ევროპარლამენტმა საქართველოზე 2023-2024 წლის რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
490 ხმით 147-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა საქართველოზე 2023-2024 წლის რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ანგარიშის შემდეგ, რომელიც გასული წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, საქართველოში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ეს არის ევროპარლამენტის პირველი ანგარიში საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ. ევროპარლამენტმა შეაფასა საქართველოს პროგრესი კომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშების საფუძველზე და მიიღო რეზოლუცია, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას გაწევრიანების კანდიდატ საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ.
რეზოლუცია ასევე იმეორებს, რომ გასული წლის ოქტომბერში გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და “ქართული ოცნების” მთავრობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს, შესაბამისად, ოცნების მიერ მიღებულ ახალ რეპრესიულ კანონმდებლობასაც დელეგიტიმურად მოიხსენიებს.
რეზოლუცია გმობს “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს და სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ თავდასხმებს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს “ქართული ოცნების” რეჟიმის ხელშემწყობი და დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ პიროვნული სანქციების დამოუკიდებლად მიღებისკენ მოუწოდებს.
ანგარიში ასევე მოუწოდებს ქვეყნის SWIFT-ისგან გათიშვისა და სექტორული სანქციების დაწესებისკენ.
რეზოლუციის მიხედვით:
● ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების სისტემურ წამებას.
● მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტების ჩახშობას, კერძოდ, მეტისმეტად დიდი ჯარიმების გზით; გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მოწოდებას ყველა მათგანის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების შესახებ.
● მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურ და სანდო გამოძიებას და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას; შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლო სისტემაში არსებული დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მაღალი რანგის მოსამართლეები მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს ზედამხედველობენ.
● ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მიეცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ევროპულ ინტეგრაციას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს.
● ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ „საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ეჭვის საფუძველზე, “ქართული ოცნების“ მთავრობის ისედაც შემაშფოთებელი ტრაექტორიის მიუხედავად, რომელიც სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს.
● 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება სამართლებრივი გარემოს გაუარესების ფონზე, რაც გამოწვეულია საქართველოს ორგანულ კანონში და საარჩევნო კოდექსში 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებებით, ასევე პოლიტიკური რეპრესიების და ოპოზიციური ძალების გაძლიერებული დევნის ფონზე.
● ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს საქართველომ წინსვლა არ განიცადა და ფაქტობრივად უკუსვლა განიცადა, კომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის ძირითად დებულებებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად.
● ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლისა და 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, რაც ავტორიტარული მმართველობისკენ აშკარა შემობრუნებას, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გარანტიების შემდგომ უკანონო მიტაცებასა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის სერიის მიღებას აღნიშნავს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს.
● ევროპარლამენტი ეთანხმება ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და მოუწოდებს “ქართულ ოცნებას“, დაუბრუნდეს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
● ევროპარლამენტი გმობს 2024 წლის დეკემბრიდან დაახლოებით 700 საჯარო მოხელის გათავისუფლებას, რაც გამოწვეული იყო ევროკავშირის მხარდაჭერის ან ევროკავშირის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობით.
● ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი გადახედვის აუცილებლობას, მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლისა და სულ უფრო რეპრესიული პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული მიღწევებისა და წარმატებულ ევროკავშირის რეფორმებთან დაკავშირებით უკუსვლას, ფუნდამენტურად ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლებას კიდევ უფრო აძლიერებს.
● ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის და სხვა თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურის, თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის, და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობას საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, რადგან მათ ხელი შეუწყვეს დემოკრატიულ უკუსვლას, რამაც გამოიწვია ძალაუფლების ავტორიტარული კონსოლიდაცია და ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონსტიტუციურ მიზანს.
● ამიტომ, მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაწესებულ იქნას მიზნობრივი პერსონალური სანქციები და მოუწოდებს ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს მისი ფინანსური აქტივები.
● ახსენებს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპს, რომელიც მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა თავი შეიკავონ ნებისმიერი ზომისგან, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მიერ მიზნების მიღწევას.
● მოუწოდებს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს, თავიანთი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოზიციებსა და პრინციპებთან შესაბამისობაში მოიყვანონ და მოხსნან ვეტო საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ლეგიტიმური საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.
● გმობს უნგრეთის მთავრობის ცალმხრივ ქმედებებს, რომლითაც „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას ცდილობს.
● ამასთან, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ.
● ევროპარლამენტარები ევროკომისიას ასევე მოუწოდებენ ევროკავშირმა გადახედოს საქართველოს მიმართ პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირ – საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგს.
რეზოლუციაში ასევე წერია:
● არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას ნებისმიერი პოტენციური მონაწილისთვის, ვინც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოელის, და ამასთანავე, ასეთი მონაწილეობა თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ იქნება გამოყენებული არსებული სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის;
● მოსალოდნელი არჩევნები ვერ წარმოადგენს ქართული ხალხის დემოკრატიული არჩევანის გამოხატვის რეალურ შესაძლებლობას, თუ არ გათავისუფლდებიან დაპატიმრებული და დაკავებული ოპოზიციური ლიდერები და თუ არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და სანდო საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს ნამდვილად სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე პროცესს.
კომენტარი

პარტია “ლელო-ძლიერი საქართველს” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ევროპარლამენტის მიერ განხილული რეზოლუცია ნათელს ხდის ყველასთვის, რომ თუ არ მოხდება პოლიტიკური ცვლილებები, თუ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები.
“ევროპარლამენტის მიერ განხილული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უახლოეს მომავალში, 15 ივლისს, საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ევროპული საბჭოს მსჯელობა იგეგმება. ამ უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი, ისტორიული მსჯელობის წინ, ევროპარლამენტის მიერ ძალიან ნათელი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმურად ცნობა, რეჟიმის დასანქცირების აუცილებლობა და ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია ძალიან ნათელს ხდის ყველასთვის, რომ თუ არ მოხდება პოლიტიკური ცვლილებები, თუ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, საფრთხე გვემუქრება, რომ არა მხოლოდ გაიყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც უკვე ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, არამედ დავკარგოთ ისეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარიც კი, როგორიც არის მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.
ეს ნათელს ხდის, მათ შორის, უპირველესად იმ ხალხისთვის, ვინც კიდევ “ქართული ოცნების“ მხარდაჭერებში მოიაზრებს საკუთარ თავს. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც ყველას, ვისაც საქართველოს მომავალი, მისი ევროპული მომავლის ბედი აწუხებს, ძალიან ყურადღებით უნდა გაეცნოს.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.