სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მის მმართველ პარტიას “სამოქალაქო თანხმობას“ მოსახლეობის მხოლოდ 15% ენდობა – ასეთია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგი.
გამოკითხვა გასული წლის 27 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 1,561-მა მოქალაქემ მიიღო. მათგან 55%-მა აღნიშნა, რომ არ ენდობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას.
დაბალია ნდობის მაჩვენებელი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების მიმართაც: სერჟ სარგსიანს გამოკითხულთა მხოლოდ 2%, ხოლო რობერტ ქოჩარიანს – 4% ენდობა.
სომხეთის პარლამენტის მმართველი ფრაქციის წევრმა ედუარდ აღაჯანიანმა კვლევაში ეჭვი შეიტანა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციას, რომელმაც ის ჩაატარა, არ იცნობს. “სანდოობა ჩემთვის ბუნდოვანია,“ – განაცხადა მან.
ამავე დროს აღაჯანიანმა დასძინა, რომ მმართველ გუნდს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი:
“არ ვამბობ, რომ ხალხი იმედგაცრუებული არ არის ფაშინიანით ან ხელისუფლებით. ვფიქრობ, ჩვენმა პარტიამ მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენ უფრო ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ საზოგადოების მოლოდინები გავამართლოთ.“
აღაჯანიანმა ასევე აღნიშნა, რომ პარტიის რეიტინგის უფრო ობიექტური კვლევების შედეგების ნახვა სურს, თუმცა კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებს ენდობა, არ დაუკონკრეტებია.
პარლამენტის სპიკერი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს
მაისის დასაწყისში გამართულ ბრიფინგზე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლება ლეგიტიმურადაა არჩეული და 2021 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში არავის შეჰპარვია ეჭვი.
“დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც ამ კვირის ბოლოს ჩატარდეს არჩევნები, “სამოქალაქო თანხმობა“ კვლავ გაიმარჯვებს. არა მხოლოდ გაიმარჯვებს, არამედ 50+1%-საც გადაცდება. 2026 წლისთვის კი, როცა შემდეგი არჩევნებია დაგეგმილი, შედეგი კიდევ უფრო უკეთესი იქნება,“ — განაცხადა სპიკერმა.
კიდევ ერთი გამოკითხვა აჩვენებს, რომ მმართველი პარტიის მაჩვენებლები უკეთესია
პრემიერ ფაშინიანისა და მისი პარტიის მიმართ ნდობის შემცირება დააფიქსირა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც (IRI). მათი გამოკითხვის თანახმად, პრემიერ-მინისტრს მხოლოდ 16% ენდობა.
კითხვაზე – “მომავალ კვირას რომ გაიმართოს არჩევნები ვის მისცემდით ხმას?“ – 20%-მა განაცხადა, რომ მხარს მმართველ პარტიას დაუჭერდა.
ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით მოქმედ რესპუბლიკურ პარტიას მხოლოდ 2% მისცემდა ხმას. იმავე მაჩვენებელს იღებს რობერტ ქოჩარიანის ოპოზიციური ბლოკიც “სომხეთი“.
იმაზე, რომ მმართველი ძალის რეიტინგი მცირდება, მეტყველებს ბოლო ორი არჩევნების შედეგებიც: 2018 წელს ფაშინიანის პარტიას დაახლოებით 885 ათასი მოქალაქე უჭერდა მხარს, 2021 წლის ვადამდელ არჩევნებზე კი ეს მაჩვენებელი თითქმის 200 ათასით შემცირდა.