“ქართულმა ოცნებამ” მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარება დაიწყო. ოცნების წარმომადგენლები მათ შეურაცხყოფას ედავებიან და შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივიან.
“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება“, – აცხადებენ შსს-ში.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი “ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
“ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისს თქვა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც “ლანძღავს, შეურაცხყოფს, ემუქრება და აბულინგებს“. მაშინ მან არ დააკონკრეტა სახელები და გვარები.