ის [პუტინი] იმაზე მალე წავა, ვიდრე გვგონია და როგორც კი ეს მოხდება ბატონი ივანიშვილიც წავა – მიუხედავად იმისა, რომ მან ფული რუსეთიდან გამოიტანა – და საქართველოში მთელი სიტუაცია შეიცვლება – ამის შესახებ განაცხადა ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა თავმჯდომარემ, ამერიკელმა ავტორმა ფრედერიკ სტარმა აშშ-ს სენატში ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას.
აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართული განხილვა შავი ზღვის რეგიონში აშშ-ს სამომავლო სტრატეგიის საკითხს ეხებოდა.
ფრედერიკ სტარი: “პირველ რიგში, ჩემი პატივისცემა ქართველებს იმისთვის, რასაც მათ მიაღწიეს დამოუკიდებლობიდან ათწლეულების შემდეგ. ეს არ ყოფილა მარტივი გზა. გაიხსენეთ, რომ პუტინი მათ თავს დაესხა 2008-ში და ჩვენ თითქმის არაფერი გავაკეთეთ. ამ უყურადღებობით ჩვენი ავტორიტეტი იქ დაკნინდა ისევე როგორც უკრაინაში დაკნინდა ჩვენი უმოქმედობით მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინა მოიპარა 2014-ში.
მაგრამ, ზოგადად, მიმაჩნია, რომ ჩვენ ოდნავ ოპტიმისტურები შეგვიძლია ვიყოთ საქართველოსთან მიმართებით ვიდრე ეს თქვენს შეკითხვაში იგულისხმება.
რატომ ვამბობ ამას? პუტინი არ არის ხანგრძლივი ფიგურა, ეს დასრულებულია. ზუსტად როდის და როგორ დასრულდება… ეს დასრულდა. მას არ გააჩნია რესურსები, მას არ აქვს ადამიანური რესურსი, მას აღარ აქვს ექსპორტი, რომელიც წარსულში ჰქონდა და მას ჰყავს საზოგადოება, რომელიც ღრმად გაუცხოებულია არა ომის მიერ, არამედ ეკონომიკური გაჭირვების გამო, რასაც ახლა ორ უდიდეს ქალაქს მიღმა მცხოვრები ყველა ადამიანი გრძნობს.
ის [პუტინი] იმაზე მალე წავა, ვიდრე გვგონია და როგორც კი ეს მოხდება ბატონი ივანიშვილიც წავა – მიუხედავად იმისა, რომ მან ფული რუსეთიდან გამოიტანა – და საქართველოში მთელი სიტუაცია შეიცვლება. ჩემი აზრით, ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, თუ რა ხდება რუსეთში.” [“ტაბულას” თარგმანი]