სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს კანონის საქმეზე განხილვა დაიწყო: გადაწყვეტილება შესაძლოა პრეცედენტული გახდეს
FARA-ს კანონი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა, რომელიც საქართველოს მიერ მიღებულ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ (ე.წ. FARA) ეხება. სტრასბურგმა მიუთითა, რომ საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე სტატუსი მიენიჭოს, რაც მის პრიორიტეტულ განხილვას გულისხმობს.
საქმის დაწყების შესახებ ინფორმაცია 1 აპრილს, თბილისში, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაჟღერდა. საჩივარი სტრასბურგში თავად ორგანიზაციამ, ასევე მედიასაშუალებებმა, “სტუდია მონიტორმა“ და “საქართველოს ამბებმა“ შეიტანეს.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული FARA-ს კანონი 2025 წლის 31 მაისიდან ამოქმედა. ქართული FARA მიზანში იღებს და საქმიანობას უზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. კანონპროექტით FARA-ს გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით. FARA-ს კანონით ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს უცხოური ძალის ჩარევად და ასევე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი – აგენტად.
სადავო კანონი და მისი კონტექსტი
საიას განცხადებით, კანონი, რომელიც 2025 წლის 1 აპრილს “ქართული ოცნების“ მიერ იქნა მიღებული, არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სფეროში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მისი მიზანი დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და მედიის შეზღუდვა, დისკრედიტაცია და დევნაა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენებით.
ხელისუფლება კანონს ამერიკული FARA-ს ანალოგად წარმოაჩენს, თუმცა კრიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ისტორიულად და სამართლებრივად ეს ორი რეგულაცია განსხვავებულ კონტექსტში მოქმედებს. მათი შეფასებით, მსგავსი კანონების პირდაპირი გადმოტანა სხვა სისტემაში ვერ უზრუნველყოფს იმავე შედეგს და ხშირად განსხვავებულ პოლიტიკურ ეფექტებს იწვევს.
სტრასბურგის განხილვის მნიშვნელობა
ევროპული სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღება ყველა წარმოდგენილ მუხლთან დაკავშირებით მიუთითებს მის სერიოზულობაზე. სასამართლოს კორესპონდენციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქმე შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონედ იქნეს მიჩნეული. ეს სტატუსი, როგორც წესი, ენიჭება ფუნდამენტურ სამართლებრივ საკითხებს.
ეს ნიშნავს, რომ:
- საქმე განიხილება პრიორიტეტულ რეჟიმში
- გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს პრეცედენტული
- მისი გავლენა გავრცელდეს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ევროპის საბჭოს წევრ სხვა ქვეყნებზეც
საიას შეფასებით, დავა ეხება ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის:
- გაერთიანების თავისუფლებას (მუხლი 11)
- გამოხატვის თავისუფლებას (მუხლი 10)
- ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლებას (მუხლი 13)
- დისკრიმინაციის აკრძალვას (მუხლი 14)
- უფლებების შეზღუდვის ფარგლებს (მუხლი 18)
სასამართლოს შეკითხვები სახელმწიფოს
საქმის არსებითი განხილვის დაწყებასთან ერთად, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული შეკითხვები გაუგზავნა. ისინი ეხება როგორც კანონის შინაარსს, ისე მის პრაქტიკულ შედეგებს:
- მსხვერპლის სტატუსი – შეუძლიათ თუ არა მომჩივნებს თავი მიიჩნიონ დაზარალებულებად?
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – წარმოადგენს თუ არა მონაცემების წარდგენის ვალდებულება ჩარევას პირად ცხოვრებაში?
- გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება – ზღუდავს თუ არა კანონი ამ უფლებებს?
- სტიგმატიზაცია – აქვს თუ არა ტერმინს “უცხოური აგენტი“ შემაკავებელი და დამაზიანებელი ეფექტი?
- “უცხოური ძალის“ განსაზღვრა – არის თუ არა იგი საკმარისად მკაფიო და ხომ არ ტოვებს ბოროტად გამოყენების სივრცეს?
- სანქციების პროპორციულობა – შეესაბამება თუ არა სანქციები ქმედების სიმძიმეს?
- დისკრიმინაცია – ხომ არ იწვევს კანონი განსხვავებულ, არათანაბარ მოპყრობას?
- ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა – არსებობდა თუ არა რეალური მექანიზმები უფლებების დასაცავად?
- ფარული მიზნები – ხომ არ გამოიყენება კანონი სხვა, არადეკლარირებული მიზნებისთვის, როგორიცაა პოლიტიკური ზეწოლა ან კრიტიკული ხმების ჩახშობა?
სახელმწიფოს პოზიციის წარსადგენად ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 21 ივლისი, რის შემდეგაც პროცესში მომჩივანი მხარე ჩაერთვება საპასუხო არგუმენტებით.
პარალელური პროცესები და ფართო გავლენა
საიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს თითქმის დასრულებული აქვს კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი საქმის განხილვა – 136 ორგანიზაციისა და 4 პირის საჩივარი ე.წ. “რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რაც მიუთითებს, რომ სასამართლო აქტიურად მუშაობს საქართველოში სამოქალაქო სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მთავრობის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, თუმცა ამ სტატუსს განსაკუთრებულ უპირატესობად არ მიიჩნევენ მომჩივნებისთვის. მათი შეფასებით, საბოლოო გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედ ან დაგეგმილ რეგულაციებზეც.
კომენტარი

თამარ ონიანი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე: “ქართული ოცნება“ ამ კანონს ამერიკული FARA-ს („Foreign Agents Registration Act“) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში, ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.
მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას. სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმებით.“