გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი
გაერო რუსულ კანონზე
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოში პოლიციის მიერ რუსული კანონს წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების ცნობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შეშფოთებას იწვევს თბილისში სამართალდამცავი ორგანოების წევრების მიერ დემონსტრატორებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები.
ამასთანავე, იგი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვს, არასწორი მოპყრობის ნებისმიერი ბრალდება მყისიერად და გამჭვირვალედ იყოს გამოძიებული და მოუწოდებს მთავრობას, გამოხატვის თავისუფლებისთვის დაკავებული პირები გაათავისუფლოს, ხოლო წაყენებული ბრალდებები უკან წაიღოს. თავის მხრივ, ვოლკერი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, საკუთარი უფლებები მშვიდობის დაცვით გამოხატონ.
განცხადების ბოლოს ვოლკერ თურქი მთავრობას რუსული კანონის უკან წაღებისკენაც მოუწოდებს.
● აშშ-ის ელჩი: საქართველოს მთავრობის წევრები მივიწვიეთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად – ქართულმა მხარემ უარი თქვა მოწვევაზე
● აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა
● “ქართული ოცნება” ქვეყანას რუსული ავტორიტარიზმისკენ მიაქანებს” – როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები გუშინდელ აქციას
ვოლკერ თურქის განცხადება
“მაშფოთებს ამ კვირაში საქართველოს დედაქალაქ თბილისში სამართალდამცავი ორგანოების წევრების მიერ დემონსტრატორებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები.
არასწორი მოპყრობის ნებისმიერი ბრალდება მყისიერად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებ მთავრობას, გამოხატვის თავისუფლებისთვის დაკავებული პირები გაათავისუფლოს, ხოლო წაყენებული ბრალდებები უკან წაიღოს. თავის მხრივ, აქციის მონაწილეებს მოვუწოდებ, საკუთარი უფლებები მშვიდობის დაცვით გამოხატონ.
ასევე, მე საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს, და დიალოგში ჩაერთოს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებთან. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების, რომლებსაც უცხოეთიდან ფინანსები შემოსდით, “უცხოურო ძალის ინტერესებით მოქმედ ორგანიზაციებად” მონათვლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.” – წერს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი.