"ქიმიური ფხვნილი, რომელსაც შსს აქციების დროს იყენებდა, 'კამიტი' არ არის. გამოძიება ამოწურულია" - სუს
გამოძიება კამიტზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი არა “კამიტი”, არამედ “ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია”, რომელიც მათივე თქმით, შსს-მ 2007 წელს შეიძინა.
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, “კამიტის” გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, თუმცა გამოძიება გრძელდება უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით.
ბრიფინგზე მაღრაძე ირწმუნებოდა, რომ BBC-ის სიუჟეტში ნახსენები “კამიტი” შსს-ს არასდროს შეუძენია. მაღრაძე ამბობს, რომ შსს-ს მიერ გამოყენებული ნივთიერებები აკრძალულ ნივთიერებებს არ განეკუთვნება.
ლაშა მაღრაძის განცხადებით, BBC-ის საგამოძიებო მასალაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ვერ მოხერხდა გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა. მაღრაძის ცნობითვე, შერგელაშვილზე ძებნა გამოცხადდა.
სწორედ ლაშა შერგელაშვილია ის მაღალჩინოსანი, რომელიც BBC-ის საგამოძიებო მასალაში ფიგურირებს. შერგელაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) შეიარაღების უფროსი იყო 2022 წლამდე.
“საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების პარალელურად. გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში.
ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი ,”კამიტის’’ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად.” – თქვა მაღრაძემ.
BBC-მ 1 დეკემბერს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.