ღალატთან უნდა დაეკავშირებინათ:
“ფულს ოცნებაში ყველა იპარავს და ღარიბაშვილისაგან განსხვავებით, ლილუაშვილი ყველაზე ნაკლებს. ის არ ითვლება განსაკუთრებით კორიმპირებულ მოხელედ. “ოცნების” მხარდამჭერების თვალში მისი გაშავების ერთადერთი ხერხი არის ღალატის დაბრალება ანუ ოპოზიციასთან შეკვრა“.
ქეთევან ენუქიძეს კიდევ ერთი ვარაუდი აქვს – კლანური დაპირისპირება. ის ფიქრობს, რომ ერთმა კლანმა მეორე კლანი დაჩაგრა: “კობახიძის კლანმა ღარიბაშვილის კლანი, ბიძინას ხელდასხმით. რატომ გაწირა და შემოსწყრა ასე ივანიშვილი ღარიბაშვილს, არ ვიცი. სავარაუდოდ მას ბევრი რამ უთხრეს ყურში”.
მთელს ამ ამბავში ყველაზე მეტი კითხვა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ისმის.
“ღარიბაშვილმა და ეროვნულმა ბანკმა რუსეთის ოფიციალურ აგენტს, ფარცხალაძეს მისცა დრო დასანქცირების შემდეგ ფული გაეტანა რუსეთში, ხოლო უძრავი ქონება, ბიზნესები და ეზოში განთავსებული კერძო ეკლესიაც კი გადაეფორმებინა ოჯახის წევრებზე. ამისთვის ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განკარგულებაც კი გამოსცა. რატომ გაუბედა ივანიშვილმა აწ უკვე რომანოვად გვარშეცვლილ ფარცხალაძეს სახლის ჩხრეკა და სავარაუდოდ, საქმის აღძვრა, გაირკვევა სულ მალე. მიზეზი ძალიან სერიოზული უნდა იყოს. რუსეთი თავის აგენტებს ცივ ნიავს რომ არ აკარებს, ეს კარგადაა ცნობილი“, – ამბობს გოცირიძე.
ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდება, არის ის, რომ ეს ყველაფერი ავტორიტარული რეჟიმის კიდევ უფრო გამყარების, შიშის დანერგვის მცდელობაა:
“ივანიშვილის მიერ საკუთარ გუნდში დაწყებული წმენდა არის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების ზომების ნაწილი, რასაც ოპოოზიციისა და სამოქალაქო სექტორის რეპრესიებიც ახლავს თან. ასევე ყველა იმ პირის განეიტრალების მცდელობა, ვისაც რაიმე ფორმით დასავლეთთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი ან დასავლეთს ( ამერიკას) გამოადგეს სამომავლოდ ივანიშვილის ( რეჟიმის) დანაშაულებათა მხილებაში”, – ამბობს რომან გოცირიძე.
“ქართული ოცნების” წევრების და მხარდამჭერების რეაქცია
როდესაც საქმე ყოფილი მაღალჩინოსნების სკანდალს ეხება, “ქართული ოცნების” მესიჯბოქსში ორი სიტყვა ისმის – კორუფცია და ღალატი.
“ოცნების” მაღალჩინოსნები ჯერ დუმილს ამჯობინებენ და ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ. „ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მან ყველაფერი იცის, მაგრამ, უფლება არ აქვს ამაზე ისაუბროს:
„გამოძიება, გამოძიება გეტყვით ყველაფერს, მე ვერ გეტყვით“, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკასა და მათ შესაძლო დაკავებაზე დასმულ კითხვებს:
„მე კითხვები მქონდა, დავსვი და მივიღე პასუხები… მე მაქვს პასუხები, მაგრამ თქვენ ვერ გეტყვით. გამოძიებამ უნდა გაგცეთ ყველაფერზე პასუხი. მე უფლება არ მაქვს“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
მაგრამ, არ დუმან “ქართული ოცნების” გულმხურვალე მხარდამჭერები. დიდი მობილიზებაა სოციალურ ქსელებშიც. ტროლ-ბოტები და “ქართული ოცნების” რეალური მხარდამჭერები ერთი და იგივე შინაარსის ტექსტებს წერენ, რომ – “ეს ინფორმაცია მათთვის უმძიმესია”, “დამუნჯდნენ ამის მოსმენისას”, “ჩხრეკა არაფერს ნიშნავს”, “ღარიბაშვილი ამას არ ჩაიდენდა”, “შოკი აქვთ” და ა.შ.
ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც ამ საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი, მათ შორის, გასაჯაროვდა ჩხრეკის კადრები და ზოგი ადამიანიც დააკავეს, ეს გზავნილები ასე შეიცვალა – “ბატონი ბიძინას ღალატი არავის ეპატიება”.
ზოგი მათგანის პოსტებში გაბრაზება და “ოცნებაზე” განაწყენებაც იგრძნობა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სიტყვაზე გენდოთ? რას აკეთებთ!!! როცა ირაკლი ღარიბაშვილის არც მხარე ამბობს რამეს. არც ადვოკატია და საერთოდ არანაირი ნდობას არ იწვევს თქვენი პიარტაშფანდურით გამართული ბრიფინგები!!. იქნებ სააკაშვილიც უკანონოდაა დაკავებული? ყველას ვის წინააღმდეგაც ნადირობა გამოაცხადეთ ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებული!!!!. მასთანაც მიხვალთ ჩხრეკაზე? მართლა ვერაფერი გავიგე!!!.“- წერს სოციალურ ქსელში “ოცნების” ერთ-ერთი პროპაგანდისტი ნუკა არველაძე.
“ამ მილიონებს ისე ისროდნენ წინ და უკან, გეგონება პენიცილინია! კარგით რა მართლა და მართლა! გავწყდით წელში და ბანკის ვალების მეტი ხელში არაფერი გვიჭირავს!, – დაწერა ღარიბაშვილის აღიარების შემდეგ კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა ლალი მოროშკინამ.
ღარიბაშვილ-ლილუაშვილის საქმე