RFE/RL: ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი ითხოვს სანქციებს საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებისთვის
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი 4 ივნისს მიიღებს დოკუმენტს, რომელშიც კიდევ ერთხელ მოითხოვენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების საშუალო და დაბალი რანგის მოხელეების დასაქნცირებას. “რადიო თავისუფლებამ” მოიპოვა შეჯერებული ანგარიშის საბოლოო ვერსია.
14-გვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს პირობებით მიენიჭა, ხოლო “ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს არ ჰქონია პროგრესი პრიორიტეტულ მიმართულებებში და პირიქით, რეგრესიც განიცადა.
ანგარიშში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მოხსენიებულია, როგორც “გაყალბებული არჩევნები“, რომელიც გახდა “ავტორიტარული რეჟიმისკენ შემობრუნების წერტილი.“ ანგარიშის ავტორების თქმით, სწორედ ამ არჩევნების შემდეგ მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული დაცვის მექანიზმების უკანონო მიტაცება.
კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს “პოლიტიკური პატიმრების მზარდი რიცხვის გამო“ და ყველა მათგანის გათავისუფლებას მოითხოვს. ამასთან, ანგარიშში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გამოყოფს “ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და ამბობს, რომ ჟურნალისტი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში “გაყალბებული ბრალდებებით“.
ანგარიშში საუბარია არჩევების საკითხზეც – კერძოდ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი იმეორებს, რომ არსებული “პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის“ გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით.
კომიტეტი წერს, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს მომდევნო თვეების განმავლობაში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლების დაკვირვებით.
კომიტეტი ასევე ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც პარტია “ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის “გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების” შემდეგ შექმნა, ხოლო საქართველოს კი მიიჩნევს პარტია “ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ“.
კომიტეტი ასევე:
- გმობს 700-მდე საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას 2024 წლის დეკემბრის შემდეგ, მათ მიერ პროევროპული პროტესტის მხარდაჭერის გამო;
- გმობს პარტიის მაღალი რანგის პირთა, პარლამენტარებისა და მთავრობასთან აფილირებული მედიის მიერ ევროკავშირის შესახებ რეგულარულ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს;
- ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე, პასუხისმგებელ პირებს შორის ასახელებს ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, კახა კალაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს;
- მოუწოდებს ევროკავშირს, სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები“;
- კომიტეტი ასევე გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ევროკავშირის საბჭოში ივანიშვილის სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების “ობსტრუქციას“ და “უნგრეთის მთავრობის მიერ “ქართული ოცნებისათვის“ ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობას“.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საუბრობს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც და მას უწოდებს “კიდევ ერთ გამოცდას” საქართველოს დემოკრატიისათვის. კომიტეტი მოუწოდებს ოპოზიციას, რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა “ქართველი ხალხის ნება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად არეკლილ იქნეს“.
ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გამოდის მოწოდებით, რომ მუნიციპალური არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ჩაატარებს “დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი” საარჩევნო ადმინისტრაცია.
ამ კონტექსტში კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო გაუარესებით მუნიციპალური არჩევნების წინ. ამასთან, კომიტეტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მოუწოდებს, რომ განიხილოს დამატებით ინდივიდუალური სანქციები, თუკი მუნიციპალური “არჩევნები არ ჩატარდება ისე, როგორც ეს შეესაბამება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს“.