ფეხბურთი: პრაგმატულობა და ინტრიგა
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელმაც “ეკვატორის სტადია” გადალახა, კონტრასტულ შხაპს ჰგავს.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ეს სახეობა უსაზღვროდ მიყვარს, ამ ჩემპიონატის მატჩების უმრავლესობა ძილს მგვრიდა. უკიდურესად პრაგმატული ფეხბურთი, რომელსაც ამ ასპარეზობის ფავორიტებიც კი მიმართავდნენ, უნებლიეთ მიჩენდა აზრს, რომ ეს ხალხი მუშაობდა სამწვრთნელო შტაბისთვის, ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედებების სტატისტიკის გაუმჯობესებისთვის, პირადი საბანკო ანგარიშისთვის, მყვირალა ფანებისთვის, ვისთვისაც ფეხბურთი მხოლოდ მორიგი დათრობისა და ჩხუბის მიზეზია… მაგრამ არა ფეხბურთისა და მისი ნამდვილი გულშემატკივრებისთვის.
ფეხბურთელები ერთმანეთს ერქინებოდნენ, ოფლიანდებოდნენ, ხვნეშოდნენ, ტკივილისგან იტანჯებოდნენ, მაგრამ არ თამაშობდნენ. მხოლოდ მატჩების ბოლოს, როდესაც ერთ-ერთი გუნდი “უეცრად” აღმოაჩენდა, რომ ტაბლოზე გამოსახული ანგარიში არ აწყობდა, ერთგვარ უთავბოლო ქროლვას იწყებდა, და მაშინ კი მეღვიძებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი ფრაგმენტულად ხდებოდა.
მითხარით, რა შეიძლება ეწოდოს შვედების თამაშს, როდესაც ამ გუნდის ფეხბურთელებს პირველი ორი ტურის განმავლობაში მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით ერთი ბურთიც არ გაუგზავნიათ. არადა, გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩის დონის მეგავარსკვლავი ჰყავთ. გერმანელები მოკრძალებული ანგარიშით ამარცხებენ ჩრდილოირლანდიელებს, ფრანგებმა შვეიცარიასთან გამართული მატჩი ნულოვანი ყაიმით დაასრულეს, ინგლისელები ახალგაზრდა ფეხბურთელების თანავარსკვლავედით რუსეთის წინაშე ქოშინებენ, იტალიელები კი ყველა მოწინააღმდეგეს “დაცვით ფეხბურთს” ეთამაშებიან.
ძალიან დიდხანს არ მტოვებდა შეგრძნება, რომ ნამდვილმა ფეხბურთმა მის ყველა ჯადოქართან ერთად ევროპიდან სხვა კონტინენტზე გადაინაცვლა – იქ, სადაც “კოპა ამერიკა” მიმდინარეობს; მის ადგილას კი რუსეთის ჩემპიონატი მოიწვიეს. იქ კი ნამდვილად არის ვნებაც, სილამაზეც და დახვეწილობაც. ცხადია, “კოპა ამერიკას” ვგულისხმობ – თქვენ რა იფიქრეთ?
მესის, ჩილელების, კოლუმბიელების ყურება სიამოვნებას მგვრიდა. განადგურებული მექსიკელებიც კი კარგად გამოიყურებოდნენ. აქ კი იგნაშევიჩი უნდილად აწვდის ბურთს ბერეზუცკის, ბერეზუცკი კი – იგნაშევიჩს. და ასე მეორდება ორმოცდახუთჯერ ყველა თამაშში.
და უნდა აღინიშნოს, რომ ამ რუს მცველებს მიმდევრები თითქმის ყველა ნაკრებში ჰყავდათ. თუ არ გჯერათ, პასების საუკეთესო გამანაწილებლების სტატისტიკურ მონაცემებს დახედეთ, სადაც, ძირითადად, ცენტრალური მცველები ლიდერობენ, რომლებიც ერთმანეთს ბურთს უგორებენ, და მიხვდებით ჩემი “ნახევრადმთვლემარე” მდგომარეობის მიზეზს.
შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატს გაუმართლა იმის გამო, რომ დროის სარტყლებს შორის დიდი სხვაობაა და აშშ-ში მატჩები ძალიან გვიან ღამით იმართებოდა. სხვა შემთხვევაში, ტელეკომპანიებს, რომლებმაც თამაშების ტრანსლაციის უფლების მოსაპოვებლად უზარმაზარი თანხები გაიღეს, ახალი ბატალური შერკინებების გასამართად საფეხბურთო ხულიგნების დაფინანსება მოუწევდათ. ცხადია, ეს ხუმრობით.
თუმცა, ჯგუფურ ეტაპზე სანახაობრიობის დეფიციტი ინტრიგამ შეავსო. მადლობა მიშელ პლატინის იმისთვის, რომ ტურნირის ფორმატი შეცვალა და ახლა ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე 24 გუნდი ასპარეზობს. სხვა შემთხვევაში, მსგავს ტურნირზე ვერ ვიხილავდით, მაგალითად, უნგრელებს.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ შორეულ 86 წელს საბჭოთა კავშირთან გამართული მატჩის (რომელშიც საბჭოთა ნაკრებმა მოიგო ანგარიშით 6:0) შემდეგ უნგრეთის ნაკრები სამუდამოდ გადავიდა საფეხბურთო პერიფერიაზე. ალბათ, ბევრი ფიქრობდა, რომ ამ ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრებისთვის ერთი ქულაც კი დიდი შედეგი იქნებოდა, მაგრამ უნგრელებმა არამხოლოდ პირველი ადგილი დაიკავეს ჯგუფში, არამედ საკმაოდ მიმზიდველი ფეხბურთი აჩვენეს და ყველა ფსონი თავდაყირა დააყენეს.
ან თუნდაც ისლანდიის ნაკრები ავიღოთ – ამ ჩემპიონატის უდავო აღმოჩენა. თუკი უნგრელებს მტვრის სქელი ფენით დაფარული დიდებული საფეხბურთო ისტორია აქვთ, კუნძულელებს ესეც არ გააჩნიათ. უფრო სწორად, ეს ისტორია ახლა იწერება. თუ გგონიათ, რომ ვიკინგების შთამომავლებმა ისედაც გადააჭარბეს საკუთარ შესაძლებლობებს და პლეიოფში ინგლისთან შანსი არ აქვთ, გირჩევთ, კარგად დაფიქრდეთ.
ჩემი ყველაზე დიდი სიმპათია ხორვატებმა დაიმსახურეს. ერთადერთი ნაკრები, რომლის თამაშსაც ჯგუფურ ეტაპზე ესთეტიზმი ახლდა, ანუ ის სნახაობა, რაც “კოპა ამერიკას” ტურნირს ახასიათებდა. თუმცა ჩეხებთან თამაშისას ხორვატებსაც ჰქონდათ ოცწუთიანი მონაკვეთი, როდესაც იგებდნენ ანგარიშით 2:0. გადაწყვიტეს, მოდუნებულიყვნენ და ანგარიშის შენარჩუნებისთვის ეთამაშათ, მაგრამ ამის გამო კინაღამ წააგეს.
შედეგად, ჩეხებმა საყაიმო შედეგს მიაღწიეს, ხორვატები კი, რომლებსაც, ალბათ, ძალიან შერცხვათ, მომდევნო მატჩზე თავად ესპანელებს გაუმკლავდნენ, და თან – მთავარი ვარსკვლავის, ლუკა მოდრიჩის გარეშე.
იქიდან გამომდინარე, თუ როგორ განაწილდნენ გუნდები პლეიოფის ბადეში, ფინალში გასვლის მთავარ პრეტენდენტად სწორედ ხორვატიის ნაკრები ითვლება (თუკი ბელგიელები გონს არ მოეგებიან).
ფინალის მეორე საგზურისთვის სასტიკი ბრძოლა გაიმართება – ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გერმანელები, ესპანელები, ფრანგები, იტალიელები, ინგლისელები… და, ჯგუფური ეტაპისგან განსხვავებით, ამ შემთვევაში, მოსაგებად მხოლოდ პრაგმატიზმი არ იკმარებს. თუ არადა, რაღატომ უნდა გვიყვარდეს ფეხურთი?
Р.S. აჯობებს არაფერი ვთქვა რუსეთისა და უკრაინის თმაშზე, რომლებსაც, ძველი საბჭოთა ტრადიციისამებრ, შინაურულად ვგულშემატკივრობდი. ჰოდა, უკვე ისედაც შინ არიან.
ფოტო: http://www.uefa.com/uefaeuro/draws/
გამოქვეყნებულია: 25.06.2016