ფრანგ ფოტოგრაფს, რომელიც პროევროპულ აქციებს იღებდა, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს
ფრანგი ფოტოგრაფი საქართველოში არ შემოუშვეს
ფრანგ დოკუმენტალისტსა და ფოტოგრაფს მარილიზ ვინიოს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს.
მისი საქმიანობის ფოკუსია პოსტ-საბჭოთა სივრცე. ის აკვირდება ქვეყნებს, რომლებმაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ის მუშაობს გრძელვადიან პროექტებზე, რათა შეისწავლოს მეხსიერება. იღებს გადამწყვეტ მომენტებს ისტორიითა და სოციალურ-პოლიტიკური დაძაბულობით გაჯერებულ რეგიონებში. მარილიზ ვინიომ გადაიღო საქართველოში გასული წლის ნოემბერსა და ოქტომბერში გამართული საპროტესტო აქტები. სწორედ აქციების დროს გადაღება გახდა, მისი აზრით პრობლემა, რის გამოც ის საქართველოში არ შემოუშვეს.
მარლიზ ვინიო JAMnews-ს თავის ამბავს უყვება:
ქუთაისის აეროპორტში პასპორტის კონტროლის დროს ოფიცერმა შეამოწმა ჩემი პასპორტი და შტამპიც ჩაარტყა. წამიერად დამიარა შვების და სიხარულის ტალღამ — ჩემი შიშების შემდეგ, მეგონა, უკვე გადავრჩი. თუმცა, შემდეგ გაჩერდა. პასპორტი არ დამიბრუნა და არ გამატარა. ტელეფონზე დაიწყო რაღაცის წერა, აშკარად ვიღაცას ელოდებოდა. ასე გავიდა ათი წუთი, მე კი ვუყურებდი, როგორ გადიოდნენ სხვა მგზავრები დაუბრკოლებლად.
დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ მოვიდა სხვა ოფიცერი, ხელში ეჭირა ჩემი ფრანგული პასპორტი და მთხოვა, გავყოლოდი პატარა ოთახში. პირველი კითხვა, რაც დამისვა, იყო: „რუსულად ლაპარაკობ?“ ვუპასუხე — არა, მხოლოდ ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად.
დაიწყო კითხვების დასმა დამტვრეული ინგლისურით: ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო საქართველოში? — არა. ტურისტი ვიყავი? — კი. პროფესია? ვუპასუხე, რომ ფრანგული ენის მასწავლებელი ვარ (რაც სინამდვილეშიც შემიძლია ვიყო, თუ საჭიროა). შემდეგ დაიწყო კითხვები ჩემს მარშრუტზე — ბორჯომი, თბილისი, ქუთაისი. ვიყავი თუ არა ჯგუფთან ერთად? ავიღე თუ არა ტურისტული საგზური სააგენტოში? — არა.
როცა ვუთხარი, რომ ჩემთან ერთად იყო ჩემი ქმარი, რომ მინდოდა მისთვის გამეზიარებინა ქვეყანა, რომელიც მიყვარს, მკითხეს მისი სახელი. სახელი ფრანგულად არ ჟღერს და როგორც ჩანს, ეს „ჩაიჭირეს“. მკითხეს: „ის ნამდვილად არის საფრანგეთის მოქალაქე?“
შემდეგ ოფიცერი გავიდა და მარტო დავრჩი. მომდევნო სამი საათის განმავლობაში, ჩემს ნებისმიერ კითხვაზე — რატომ ჭიანურდებოდა პროცესი, ან რას ამოწმებდნენ — ვიღებდი ერთსა და იმავე პასუხს: „არ ვიცით. გადაწყვეტილებას ველოდებით.“
ბოლოს, გამომიძახეს და უკან დამაბრუნეს საერთო დარბაზში, სადაც დავჯექი და ვუყურებდი, როგორ გადიოდნენ პასპორტის კონტროლს სამი სხვადასხვა რეისის მგზავრები. შემდეგ კვლავ გამომიძახეს და მითხრეს, რომ ქვეყანაში შესვლაზე უარი მითხრეს. როცა მიზეზი ვიკითხე, ისევ მიპასუხეს: „არ ვიცით.“
მითხრეს, რომ უნდა დამეჯავშნა ბილეთი ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით, ოღონდ საქართველოს საზღვრებს გარეთ. ავარჩიე პოლონეთი, რადგან ავიარეისი ვენაში (სადაც ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ფრანგი) იყო მხოლოდ სამი დღის შემდეგ. მომცეს საშუალება, რამდენიმე წუთით მენახა ჩემი მეუღლე, რომელიც იმ დროს ბარგის გაცემის ზონაში მელოდა. ორივე შევთანხმდით, რომ ამ სიტუაციამ არ უნდა გააფუჭოს მას გამოცდილება — მან მარტო გააგრძელა მოგზაურობა თბილისში.
შემდეგ მომიტანეს ქაღალდი ხელმოსაწერად — უარის მიზეზად ეწერა: „სხვა შემთხვევები, გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.“ მითხრეს, რომ ჩვენი საუბარი იწერებოდა.
მითხრეს, რომ 22:00 საათამდე, სანამ ჩემი რეისის დრო მოვიდოდა, უნდა გადავეყვანეთ დროებითი მოთავსების ოთახში. მთხოვეს, დამეტოვებინა ჩემი ბარგი მათთან და მხოლოდ პატარა ხელჩანთა გამეტანა. შემდეგ მომთხოვეს, რომ ტელეფონი ჩამებარებინა.
ვკითხე, იყო თუ არა კანონი, რომელიც ტელეფონის ჩამორთმევის უფლებას ანიჭებდათ. მიპასუხეს მოკლედ: „კი.“ მაგრამ მე სკეპტიკურად განვეწყე. მოვახერხე, რომ მეგობარს თბილისში დავკავშირებოდი და მან მაშინვე მითხრა, რომ ასეთი მოთხოვნა უკანონოა. მან დამაკავშირა ქართველ იურისტთან, რომელმაც დაადასტურა, რომ ტელეფონის შენარჩუნების უფლება მქონდა. ეს საუბარი ოფიცრების თანდასწრებით შედგა. არ ვიცი, რამდენად გაიგეს, რადგან მათი ინგლისური ძალიან მწირი იყო, თუმცა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ერთ-ერთმა თქვა: „კარგი, დაიტოვეთ ტელეფონი.“
თუმცა, სხვა ბარგი, მათ შორის ჩემი კომპიუტერი, დარჩა პატარა დაბლოკილ ოთახში. შემდეგ გადამიყვანეს დროებითი მოთავსების ოთახში — ეს იყო მინის კედლებიანი სივრცე დიდი ფანჯრებით, საიდანაც საოცრად ლამაზი ხედი იშლებოდა იმერეთის მთებზე. გარემო ირაციონალურად ლამაზი იყო იმ პირობებში. ოთახში დამხვდა ერთი სომალელი ქალი — მას ტელეფონი ჩამოართმეული ჰქონდა.
21:00 საათზე ოფიცერმა მიმიყვანა გამგზავრების დარბაზში. მითხრეს, დავმჯდარიყავი და დავლოდებოდი ჩასხდომას. პასპორტი კი პირდაპირ ბორტის ეკიპაჟს გადაეცემოდა. ასეც მოხდა — ჩემი პასპორტი პილოტს გადასცეს, რომელსაც ის ჰქონდა კატოვიცამდე. ფრენის დროს ბორტგამცილებლებმა მითხრეს, რომ საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები ყოველდღე ხდება.
როგორ ფიქრობთ, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს გადაწყვეტილება?
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ ერთ-ერთ შავ სიაში აღმოვჩნდი. შარშან საქართველოში ორჯერ ჩამოვედი — ჯერ ოქტომბერში ერთი თვით, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებამდე. შემდეგ კი – დეკემბერში სამი კვირით. იმ პერიოდში თითქმის ყოველ საღამოს პარლამენტთან მივდიოდი. სოლოლაკში ჩემი ბინის გზა გადიოდა უშუალოდ იმ ადგილთან, სადაც პოლიციელები იდგნენ შენობის უკან. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაყენებული ხელოვნური ინტელექტის ჩინური სათვალთვალო კამერები, ვეჭვობ, რომ მაინც “დამიმახსოვრეს”.
იმ ვიზიტების დროს გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა The Eye of Photography და Hot Mirror-ში, ნაჩვენები იყო Kolga Photo Festival-ზე თბილისში და გავიდა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ფინალში. სოციალურ ქსელებშიც ვაქვეყნებდი მხურვალე მხარდაჭერას საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი ხალხის მიმართ. არასდროს დამიმალავს, სად ვიდექი — და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ გამორჩენიათ.
ჩემი ურთიერთობა საქართველოსთან მგზნებარეა. პირველად რომ ჩამოვედი 2019 წელს, მაშინვე ღრმა კავშირი ვიგრძენი ამ ქვეყანასთან — თითქოს ვიპოვე კუთხე მსოფლიოში, რომელიც ირეკლავდა ჩემს შინაგან ბუნებას: იშვიათი და მტკივნეულად ლამაზი ნაზავი სევდისა და სიცოცხლის წყურვილისა.
ამჯერად მოკლე, პირადული ვიზიტით ჩამოვედი — მინდოდა, რამდენიმე დღე ჩემს მეუღლესთან ერთად გამეტარებინა. მსურდა, გაეცნო ის საქართველო, რომელიც ასე ბევრს ნიშნავს ჩემთვის — ჩემი “Georgia on my mind”. მისთვის ეს იქნებოდა პირველი ვიზიტი.
უკან დაბრუნებისთანავე გადავწყვიტე, გავასაჩივრო უარის გადაწყვეტილება და უკვე ვმუშაობ ადვოკატთან ერთად. ამასთანავე, ვიწყებ ახალ ფოტოპროექტს: იმ ქართველთა პორტრეტები, რომლებიც პოლიტიკური მიზეზების გამო ემიგრაციაში იმყოფებიან.