"საქართველოში ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის ქვეშაა" — ევროპის საბჭოს კონგრესმა რეზოლუცია მიიღო
ევროპის საბჭოს კონგრესმა რეზოლუცია მიიღო
ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესმა საქართველოზე მკვეთრად კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 97 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი მხოლოდ 12 იყო.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ კონგრესი “სერიოზულად არის შეშფოთებული“ საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობით. კონგრესის თქმით, ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც წლების განმავლობაში ევროპის საბჭოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრად მიიჩნეოდა.
განცხადების თანახმად, კონგრესმა დაადგინა, რომ ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის ქვეშაა სწრაფი დემოკრატიული უკუსვლის, ადგილობრივ ხელისუფლებებზე ერთპარტიული მმართველობისა და დემოკრატიული სტანდარტების აღსადგენად წარსული რეკომენდაციების არგათვალისწინების ფონზე.
შეფასებაში ხაზგასმულია, რომ დემოკრატიული სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები აღარ არის ერთჯერადი ან იზოლირებული, არამედ სისტემური ხასიათისაა და მოიცავს როგორც ინსტიტუციურ, ისე პოლიტიკურ გარემოს.
კონგრესის შეფასებით, საქართველო სწრაფი დემოკრატიული უკუსვლის ნიშნებს ავლენს. დოკუმენტში საუბარია მაღალ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, ადგილობრივი ხელისუფლებების ერთპარტიულ კონტროლზე და იმ რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებმა წლების განმავლობაში გასცეს.
კრიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, რომლებიც კონგრესის შეფასებით, პოლიტიკური დიალოგისა და კონკურენციის ნაკლებობით გამოირჩეოდა. ანგარიშში, რომელიც ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში მომზადდა, აღნიშნულია ფართომასშტაბიანი ბოიკოტები, საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი და პრობლემური ცვლილებები, ასევე ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და კანდიდატების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის მცდელობებს – მათ შორის აკრძალვებს, დაშინებასა და დაპატიმრების ფაქტებს.
დოკუმენტი ასევე მიუთითებს, რომ განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფები – განსაკუთრებით ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია – სულ უფრო ხშირად ხდებიან სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზეწოლის ობიექტები. კონგრესის შეფასებით, ეს ტენდენცია ზღუდავს ძირითად თავისუფლებებს და ამცირებს საჯარო სივრცის მრავალფეროვნებას.
ერთ-ერთ ყველაზე საგანგაშო გარემოებად დასახელებულია ის ფაქტი, რომ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა საერთაშორისო და შიდა სანდო სადამკვირვებლო მისიების გარეშე – მათ შორის თავად კონგრესის მონაწილეობის გარეშე. ამასთან, არსებული დამკვირვებლების უფლებებიც მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული, რაც კიდევ უფრო ამცირებს პროცესის გამჭვირვალობის ხარისხს.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფა და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენა. შედეგად, ქვეყნის ნახევარ მუნიციპალიტეტებში არჩევნები პრაქტიკულად ერთპარტიულ შეჯიბრებად იქცა, ხოლო დანარჩენებში ოპოზიციური კანდიდატების მიმართ ზეწოლის ბრალდებები გაჩნდა. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებულმა სამართლებრივმა საქმეებმა, კონგრესის შეფასებით, კიდევ უფრო შეამცირა პოლიტიკური პლურალიზმი.
ამ ფაქტორების ერთობლიობამ, დოკუმენტის მიხედვით, ვერ შექმნა ის გარემო, რომელიც აუცილებელია თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური არჩევნებისთვის. კონგრესი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს მის ევროპულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ფარგლებში ნაკისრ პასუხისმგებლობებს.
რეზოლუციის ფარგლებში კონგრესის წევრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ განაახლოს პოლიტიკური დიალოგი ყველა დონეზე ინკლუზიური პროცესის გზით, რომელიც ყველა მხარის მონაწილეობას უზრუნველყოფს და მიზნად ისახავს პოლარიზაციის შემცირებას.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებას ასევე მოუწოდეს:
- შეწყვიტოს ოპოზიციური ხმების კრიმინალიზაცია და გააუქმოს ცვლილებები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ამარტივებს;
- შეასრულოს კონგრესის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის დასკვნები;
- აღადგინოს რეალური ადგილობრივი დემოკრატია ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესაბამისად;
- გააუქმოს საარჩევნო კოდექსის ის ცვლილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს და ზღუდავს საარჩევნო დაკვირვებას, აგრეთვე ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს.
მიუხედავად მკვეთრი კრიტიკისა, კონგრესი აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ შორის მონიტორინგის მისიის ორგანიზების გზით, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების შეფასებას ისახავს მიზნად.