მედია, პოლიტიკური დევნა, სააკაშვილი და სხვა - ევროპარლამენტმა საქართველოზე კომპრომისული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოზე კომპრომისული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტარებმა დღეს, ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. მიღებული კომპრომისული დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ნახსენები როგორც ოლიგარქი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია ივანიშვილის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია მედიის შევიწროებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, სახალხო დამცველის არჩევის წესზე და ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “ჰუმანიტარული მიზნებით და პოლარიზაციის შესამცირებლად”, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
საგარეო კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციას მხარი 47-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
გუშინ, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა შესწორებების დოკუმენტი, რომელშიც საუბარი იყო 220-მდე შესწორებაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი 12-ჯერ იყო ნახსენები, კონკრეტულად – როგორც ოლიგარქი.
შესწორების ტექსტში არგუმენტები იმისა, რომ ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, სხვადასხვაა: რიგ შემთხვევაში ეს უკავშირდება უკრაინაში წარმოებულ რუსულ ომსა და მის ხელშეწყობას საქართველოს, კონკრეტულად კი ივანიშვილის მხრიდან.
რა წერია კომპრომისულ დოკუმენტში
● ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელი ინტერესების, გადამეტებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, კომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტის სახით, რომელიც უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
● ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შეწყვიტონ სიტყვიერი თავდასხმები ევროპარლამენტის წევრებისა და ევროატლანტიკური პარტნიორების სხვა წარმომადგენლების მიმართ, როგორიც არიან ევროკავშირი და შეერთებული შტატები და ასევე, შეაჩერონ უსაფუძვლო და დამაზიანებელი რიტორიკა, რომელიც ამტკიცებს საერთაშორისო პარტნიორების სავარაუდო ზრახვებს საქართველოს ომში ჩასათრევად. ევროპარლამენტი შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოში არსებულ მზარდ ანტიდასავლურ პროპაგანდას, დეზინფორმაციას და რიტორიკას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი საზოგადოების მაღალ და უცვლელ მხარდაჭერასთან
● ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მუშაკების, მფლობელების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტი იხსენიებს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიასაშუალებების, ფორმულასა და ტვ პირველის დირექტორთა და მფლობელთა საქმეებსაც. ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას, რომ სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს ძალაში დატოვა ნიკა გვარამიასთვის საეჭვო ბრალდებების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი.
● მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება და მას, ჯერ კიდევ აკლია სათანადო ზრუნვა, რომელიც იწვევს შიშს მის სიცოცხლესთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანოს, ეს ასევე იქნება საშუალება იმისა, რომ დასრულდეს ღრმა პოლარიზაცია.
შესწორების ალტერნატიულ დოკუმენტში ნახსენებია სახალხო დამცველი და დადებითად არის შეფასებული ნინო ლომჯარიას როლი სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტის მუშაობასთან დაკავშირებით და ნეგატიურად არის შეფასებული ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველზე გახშირებული თავდასხმები. ამასთანავე, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალედ აირჩიონ ახალი სახალხო დამცველი.
● გადამწყვეტი 180 დღე. რა უნდა მოასწროს საქართველომ დეკემბრამდე, თუ ევროკავშირთან დაახლოება უნდა
● 10 წელი “ქართულ ოცნებასთან”. სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ოცნების მმართველობას აფასებენ
● უკრაინამ ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა
13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.